"მილანი"-"ნაპოლის" გამოხმაურება: ნაბიჯი სამეულისკენ

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-15 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი "სან სიროზე" შედგა, სადაც "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და დამაჯერებლად მოიგო - 2:0. მთლიანობაში, მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად მოიგეს, თუმცა ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ.

აი, ნეაპოლელებმა კი აშკარად ჩააგდეს თამაში. მილანელთა ორივე გოლი ეფექტური გამოვიდა - თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც ჟერემი მენეზმა ჯაკომო ბონავენტურას პასი მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში შეაგორა. რაც შეეხება მეორე გოლს, თავური დარტყმით ბონავენტურა გამოირჩა.

ფილიპო ინძაგის შეგირდებს კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდათ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში
სცოდავდნენ. მომენტები სტუმრებმაც შექმნეს, მაგრამ დიეგო ლოპესი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მატჩის შემდეგ მწვრთნელ-ფეხბურთელებმა კომენტარები ჩამოარიგეს...

ფილიპო ინძაგი (მილანი): "წინა ტურში გენუაში განცდილი მარცხის შემდეგ თავი ვერ მოვთოკე და პირველად ავუწიე ხმას ფეხბურთელებთან ურთიერთობისას. ამჯერად, ვამაყობ ჩემი შეგირდებით და ვთვლი, რომ საუკეთესო თამაში აჩვენეს. ეს იყო ნაბიჯი სამეულისკენ, თუმცა მთავარი ბრძოლები წინაა. ხშირად გვაკრიტიკებენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ გუნდი შენების პროცესშია და ასეთ დროს სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ურთულესია. მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ და დროთა განმავლობაში შრომა დაგვიფასდება".

რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი): "ჟერემი მენეზმა სწრაფი გოლი გაგვიტანა და რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. მეორე ნახევარში შევეცადეთ ვითარების გამოსწორებას, მაგრამ ისევ სწრაფი გოლი მივიღეთ და შემდეგ უკვე დაკარგულის ანაზღაურება ვეღარ შევძელით. არა რომელიმე პატარა გუნდს, არამედ "მილანს" ვეთამაშებოდით, რომელსაც არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავს. მაქსიმალური მობილიზება გვმართებდა, მაგრამ რაღაც დავაკელით. მიუხედავად ამისა, კატასტროფული არაფერი მომხდარა, წინ კიდევ ბევრი ტურია, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა კი ბოლომდე გაგრძელდება".

ჟერემი მენეზი (მილანი): "კარგ ფორმაში ვარ, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ მთავარი ჩვენი გუნდის წარმატებაა. მწვრთნელისგან განსაკუთრებულ ნდობას ვგრძნობ და ეს ფეხბურთელისთვის ყველაზე მთავარია. ამიტომ ჩემი გოლებით ინძაგის მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, "მილანს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია და იმედია, ეს ასეც მოხდება".

ტორესი მიდის?
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "მილანმა" ფერნანდო ტორესი "ჩელსიში" დააბრუნოს. კლუბებს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, იტალიელებს შეუძლიათ, რომ ფეხბურთელი ამავე ზამთარს გააბრუნონ უკან და შესაძლოა, ეს პუნქტი ამოქმედდეს კიდეც.

30 წლის ტორესი "მილანს" ვერ შეეწყო და ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. ამასთან, ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და მისი პოზიციები აშკარად შესუსტებულია. ამ თემაზე კომენტარი "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:

"ფერნანდო ტორესი ჯერ ვერ გაიხსნა, მაგრამ მჯერა, რომ ჩავარდნას თავს დააღწევს და გოლებსაც გაიტანს. შესაბამისად, მისი ზამთარში გაშვება ჩვენი სურვილი არაა. თუმცა, სატრანსფერო პერიოდი ყოველთვის მოულოდნელობით არის აღსავსე და შესაბამისად, ვერც ვერაფერს გამოვრიცხავთ. თავად ფეხბურთელის პოზიციაც საინტერესოა, მას უახლოეს დღეებში დაველაპარაკები".

ადრიანო გალიანის კომენტარი კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ ფერნანდო ტორესის ლონდონში გაბრუნების საკითხი აქტუალურია და "მილანში" ეს თემა განიხილება. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ტორესის ისტორია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული