"ლა გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, სწორედ ლივერპულში ყოფნისას მიიღო ბენიტესმა "ინტერის" ოფისიდან ელექტრონული წერილი, რომელიც აუწყებდა, რომ გათავისუფლებული იყო. მოკლედ, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, თამამად შეგვიძლია, რაფა ნერაძური ყოფილ დამრიგებლად მოვიხსენიოთ.
იტალიური სპორტული მედია დროს უქმად არ კარგავს და უკვე
კიდევ ერთ კანდიდატად ლუჩანო სპალეტის მოიხსენიებდნენ, მაგრამ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" მის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ეს ვარიანტიც ავტომატურად გამოირიცხა.
ავტორიტეტული ბრიტანული ვებგვერდი Goal.com კი იუწყება, რომ წარსულში სახელგანთქმული მეკარე და ამჟამად არაბული "ალ ნასერის" თავკაცი ვალტერ ძენგა მზადაა, ახლანდელი კლუბი დაუყოვნებლივ დატოვოს და "ინტერს" მიაშუროს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ განცხადებას იგი კონკრეტული შეთავაზების გარეშე არ გააკეთებდა.
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, გუშინ მორატი ბენიტესის გათავისუფლებასაც უარყოფდა და მის პოტენციურ შემცვლელებთან მოლაპარაკებებსაც. "შექმნილი სიტუაცია გამოსავლის ძებნისკენ გვიბიძგებს. "ინტერის" მწვრთნელი ბენიტესია და არც სხვა მწვრთნელებთან გვილაპარაკია. ახლა ამ თემაზე მეტის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა "ინტერის" პრეზიდენტმა.
ბოლოს კი იმ თემას შევეხოთ, რამაც ბენიტესს მკვეთრი განცხადებების გაკეთებისკენ უბიძგა. ალბათ მიხვდით, რომ "ინტერის" სატრანსფერო პოლიტიკას ვგულისხმობთ. შეგახსენებთ, რაფამ საკლუბო მუნდიალის მოგების შემდეგ კლუბს ღიად მოსთხოვა სამი-ოთხი მაღალი დონის ფეხბურთელის შეძენა, რაზეც მორატისგან მკვახე უარი მიიღო.
"ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა რინალდო გელფიმ კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ "ინტერმა" მიმდინარე სეზონში დანახარჯები მკვეთრად შეამცირა.
რასაკვირველია, ეს პროცესი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას უკავშირდება. ზაფხულში მილანელებმა "მანჩესტერ სიტის" მარიო ბალოტელი მიჰყიდეს, მისი კალიბრისა და ღირებულების ფეხბურთელი კი არ უყიდიათ. ამის მიუხედავად, "ინტერის" ჯიბე იტალიაში მაინც ყველაზე სქელია. ამ სეზონში კლუბის სახელფასო ფონდი 205-დან 234 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით მიღებულმა შემოსავლებმა უზრუნველყო.
მორატის განცხადების მიუხედავად კი მაინც არაა გამორიცხული, რომ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ინტერმაც" შეიაროს. გუშინ გაირკვა, რომ მილანელები "უდინეზეს" ჩილელი ფლანგელის, 20 მილიონ ევროდ შეფასებული 22 წლის ალექსის სანჩესის შეძენით არიან დაინტერესებულნი.
50 წლის ბენიტესს კი უმუშევრად დიდხანს დარჩენა არ უნდა ემუქრებოდეს. ბრიტანულ პრესაში უკვე გაიჟღერა ვარაუდმა, რომ "ლივერპულის" ხელმძღვანელობა მალე როი ჰოჯსონს დაითხოვს და კლუბში ბენიტესს დააბრუნებს.