იტალია. სერია A. XII ტური: მილანური ზავი [VIDEO]

AutoSharing Option
* ანტონიო დი ნატალემ ჩემპიონატში მე-200 გოლი მე-400 მატჩში გაიტანა.

* "ჯენოას" მეკარე მატია პერინი პოლიციამ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის დააკავა.

* "პარმას" თავკაც რობერტო დონადონის ალბათ გაუშვებენ და მის ნაცვლად ერნან კრესპოს დანიშნავენ.

მე-12 ტურის მთავარი მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანი" და "ინტერი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და შესაბამისად, ქულები გაიყვეს. მატჩი თანაბარი გამოდგა, თუმცა მეტი ხიფათი მაინც "ინტერის" კართან შეიქმნა და შესაბამისად, შედეგით ალბათ უფრო ნომინალური სტუმრები დარჩნენ კმაყოფილნი. ტურის დანარჩენ შეხვედრებზე ქვემოთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოსალოდნელზე ადვილად

ტურის წინასიტყვაობაში ვწერდით, რომ წინ ორი დიდი ჯახი გველოდა: ერთი მილანში, ხოლო მეორე რომში, სადაც "იუვენტუსი" "ლაციოს" სტუმრობდა. "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართულ შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა, "იუვენტუსმა" სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და პრობლემების გარეშე გაიმარჯვა.

ორი გოლი პოლ პოგბას ანგარიშზეა, ერთი კი კარლოს ტევესმა მიითვალა აქტივში. სტუმრებმა სამივე გოლი ეფექტური კომბინაციების შედეგად გაიტანეს, განსაკუთრებით კი, ეს მაინც პოგბას მეორე გოლზე ითქმის, როდესაც რობერტო პერეირასგან შესანიშნავი გადაცემა მიიღო და სამსვლიანი კომბინაცია უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ კვლავ 4-4-2 ტაქტიკა აირჩია და მისმა გუნდმა ისევ დამაჯერებლად მოიგო - წინა ტურში 7:0 "პარმასთან" და ამჯერად, 3:0 "ლაციოსთან". როგორც ჩანს, ალეგრი საბაზო ტაქტიკას ცვლის და ამიერიდან, 4-4-2-ზე შეაჩერებს არჩევანს.

დავკონკრეტდეთ და აღვნიშნოთ, რომ ალეგრის შუახაზი რომბისებურია, საყრდენად ანდრეა პირლოა გამწესებული, ფორვარდთა უკან რობერტო პერეირა ირჯება, პოლ პოგბა და კლაუდიო მარკიზიო კი ფლანგებზე მოქმედებენ. ამჯერად, თადარიგში დარჩა არტურო ვიდალი და მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. საიმედო იყო ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის ცენტრალურ მცველთა ტანდემი, მარჯვნივ შტეფან ლიხტშტაინერი უკონკურენტოა, მარცხნივ კი კვადვო ასამოას და პატრის ევრას არყოფნაში, სიმონე პადოინი ამაგრებს პოზიციას. ვნახოთ, რა გამოუვა ალეგრის, რომელიც მატჩის შემდეგ მეტად კმაყოფილი იყო:

"ძალიან კარგად ვითამაშეთ და სამი ქულა დამსახურებულად ავიღეთ. როდესაც ასეთ ძლიერ მეტოქეს უშანსოდ დატოვებ, რთულია, რომ უკმაყოფილო იყო. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა, რადგან "რომამაც" მოიგო. პოგბას თამაში მართლაც გამოსარჩევია - გარდა იმისა, რომ ორი გოლი გაიტანა, დაცვაში უდიდესი სამუშაო შეასრულა. პერეირა პროგრესირებს და მისით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რეალიზაციაში მოიკოჭლებს. პირლო ათი დღე არ ვარჯიშობდა, მაგრამ ბრწყინვალედ ითამაშა. როდესაც მოედანზე ანდრეაა, ვიცით, რომ დაცვას და შეტევას შორის კავშირი არ გაწყდება. ახალი ტაქტიკა? - ჩვენს არსენალში რამდენიმე სქემაა, რომლებსაც თანაბარი წარმატებით ვიყენებთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

3 ქულა ბერგამოში
"რომა" ბერგამოში ჩავიდა და იქაური "ატალანტა" დაამარცხა - 2:1. არადა, მატჩი მასპინძელთათვის იდეალურად დაიწყო, რადგან მაქსი მორალესმა პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში. სტუმართა დაცვის მარჯვენა ფრთა ჩავარდა, იქიდან გაკეთებულ დაბალ გადაცემას კი სწორედ მორალესი გამოეხმაურა და უზუსტესი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია.

რომაელები მალევე მოეგნენ გონს და შეტევაზე გადავიდნენ, ანგარიში კი ადემ ლიაიჩმა შესანიშნავი რეიდის და უზუსტესი დარტყმის შემდეგ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი რაჯა ნაინგოლანის ანგარიშზეა, რომელმაც ეფექტური კომბინაცია დააგვირგვინა. მეორე ნახევარში უფრო ხშირად მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ "რომას" დაცვა უშეცდომოდ თამაშობდა.

კოსტას მანოლასს გამოჯანმრთელებული დავიდე ასტორი შეუწყვილდა, ამ ტანდემმა კი დაცვის ცენტრი საიმედოდ გაამყარა. მთლიანობაში, სტუმრებმა მხოლოდ ორჯერ დაარტყეს ზუსტად და ორივეჯერ გოლი გავიდა - ამიტომ ნამატჩევს რუდი გარსია ბოლომდე კმაყოფილი არ იყო:

"მიზნად სამი ქულის აღება დავისახეთ და შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაში ნამდვილად არ მომეწონა. შეტევაში ინერტულნი ვიყავით და გაგვიმართლა, რომ საგოლე მომენტების უმეტესობა გოლად ვაქციეთ. ბუნებრივია, ეს ფაქტი მაშფოთებს და ვიტოვებ იმედს, რომ მომდევნო შეხვედრაში უკეთ შევუტევთ. სამაგიეროდ, დაცვით ფაზაში ვივარგეთ და მეტოქეს ბევრი არაფრის საშუალება მივეცით. ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა, ამისთვის კი ხარვეზების აღმოფხვრაა საჭირო".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფრეები
"ნაპოლიმ", "სამპდორიამ" და "უდინეზემ" თავიანთი შეხვედრები ფრედ დაასრულეს. არადა, ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან - ყოველ შემთხვევაში, სატურნირო ცხრილი სწორედ ამას გვკარნახობს. ნაქებმა "სამპდორიამ" მოკრძალებულ "ჩეზენას" ვერ მოუგო, "უდინეზემ" კი საკუთარ კედლებში აუტსაიდერ "კიევოს" ვერაფერი დააკლო.

ცალკე სალაპარაკო თემაა "ნაპოლი", რომელმაც მიჯრით მოიგო ორი ურთულესი მატჩი და სასკუდეტო ამბიციები დაიბრუნა, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე - რაფა ბენიტესის გუნდი კვლავაც არასტაბილურია და "კალიარისთან" პაექრობამ ეს ნათლად დაგვანახვა. ნეაპოლელები ორჯერ იგებდნენ, ერთხელ სულაც ორი ბურთის სხვაობით, მაგრამ საბოლოოდ, ქულას დასჯერდნენ. როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზური იქნება.

სერია A. XII ტური
22 ნოემბერი
ატალანტა-რომა 1:2
გოლები: 1:0 მორალესი (1), 1:1 ლიაიჩი (23), 1:2 ნაინგოლანი (42)
ატალანტა (4-4-2): სპორტიელო - ბელინი, სტენდარდო, კერუბინი, დრამე - კარმონა, ბაზელი (69. გრასი), რაიმონდი, გომესი (75. ბიანკი) - მორალესი, დენისი (75. ბოაკე)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი (49. სომა), ასტორი, მანოლასი, კოული - პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი - იტურბე (59. ფლორენცი), ლიაიჩი (82. კეიტა), დესტრო
გაფრთხილება: მორალესი, კარმონა - ასტორი, ნაინგოლანი, პიანიჩი, ტოროსიდისი, კეიტა
გაძევება: ბოაკე (90. ატალანტა)
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 26-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-4 (1-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 20 000

ლაციო-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 პოგბა (24), 0:2 ტევესი (55), 0:3 პოგბა (64)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა (87. კავანდა), დე ვრი, ცანა, ბრაავჰეიდი - პაროლო, ბილია, ლულიჩი - კანდრევა, კეიტა (57. ანდერსონი), კლოზე (57. ჯორჯევიჩი)
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი - პირლო (77. ვიდალი), პოგბა, მარკიზიო, პერეირა (73. მატიელო) - ტევესი, ლორენტე (61. მორატა)
გაფრთხილება: ბასტა, ლულიჩი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი
გაძევება: პადოინი (70. იუვენტუსი)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 9-7 (4-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 55 000

23 ნოემბერი
ტორინო-სასუოლო 0:1
გოლი: 0:1 ფლორო ფლორესი (87)
ტორინო (3-4-2-1): ჟილე - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი, გაცი, პერესი (90. მარტინესი), ვივესი (65. ნოჩერინო) - ელ ქადური, მინო (46. ფარნერუდი) - კვალიარელა
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - მისიროლი, მანიანელი, ბრიგი (84. ტაიდერი) - ბერარდი, სანსონე (75. ფლორო ფლორესი), ძაძა (74. ფლოკარი)
გაფრთხილება: პერესი, გაცი - კანავარო, პელუზო, ძაძა
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8-12 (5-6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 17 000

ჩეზენა-სამპდორია 1:1
გოლები: 1:0 ლუკინი (60), 1:1 ნიცა (77-ს. კ.).
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო (74. ნიცა), კაპელი (58. ვოლტა), ლუკინი, მაძოტა - კარბონერო, ჯორჯი, კაშონე - ბრიენცა (83. ჯურიჩი) - დეფრელი, ალმეიდა
სამპდორია (4-3-3): რომერო - დე სილვესტრი, სილვესტრი, გასტალდელო, რეჯინი - პალომბო, ობიანგი, სორიანო - ედერი (80. ბერგესიო), გაბიადინი (72. სანსონე), ოკაკა
გაფრთხილება: კაპელი, ბრიენცა (ჩეზენა)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6-16 (3-7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 18 000

ვერონა-ფიორენტინა 1:2
გოლები: 0:1 გონსალო (16), 1:1 ლოპესი (39), 1:2 კუადრადო (62)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - გონსალესი, მარკესი, მორასი, აგოსტინი - ობადი (9. კამპანიარო), პანაიოტისი (82. სავიოლა), ალფრედსონი (71. ხრისტოდოლოპულოსი) - იონიცა, ლოპესი, ტონი
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - ბასანტა, გონსალო, სავიჩი - ალონსო (63. ვარგასი), ბორხა ვალერო, პისარო, ფერნანდესი, კუადრადო - ხოაკინი (77. ბაბაქარი), გომესი (82. კურტიჩი)
გაფრთხილება: კამპანიარო, ხრისტოდოლოპულოსი - ნეტო, ბასანტა, პისარო, ბორხა ვალერო
კუთხური: 6-10; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-11 (3-6); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 22 000

პარმა-ემპოლი 0:2
გოლები: 0:1 ვეჩინო (45), 0:2 ტავანო (56).
პარმა (3-5-2): იაკობუჩი - სანტაკროჩე (83. პოცი), ფელიპე, კოსტა - რისტოვსკი (58. პალადინო), ასკუა, ლოდი, გალოპა (58. მაური), გობი - კასანო, ბელფოდილი
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, მარიო რუი (59. ბარბა), რუგანი, ტონელი - ვეჩინო, ვალდიფიორი, კროჩე - ვერდი (73. ლაქსალტი) - მაკარონე, ტავანო (78. პუჩარელი)
გაფრთხილება: გალოპა, ლოდი, ასკუა, ბელფოდილი - მაკარონე
კუთხური: 6-10; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 7-6 (2-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 16 000

ნაპოლი-კალიარი 3:3
გოლები: 1:0 იგუაინი (11), 2:0 ინლერი (30), 2:1 იბარბო (38), 2:2 ფარიასი (47), 3:2 დე გუზმანი (62), 3:3 ფარიასი (67)
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ენრიკე, კულიბალი, გულამი - გარგანო, ინლერი (63. ლოპესი) - კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი (82. ბრიტოსი) - იგუაინი
კალიარი (4-3-3): კრანიო - ბალცანო, როსეტინი, პიზანო (83. კაპუანო), კაპიტელი - დესენა (77. დონსა), ეკდალი, კრიშეტიგი - ფარიასი, იბარბო (90. კაიო), კოსუ
გაფრთხილება: კულიბალი - პიზანო, ფარიასი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 13-10 (6-8); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 35 000

უდინეზე-კიევო 1:1
გოლები: 1:0 დი ნატალე (45), 1:1 რადოვანოვიჩი (74)
უდინეზე (4-4-2): კარნეზისი - დომიცი, დანილო, ერტო, პირისი (76. ფერნანდესი) - ბადუ (70. ვიდმერი), ალანი, გილიერმე, პინცი (83. საპატა) - ტერო, დი ნატალე
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, დაინელი, გამბერინი, ზუკანოვიჩი - ისკო, ბირსა (87. კოფიე), სკელოტო (59. ბელომო), რადოვანოვიჩი - პელისიერი (66. ლოპესი), პალოსკი
გაფრთხილება: პინცი, დი ნატალე, ტერო - დაინელი, ფრეი.
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 7-12 (3-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 15 000

მილანი-ინტერი 1:1
გოლები: 1:0 მენეზი (23), 1:1 ობი (61)
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - რამი, საპატა, მექსე, დე შილიო - ბონავენტურა, ესიენი, მუნტარი (76. პოლი) - ელ შაარავი, მენეზი, ტორესი (73. ჰონდა)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, რანოკია, ჟუანი, დოდო - გუარინი, კუზმანოვიჩი, ობი (72. ერნანესი) - კოვაჩიჩი - პალასიო, იკარდი (89. ოსვალდო)
გაფრთხილება: მექსე, ბონავენტურა - ჟუანი, ობი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 6-7 (2-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 80 000

24 ნოემბერი
ჯენოა-პალერმო 23:45

ბომბარდირები: 9 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 7 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), მაურო იკარდი (ინტერი); 6 - კეისუკე ჰონდა (მილანი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ლაციო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი).

მომდევნო ტური
29 ნოემბერი:
სასუოლო-ვერონა, კიევო-ლაციო

30 ნოემბერი:
კალიარი-ფიორენტინა, ჩეზენა-ჯენოა, ემპოლი-ატალანტა, მილანი-უდინეზე, პალერმო-პარმა, იუვენტუსი-ტორინო, რომა-ინტერი

1-ლი დეკემბერი:
სამპდორია-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული