იუვენტუსი-ატლეტიკო. გამოხმაურება: ტურინის "იუვენტუსი" ნამდვილი ლიგის წინ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს, მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა.

მართალია, ტურინელებს "ატლეტიკოსთან" საშინაო შეხვედრაში ფრეც აწყობდათ და თითქოს, ეს არ იყო განსაკუთრებულად რთული ამოცანა, მაგრამ ტიფოზებს მაინც ეტყობოდათ მღელვარება - გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "იუვეს" ასევე აწყობდა ფრე, მაგრამ დამარცხდა და ევროპალიგაზე გადაინაცვლა.

ამჯერად, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ტურინულმა გრანდმა სასურველ ფრეს მიაღწია და ჯგუფი მეორე ადგილზე
დაასრულა. მართალია, ორი ბურთით მოგების შემთხვევაში, "იუვე" სულაც პირველ ადგილზე გადიოდა, მაგრამ "ატლეტიკოს" ფორით დამარცხება ურთულესი საქმეა და ამიტომ მასიმილიანო ალეგრიმ რისკისგან თავი შეიკავა.

მატჩზე არაფერია სათქმელი, ფრე ორივე გუნდს აძლევდა ხელს და ამიტომ ზედმეტად ფრთხილი თამაში ვიხილეთ. იყო ბრძოლა მოედნის ცენტრში, ბევრი ჩაწოდება და განივი გადაცემები, მაგრამ სახიფათო მომენტამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. თავად განსაჯეთ, არც ერთ მწვრთნელს ცვლილება არ გაუკეთებია, ასეთი რამ კი თანამედროვე ფეხბურთში ძალზე იშვიათად ხდება. მატჩის შემდეგ "იუვენტუსის" მწვრთნელ-ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს.

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ორი ბურთის სხვაობით მოგება პირველ ადგილზე გაგვიყვანდა, მაგრამ მარცხი ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასი იყო - ამიტომ არ გავრისკეთ და პირველ რიგში, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვზრუნავდით.

ეს რეალობაა და მას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა ვცდილობდით, შეგვეტია და რამდენჯერმე სახიფათო მომენტიც შევქმენით. თავის მხრივ, სტუმრებმაც შემოგვიტიეს და ჯანლუიჯი ბუფონმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა. ჯგუფში პირველ ადგილზეც რომ გავსულიყავით, მერვედფინალში მაინც ძლიერი გუნდი შეგვხვდებოდა. ამიტომ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. მთავარია, რომ პლეი ოფში გავედით, იქ კი შორს შეგვიძლია წასვლა".

ჯანლუიჯი ბუფონი: "ფრე გვყოფნიდა და ბუნებრივია, რომ ეს თამაშის ხასიათზე აისახა. მიუხედავად ამისა, უპირატესობას ჩვენ ვფლობდით და მოგებაც შეგვეძლო. "ატლეტიკო" ევროპის 4-5 საუკეთესო გუნდში შედის და დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონშიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. თუ გავიხსენებთ სატურნირო მდგომარეობას, პირველი სამი ტურის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა - პირველი ადგილი სჯობდა, მაგრამ მთავარი მაინც ჯგუფური ბარიერის დაძლევა იყო".

კარლოს ტევესი: "გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩავრჩით და კარგად მახსოვს, რა მძიმედ გადავიტანეთ ეს წარუმატებლობა. მიმდინარე სეზონში ეს ამოცანა შევასრულეთ და წინ ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა გველოდება. პირველ ადგილზე გასვლა სულაც არ იყო იმის გარანტი, რომ მერვედფინალში იოლ მეტოქეს შევხვდებოდით და საერთოდ, საკითხის ასე დასმა არასწორად მიმაჩნია. მოდით, ის ვთქვათ, რომ პირველ ადგილზე გასული გუნდებიდან "იუვენტუსთან" შერკინება არავის მოუნდება და ეს უკვე ჩვენს სიძლიერეზე მეტყველებს".

არტურო ვიდალი: "ბოლო დღეებში ხშირად მახსენდებოდა "ოლიმპიაკოსთან" გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი და ეს უსიამოვნო განცდას მიტოვებდა. ფეხბურთში დაზღვეული არაფრისგან ხარ და შეიძლებოდა მერვედფინალის გარეშე დავრჩენილიყავით. ასეთ შემთხვევაში, ჩემს პენალტზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ჩვენ მერვედფინალში ვითამაშებთ. ვფიქრობ, ფინალში გასვლა შეგვიძლია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული