იუვემ დაადასტურა: დიახ, ჯეკო გვინდა!

AutoSharing Option
ამას წინათ იტალიურ "ტუტოსპორტზე" დაყრდნობით ვწერდით, რომ ტურინის "იუვენტუსი" "ვოლფსბურგისა" და ბოსნიის ნაკრების ფორვარდ ედინ ჯეკოთი დაინტერესდა. ამ უქმეებზე კი, "ბებერი ქალბატონის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ეს ცნობა ოფიციალურად დაადასტურა. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, 24 წლის ჯეკო "ბებერ ქალბატონში" გადავიდეს.

მაგრამ მაროტამ ისიც იცის, რომ "ვოლფსბურგთან" მოლაპარაკება რთული იქნება. "გერმანული კლუბის ხელმძღვანელები ჯეკოს სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას ითხოვენ, კერძოდ, 40 მილიონ ევროს, მაგრამ ჩვენ არაფრისდიდებით არ დავნებდებით და იმის იმედი გვაქვს, რომ
თვითონ ფეხბურთელს ძალიან უნდა ჩვენთან გადმოსვლა," - განუცხადა მაროტამ "ტუტოსპორტს" და იქვე დასძინა, რომ "იუვემ" უკვე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი სერბეთის ნაკრების მარჯვენა ნახევარმცველ მილოშ კრასიჩზე. მაროტას თქმით, ტურინული გრანდის უპირველესი სამიზნე ახლა ჯეკოა.

ბოსნიელი ფეხბურთელი კი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში იმედოვნებს, რომ "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელები მას ტრანსფერში ხელს არ შეუშლიან. შეგახსენებთ, რომ ჯეკოს "ვოლფსბურგთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს. ხელშეკრულებაში წერია, რომ ჯეკოს მსურველმა 40 მილიონი უნდა გადაიხადოს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მაროტა "ვოლფსბურგს" 30 მილიონს და ორ ფეხბურთელს, მომო სისოკოსა და კრისტიან პოულსენს შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ჯეკოს გადაბირებისთვის "მანჩესტერ სიტიც" იბრძვის. ინგლისური კლუბის იტალიელმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბოსნიელი გოლეადორის გადაბირების სურვილი პარასკევს დაადასტურა. "სიტი" ჯეკოს სავარაუდოდ, უფრო მაღალ ხელფასს შესთავაზებს, მაგრამ ედინი ამბობს, რომ მისთვის მთავარი არა ფული, არამედ პერსპექტივაა. პერსპექტივას კი, ჯეკო "იუვენტუსში" უფრო ხედავს, ვიდრე "მანჩესტერ სიტიში"...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული