მაკედა, ჯილა თუ კარაჩოლო?

AutoSharing Option

„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ფედერიკოს გადაბირება თითქმის ყველა იტალიურ გრანდს უნდა. გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ ჩემი კლიენტი იანვარში „ინტერში“, „იუვენტუსში“, „ფიორენტინაში“ ან „ლაციოში“ აღმოჩნდეს,“ - ეს სიტყვები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა იტალიელი თავდამსხმელის, ფედერიკო მაკედას აგენტ ჯოვანი ბიას ეკუთვნის და სიტუაცია, როგორც ყოველთვის, როცა საქმე იტალიურ ამბავს ეხება, ამჯერადაც ძალიან ჩახლართულია. 

განცხადება, რომელსაც ზემოთ გაეცანით, ბიამ „დეილი მირორისთვის“ გააკეთა და იქვე დაამატა: "თუმცა ვაღიარებ, რომ კონკრეტულ მოლაპარაკებამდე საქმე ჯერ არ მისულა".

 

ფაქტია, რომ იტალიური გრანდები მაკედათი დაინტერესდნენ, ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით

კი, ყველაზე მეტად „იუვენტუსი“ აქტიურობს. ბიას თქმით, ახლა მთავარია, რას იტყვის სერ ალექს ფერგიუსონი. მაკედათი დაინტერესება ტურინული გრანდის ბოსებმაც დაადასტურეს, მაგრამ „გაძეტა დელო სპორტში“ ვკითხულობთ, „იუვემ“ ეს შესაძლოა იმიტომ გააკეთა, რომ „ფიორენტინასთან“ მოლაპარაკებები გაუადვილდესო. რა შუაშია „ფიორენტინა“? საქმე ისაა, რომ „ბებერ ქალბატონს“ ფლორენციელთა გოლეადორის, ალბერტო ჯილარდინოს გადაბირებაც უნდა. უფრო სწორად, „იუვეს“ ჯილარდინო მაკედაზე მეტად აინტერესებს. 

„იუვეს“ თავკაც ლუიჯი დელნერის პირველ რიგში ყოფილი შეგირდის, ჯამპაოლო პაცინის გადაბირება უნდოდა, მაგრამ როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგები იუწყებიან, ამას ვერ შეძლებს, რადგან „სამპდორია“ კატეგორიულ უარზეა. დეკემბრის მიწურულს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ „იუვეს“ „ჯენოას“ ფორვარდი ლუკა ტონიც აინტერესებს, მაგრამ 31 დეკემბრის შემდეგ იტალიაში „ბიანკონერის“ ტონით დაინტერესების შესახებ აღარაფერი თქმულა. სამაგიეროდ, „ტუტოსპორტმა“ და „გაძეტამ“ „იუვენტუსს“ „ბრეშას“ 29 წლის თავდამსხმელის, ანდრეა კარაჩოლოს ბედი დაუკავშირეს.

„იუვენტუსმა“ აუცილებლად უნდა გაყიდოს მომო სისოკო, რომელიც დელნერის აღარ სჭირდება. ამ უკანასკნელს გელზენკირხენის „შალკეში“ ეპატიჟებიან. თუმცა გერმანული კლუბი „იუვენტუსს“ ფულის ნაცვლად გაცვლით გარიგებას სთავაზობს და მზადაა, სისოკოს სანაცვლოდ ივან რაკიტიჩი დათმოს. ახლა საქმე ისაა, რამდენად სჭირდება „იუვენტუსს“ რაკიტიჩი, რომელიც უფრო გამთამაშებელია, ვიდრე საყრდენი ნახევარმცველი. დელნერის კი, ხომ იცით, ფლეიმეიქერები არ უყვარს. თანაც, „იუვეს“ ფული უფრო სჭირდება, რადგან დელნერის ძალიან მოსწონს ლუკა ჩიგარინი, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია და სისოკოს წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს შეავსებდა. ჩიგარინის დელნერი ჯერ კიდევ „ატალანტადან“ იცნობს. 

მაგრამ დავუბრუნდეთ „იუვენტუსის“ მთავარ პრობლემასა და მიზანს. ახალი თავდამსხმელის ყიდვა ორმაგად აქტუალურია მას მერე, რაც ტურინული გრანდს წინა ხაზში პრობლემები მიეძალა - კარვალიო ამაურის შემდეგ, რომელიც კიდევ ერთი კვირა ვერ ივარჯიშებს და უკვე ფაქტია, რომ იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურს გამოტოვებს, დაშავდა ვინჩენცო იაკუინტაც. უფრო სწორად, ამ უკანასკნელს ტრავმა გაურთულდა - იაკუინტა დეკემბერშიც ტრავმირებული იყო და გამოჯანმრთელდა, მაგრამ პირველივე ვარჯიშზე ისევ დაშავდა. „იუვენტუსის“ სამედიცინო შტაბი ვინჩენცოს დიაგნოზს დღეს-ხვალ დაუსვამს, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ იაკუინტა მინიმუმ სამ კვირას დაისვენებს.

 

გადაღლილია ალესანდრო დელ პიეროც - „იუვეს“ ცოცხალი ლეგენდა 90 წუთს ისედაც ვეღარ უძლებს ხოლმე და მას მერე, რაც მუხლი იტკინა, მწყობრიდან გამოსულია და დელნერის მისი იმედი ვერ ექნება. ამრიგად, „ბიანკონერის“ თავკაცის განკარგულებაში ამ დროისთვის მხოლოდ ორი თავდამსხმელია: ფაბიო კუალიარელა და ნიკოლო ჯანეტი.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული