რა ეშველება კალჩოს? იტალიური ფეხბურთის ლეგენდები კრიზისსა და გამოსავალზე

AutoSharing Option
ახლო წარულში იტალიური ფეხბურთი მსოფლიოში დომინირებდა. მაშინ ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ სულ მალე კალჩო ასეთ კრიზისში აღმოჩნდებოდა.

მაგალითად, 2006 წელს "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, იმავე სეზონში კი "მილანი" ჩემპიონთა ლიგას დაეუფლა. ეს ის "მილანია", დაცვაში ალესანდრო ნესტა და პაოლო მალდინი რომ ჰყავდა, ნახევარდაცვაში ანდრეა პირლო, კლარენს ზეედორფი, რინო გატუზო და კაკა, შეტევაში კი ფილიპო ინძაგი და ანდრეი შევჩენკო.

იმ ფორმაციის "მილანმა" კარლო ანჩელოტის მუშაობის 8-წლიან პერიოდში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ ფინალში ითამაშა, სკუდეტოს კი ერთადერთხელ დაეუფლა -
დიახ, გუნდი, რომელიც ევროპაში დომინირებდა, იტალიაში სულაც არ იყო საუკეთესო.

ეს ის პერიოდია, როდესაც "ინტერში" ხავიერ ძანეტი, ვალტერ სამუელი, ლუიშ ფიგუ, დეიან სტანკოვიჩი, სებასტიან ვერონი, ადრიანო და სხვა ვარსკვლავები ბრწყინავდნენ, "იუვენტუსს" კი შეტევაში ალესანდრო დელ პიერო, დავიდ ტრეზეგე და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავდა, რომელთა უკან თვით პაველ ნედვედი ირჯება.

სხვა გუნდების შემადგენლობების გახსენებაც შეიძლება, მაგრამ შორს წაგვიყვანს და სჯობს იტალიის ნაკრებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მარჩელო ლიპის თავდასხმაში ჰყავდა ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო დელ პიერო, ფილიპო ინძაგი და ლუკა ტონი. მარტო ამ ოთხეულის ჩამოთვლა საკმარისია წარმოდგენის შესაქმნელად; დაცვის ცენტრი ლიპიმ ფაბიო კანავაროს და ალესანდრო ნესტას ჩააბარა და როდესაც ეს უკანასკნელი დაშავდა, მისი ადგილი მარკო მატერაციმ დაიკავა, ვინც შემდეგ მუნდიალის ერთ-ერთი გმირიც გახდა - ბევრისთვის ანტიგმირი, მაგრამ იტალიელთათვის ნამდვილად გმირი.

8-10 წლის წინ, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იტალიის ნაკრების თავდასხმის ხაზი "სასუოლოს" და "საუთჰემპტონის" ფორვარდებით იქნებოდა დაკომპლექტებული.

დიახ, სიმონე ძაძა და გრაციანო პელე "აძურას" ახალი ვარსკვლავები არიან.

ძველი გვარდია
იტალიურ ფეხბურთს ჯერ კიდევ შემორჩნენ ის ნამდვილი ვარსკვლავები, რომლებმაც 2006 წელს მუნდიალი მოიგეს. 6 დიდი ჩემპიონი, რომლებიც ისევ თამაშობენ და თანაც, უმაღლეს დონეზე.

იტალიურ სპორტულ პრესაში საინტერესო მასალა გამოქვეყნდა, სადაც კალჩოს პრობლემებზე სწორედ დიდი ჩემპიონები მსჯელობენ. ამასთან, სამომავლო გეგმებზე საუბრობენ, რადგან მათი კარიერაც დასასრულს უახლოვდება.

ქვემოთ, 6 დიდ ჩემპიონს უნდა მოვუსმინოთ და აქვე დავძინოთ, რომ მათ გარდა, ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ ალესანდრო დელ პიერო და მარკო მატერაცი - მართალია ინდოეთში, მაგრამ მაინც...

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, 36 წლის)
ჩავარდნა ყველა დიდ საფეხბურთო ქვეყანას აქვს და უნდა ვაღიაროთ, რომ საუკეთესო დროება არ გვიდგას. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნაკრები ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ისახავს და არც კლუბები უჩივიან ამბიციების ნაკლებობას.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც საქმეს სწორად მიუდგა. დაგეგმილი რეფომები აუცილებლად გააძლიერებს კალჩოს, ამაში დარწმუნებული ვარ. ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია და ეს ცხადზე უცხადესია.

კარგი იქნებოდა ევროპის ჩემპიონატი იტალიაში ჩატარებულიყო, მაგრამ უეფამ ორჯერ დაგვტოვა თამაშგარეში.

რას ვაპირებ კარიერის დასრულების შემდეგ? - იტალიური ფეხბურთის სამსახურში ვიქნები, თუმცა რა ფორმით, ეს ჯერ არ ვიცი.

ფრანჩესკო ტოტი (რომა, 38)
ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ადრე მეტი ვარსკვლავი გვყავდა. ხშირად ვერ ვხვდებოდი იტალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, რადგან იქ ალესანდრო დელ პიერო, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი და სხვა დიდი ფორვარდები თამაშობდნენ.

დღეს სხვა ვითარებაა და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ მოხდა ასეთი ჩავარდნა. ახალგაზრდებს მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ და როგორც ვიცი, ამ მიმართულებით იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

კარიერის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდი ახალგაზრდებთან მსურს მუშაობა, რათა მათ ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

ანდრეა პირლო (იუვენტუსი, 35)
ეროვნული ნაკრებიდან წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ დამარწმუნეს, რომ "სკუადრა აძურას" ჯერ კიდევ სჭირდება ჩემი სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაინც უჭირთ კონკურენციის გაწევა.

იტალიურ ფეხბურთში ფული უნდა ჩაიდოს, ამისთვის კი ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო.

"იუვენტუსი" ყველაზე კარგი მაგალითია - კალჩოპოლიმ სხვებზე მეტად "ბიანკონერი" დააზარალა, მაგრამ სწორედ ეს გუნდია დღეს მოწინავე პოზიციაზე. თუ მილანური, რომაული და სხვა გუნდები "იუვენტუსს" მიბაძავენ, ამ მოდელს აიღებენ, საქმე წინ წავა. ჩვენი მოვალეობაა, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ, კარიერის დასრულების შემდეგაც კალჩოს სამსახურში ვიქნები.

ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას? - რატომაც არა, ამაზე ხშირად ვფიქრობ.

ლუკა ტონი (ვერონა, 37)
იტალიის ჩემპიონატი დიდ ხანს იყო საუკეთესო ევროპაში, დღეს კი ჩვენზე წინ ესპანეთი, ინგლისი და გერმანია დგანან.

როდესაც "ბაიერნში" გადავედი, დავინახე თუ რა კოლოსალური თანხები იდებოდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში და როგორ მიზანმიმართულად მუშაობდნენ გერმანელები. იმ დროს, ჩვენთან კალჩოპოლის პროცესი იყო და საფეხბურთო ჩინოსნები ერთმანეთს ჭამდნენ.

ბუნებრივია, რომ გერმანელები წინ წავიდნენ, ჩვენ კი რეგრესის გზას დავადექით. მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ კრიზისს მალე დავძლევთ.

რას ვაპირებ კარიერის დასრულების შემდეგ? - გარკვეული პერიოდი დასვენებას ვაპირებ, შემდეგ კი შესაძლოა ჟურნალისტობას მივყო ხელი. საფეხბურთო გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მომწონს და ამ ამპლუაში ღირს ძალების მოსინჯვა.

დანიელე დე როსი (რომა, 31)
იტალიურ ფეხბურთს აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩავარდნა მოკლე დროში დაძლიოს. ახლო წარსულში, სერია A-ში უმძაფრესი კონკურენცია იყო, კოლოსალური თანხები იხარჯებოდა და ბევრ სიკეთესთან ერთად, ამან ამოგვაგდო კიდეც კალაპოდიდან.

საერთაშორისო ასპარეზს სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა და შედეგად, ჩემპონთა ლიგაზე მეოთხე ადგილი დავკარგეთ.

პერიოდულად ისევ მესმის საფეხბურთო კორუფციაში ეჭვმიტანილების და მათი დასჯის აუცილებლობის შესახებ - ვფიქრობ, რეფორმების დროა, კალჩოპოლი კი ისტორიას უნდა ჩაბარდეს. იტალიურ ფეხბურთს ინვესტიციები სჭირდება.

ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი, 33)
ბედნიერი ვარ, რომ იმ დიდ გუნდში ვთამაშობდი, რომელმაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. საოცარი ფეხბურთელების გვერდით მიწევდა თამაში, რომლებსაც მარტოს შეეძლოთ მატჩის ბედის გადაწყვეტა.

დღეს სხვა ვითარებაა, მაგრამ განგაშის საფუძველს მაინც ვერ ვხედავ - იტალიაში ფეხბურთელები ყოველთვის გამოჩნდებიან, საფეხბურთო ჩინოსნებმა კი მათთვის იდეალური გარემო უნდა შექმნან.

ვფიქრობ, კარლო ტავეკიო საქმეს უნარიანად წარუძღვება და შედეგსაც მალე დავინახავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არის ძველი გვარდია?სად არის ვიალი ,ბარეზი,ბაჯო ნამდვილი ლეგენდები სად არიან
ex
29 ნოემბერი 2014 20:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული