სერია A-ს კლუბების საშობაო გეგმები

AutoSharing Option
საშობაო შესვენება ახლოვდება, წინ ზამთრის სატრანსფერო სეზონია და ბუნებრივია, კლუბები ახალი ფეხბურთელების შესაძენად ემზადებიან. ზამთარში, მეტწილად, საიჯარო ხელშეკრულებები ფორმდება, თუმცა აქა-იქ სრულფასოვანი ტრანსფერებიც იჩარხება. საინტერესოა, რას აპირებენ სერია A-ს ბინადრები...

ქვემოთ, წამყვანი იტალიური კლუბების სატრანსფერო გეგმებზე ვისაუბრებთ და საინტერესო კომენტარებს გაეცნობით.

"იუვენტუსი"
გასულ ზაფხულს ყველაზე აქტუალური პოლ პოგბას და არტურო ვიდალის "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგების თემა იყო. ერთი ხანობა, პრესამ ვიდალი სულაც გადაიყვანა "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს ცრუ ინფორმაცია იყო.

არტუროს შესახებ არაფერი ისმის, აი, პოგბაზე კი ისევ ნადირობენ.
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, პოლის გადაბირებას ამ ზამთარსაც შეეცდებიან ევროპული გიგანტები, მათ შორის, პსჟ და "მანჩესტერ სიტი". ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოგბა სადმე წავიდეს. აი, სებასტიან ჯოვინკო კი, დიდი ალბათობით, "ფიორენტინაში" გადაბარგდება. იტალიური სპორტული პრესა ამას დარწმუნებით იუწყება.

ვინ შეიძლება დაიმატოს "იუვენტუსმა"? - დანიელე რუგანი "ემპოლიდან", რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს და სწორედ ტურინული გრანდის საკუთრებაა, დანარჩენს კი კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა იტყვის:

"წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას რომ არ ვაპირებთ, ეს ცხადზე უცხადესია. არიან მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და ისინი, შესაძლოა, გავანათხოვროთ. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, შესაძლოა, ის მოთამაშეები დავიმატოთ, რომლებიც განათხოვრებული გვყავს. დიდი თანხების დახარჯვას არ ვაპირებთ, რადგან ზამთარში ეს მიზანშეუწონელია".

რომა
ახალი ფეხბურთელების დამატებაში მილიონების დახარჯვას არც "რომა" აპირებს. მით უმეტეს, გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ამის საჭიროება კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე თუნდაც "მანჩესტერ სიტისთან" პაექრობამდე იყო.

სამაგიეროდ, დედაქალაქელები რამდენიმე ფეხბურთელის მოშორებას აპირებენ, რომლებსაც დიდი ხელფასი აქვთ და გუნდს არაფერში ადგებიან. მაგალითად - ეშლი კოული, რომელიც კვირაში 80 ათას ევროს იღებს და მუდმივად სათადარიგოთა სკამზეა. კოულის იჯარით აყვანა ინგლისურ "კრისტალ პალასს" სურს და მზადაა, ფეხბურთელს კვირაში 40 ათასი ფუნტი გადაუხადოს.

რომაელთა "შავ სიაში" კიდევ რამდენიმე მოთამაშეა: ურბი ემანუელსონი, სალიჰ უჩანი და მარკო ბორიელო. კლუბის სპორტული დირექტორი დანიელე პრადე შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"დაცვაში გარკვეული პრობლემები გვაქვს და ვეცდებით, რომ ეს რგოლი გავაძლიეროთ. ვადასტურებ, რომ "ტოტენჰემის" მცველის, ვლად კირიკეშის გადმობირება გვსურს, თუმცა მოლაპარაკება ჯერ საწყის სტადიაზეა. სამწუხაროდ, ლეანდრო კასტანი ისევ ტრავმირებულია და ჯერ არ ვიცით, რიოდის დაუბრუნდება მოედანს. წინა ხაზი საკმარისად ძლიერია და ფეხბურთელების დამატების აუცილებლობას ვერ ვხედავთ".

ნაპოლი
"ნაპოლისთან" დაკავშირებით ორი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება: ერთი მანოლო გაბიადინის, ხოლო მეორე ივან სტრინიჩს უკავშირდება. პირველი თავდამსხმელია, მეორე მცველი და ნეაპოლელებს ორივეს გადაბირება სურთ. გაბიადინი "სამპდორიას" ერთ-ერთი ლიდერია და გენუელებს მისი გაშვება არ სურთ, მაგრამ ამბობენ, რომ თავად ფეხბურთელს უნდა გუნდის გამოცვლა.

ამად იყო, რომ "გაძეტა დელო სპორტმა" მანოლო თითქმის გადაიყვანა კიდეც "ნაპოლიში". თუმცა თითქმის არ ითვლება და ჯერ მაინც დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

რაც შეეხება სტრინიჩს, "დნიპროს" მცველია, 27 წლისაა და უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება და ისედაც აპირებს დნეპროპეტროვსკის დატოვებას. ამიტომ კლუბი თანახმაა, მას ამ ზამთარსვე იაფად შეელიოს. "ნაპოლი" მზადაა, სტრინიჩის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადოს, შესათანხმებელი კი მხოლოდ ფეხბურთელის წლიური ჯამაგირია - იტალიელები ხორვატს მილიონ ევროს ჰპირდებიან, მას კი 1.4 მილიონი სურს. ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკება.

მილანი
"მილანთან" დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ცნობა ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ფერნანდო ტორესის შესაძლო აბარგებაა. ესპანელს "ჩელსიში" უწინასწარმეტყველებენ დაბრუნებას, თუმცა ბოლო ინფორმაციით, მისი იჯარით აყვანა მადრიდის "ატლეტიკოს" სურს. გემახსოვრებათ, ტორესმა სწორედ "ატლეტიკოში" ასპარეზობით გაითქვა სახელი.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "მილანს" ჩირო იმობილეს გადაბირება სურს და მზადაა, დორტმუნდის "ბორუსიას" 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. ერთ-ერთი ვარიანტით, შესაძლოა, იმობილე სტეფან ელ შაარავიში გაცვალონ, თუმცა ეს მაინც ნაკლებად სავარაუდოა. "კორიერე დელო სპორტი" "მილანიდან" აბარგებას ჯამპაოლო პაცინის უწინასწარმეტყველებს, მაგრამ თუ ტორესი წავიდა, პაცინის ალბათ აღარ გაუშვებენ. კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ადრიანო გალიანის კომენტარი ასეთია:

"ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს და არაერთ ძლიერ ფეხბურთელს სურს კარიერის "მილანში" გაგრძელება. ყველა წინადადებას განვიხილავთ და ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომელიც გუნდს წაადგება. რამდენიმე ფეხბურთელმა შესაძლოა დაგვტოვოს, თუმცა წამყვან ფეხბურთელებს არ შეველევით. ზლატან იბრაჰიმოვიჩი? - ეს რაღაც ახალია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ფრანგები ზლატანს 100 მილიონადაც არ გაყიდიან".

ინტერი
"ინტერს" ახალი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ჰყავს და წესით, უფრო მეტად უნდა იყოს მოწადინებული ახალი ფეხბურთელების დამატებით, თუმცა მსგავსი არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევაში, წინასატრანსფერო პერიოდში "ინტერთან" დაკავშირებით ცნობებიც არ ვრცელდება. ერთადერთი, "ნერაძურიში" გადასვლა მარიო ბალოტელის უწინასწარმეტყველეს, მაგრამ ეს ამბავი თავად მანჩინიმ გამორიცხა:

"მარიო ბალოტელის ბოლოს ორი წლის წინ ვეკონტაქტე და მას შემდეგ არავითარი შეხება არ მქონია. ვფიქრობ, მარიო კარგ კლუბშია, სადაც მას ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ თავი კარგად წარმოაჩინოს. "ლივერპულს" ბალოტელის სანაცვლოდ მილიონები იმისთვის არ გადაუხდია, რომ ზამთარში სხვაგან გაუშვას. მოკლედ, მარიოს გადმობირება ჩვენს გეგმებში არ შედის და სჯობს, მოვრჩეთ ამ თემაზე ლაპარაკს. ტრანსფერები? - ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, რაც ამ შემადგენლობით სავსებით შესაძლებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული