"გაძეტა დელო სპორტმა" ქულებიც კი დაწერა, საიდანაც ნათლად ჩანს თუ ვინ როგორ იმუშავა ბაზარზე. თუმცა, სანამ "გაძეტას" ნააზრევს გაგაცნობდეთ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის შედეგებს და ზოგადად, ყველაზე აქტუალურ თემებს გადავავლოთ თვალი...
სტურარო "იუვენტუსში"
"იუვენტუსმა" 21 წლის ნახევარმცველი სტეფანო სტურარო დაიბრუნა, რომელიც იჯარით "ჯენოაში" ასპარეზობდა. თავის დროზე, ტურინულმა გრანდმა ახალგაზრდა ტალანტში 5.5 მილიონი ევრო გადაიხადა და შემდეგ გაანათხოვრა, მასიმილიანო ალეგრის კი მისი სამსახური მიმდინარე სეზონში დასჭირდა. უკვე გაცხადდა, აქვე ვთქვათ, რომ "იუვენტუსმა" "ემპოლიდან" დანიელე რუგანი გამოისყიდა და საამისოდ 3.5 მილიონი ევრო გადაიხადა. 20 წლის მცველის სატრანსფერო უფლებების ნახევარს ისედაც "ვეკია სენიორა" ფლობდა, ამიერიდან კი რუგანი 100%-ით "იუვეს" ეკუთვნის. ამასთან, მიმდინარე სეზონის ბოლომდე რუგანი "ემპოლიში" დარჩება და ტურინულ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
ბორიელო "ჯენოაში"
მიმდინარე სეზონში, მარკო ბორიელო "რომას" განაცხადშიც ვერ ხვდებოდა და სრულიად ლოგიკურია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის გამოცვლა განიზრახა. 32 წლის ფორვარდის დამატების სურვილი "ჯენოამ" გამოთქვა და მხარეებმა საერთო ენა იოლად გამონახეს. სეზონის დარჩენილ ნაწილს ბორიელო გენუურ გუნდში გაატარებს."ჯენოა" ალესანდრო როზიმ დატოვა, თუმცა ამაზე ქვემოთ, "ფიორენტინას" სატრანსფერო სიახლეებში ვისაუბროთ.
დუმბია, იბარბო, სპოლი
"რომა" ბორიელოს დაემშვიდობა, მაგრამ "კატანიადან" ნიკოლას სპოლი დაიმატა. 31 წლის არგენტინელი მცველი სიცილიურ გუნდთან ერთად სერია B-ში ასპარეზობდა და, რა გასაკვირია, რომ დედაქალაქელთა შეთავაზებას ფიქრის გარეშე დათანხმდა. "რომას" გულშემატკივრებისთვის უფრო საინტერესო ამბავი მაინც ვიქტორ იბარბოს გადაბირებაა, რომელიც "ჯალოროსიში" ნახევარწლიანი იჯარით გადავიდა და რომლის სანაცვლოდაც დედაქალაქელები 2.5 მილიონ ევროს გადაიხდიან. თუ "რომა" ზაფხულში 24 წლის თავდამსხმელის გამოსყიდვას მოისურვებს, 12.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მიმდინარე სეზონში, იბარბომ "კალიარის" შემადგენლობაში 13 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა.
"რომას" მთავარი შენაძენი კი მაინც სეიდუ დუმბია გახლავთ, რომელიც მოსკოვის ცსკა-დან გადაიბირეს. კოტდივუარელი რუსულ კლუბში 2010 წლიდან ასპარეზობდა და ამ ხნის განმავლობაში, 95 თამაშში 61 გოლი გაიტანა, რაც ბრწყინვალე შედეგია. რუდი გარსიას 27 წლის თავდამსხმელის ძალიან ეიმედება, რაზეც მისი კომენტარი მეტყველებს:
"დუმბიაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან მის შესახებ სტატისტიკა ყველაზე ნათლად მეტყველებს. უამრავ გოლს იტანდა ცსკა-ში და არც იქამდე დაუკლია, როდესაც შვეიცარიული "იანგ-ბოიზის" ღირსებას იცავდა. მჯერა, რომ დუმბია "რომაში" საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს".
მუნიოსი "სამპდორიაში"
ესეკილ მუნიოსის გადაბირება "მილანს" სურდა, მაგრამ საბოლოოდ, 24 წლის არგენტინელი მცველი "სამპდორიაში" აღმოჩნდა. გენუურმა კლუბმა ესეკილი "პალერმოდან" 6-თვიანი იჯარით წაიყვანა და თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ თანამშრომლობით, ზაფხულში გამოისყიდიან კიდეც. სანამ "სამპა" მუნიოსის ტრანსფერს გვაუწყებდა, დანიელე გასტალდელო "ბოლონიაში" გაუშვა - ამ ამბავმა ბევრი გააკვირვა, რადგან დანიელე ხშირად ხვდებოდა გენუელთა ძირითად შემადგენლობაში და საიმედოობით გამოირჩეოდა. ამიერიდან, 31 წლის მცველი სერია B-ში იასპარეზებს, თუმცა დიდი შანსია, "ბოლონიასთან" ერთად ელიტაში აღზევდეს.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც "სამპდორიას" უკავშირდება - გენუურმა კლუბმა "ინტერიდან" 17 წლის ფორვარდი ფედერიკო ბონაცოლი გამოისყიდა, რომელშიც 4.5 მილიონი ევრო გადაიხადა. ფედერიკო სეზონის ბოლომდე "ნერაძურიში" დარჩება, მომდევნო სეზონიდან კი "სამპდორიას" ღირსებას დაიცავს. ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მილანელებს უფლება აქვთ, რომ "სამპდორიას" 9 მილიონი ევრო გადაუხადონ და ფეხბურთელი დაიბრუნონ.
მოკლედ, ბონაცოლი "სამპას" მოთამაშეა, მაგრამ ამ ეტაპზე, გენუური გუნდის გულშემატკივრებს უფრო სამუელ ეტო'ოს ამბავი აღელვებთ, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ...
მიხაილოვიჩი VS ეტო'ო
"სამპდორიას" მთავარი ვარსკვლავი დღეს სამუელ ეტო'ოა, რომელიც გუნდში სულ რამდენიმე დღის მისულია, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ გენუა დატოვოს და სხვაგან გადაბარგდეს. მართალია, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, მაგრამ 33 წლის კამერუნელს სხვა კონტინენტებიდან არაერთი შეთავაზება აქვს - მაგალითად, ჩინური "შანხაი შინხუადან", რომელიც ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს და სეზონში 4 მილიონ ევროს სთავაზობს.მაინც რა მოხდა და რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში? - როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ეტო'ოს და სინიშა მიხაილოვიჩს შორის კონფლიქტი ვარჯიშზე მოხდა, რის შემდეგაც კამერუნელმა წვრთნა თვითნებურად შეწყვიტა და შემდეგ ორი დღე არ გამოჩენილა. ამ თემაზე კომენტარი თავად მწვრთნელმა გააკეთა:
"სამუელმა უპატივცემულობა გამოიჩინა როგორც პირადად ჩემს, ისე თანაგუნდელთა მიმართ. ვარჯიში დატოვა, არც არაფერი გვითხრა და წვრთნაზე არც მეორე დღეს გამოცხადდა. სიმართლე გითხრათ, ასეთ რამეს არ ველოდი და გამოსავლის ძიებაში ვარ".
ვითარების განმუხტვა კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ სცადა და განაცხადა, რომ მწვრთნელს და ფეხბურთელს შორის მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რაც მოგვარებადია და ამის გამო კამერუნელი გუნდს არ დატოვებს. თუმცა, ფერერომ თქვა, რომ კონფლიქტი მოგვარებადია და არა მოგვარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუგებრობა გრძელდება და რით დასრულდება ეს ყველაფერი, მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
"ფიორენტინამ" სალაჰი დაიმატა
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, "ფიორენტინამ" ხუან კუადრადო დაკარგა და ნათელი იყო, რომ ფლორენციულ კლუბს მისი შემცვლელი უნდა ეპოვა. რთული სათქმელია, რამდენად სრულფასოვნად შეცვლის მოჰამედ სალაჰი კოლუმბიელს, მაგრამ ფაქტია, რომ 22 წლის ეგვიპტელი გარემარბი კარიერას "ვიოლაში" გააგრძელებს. სალაჰი უკვე ტოსკანაშია და კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.მოჰამედ სალაჰმა შვეიცარიულ "ბაზელში" თამაშით გაითქვა სახელი, რის შემდეგაც "ჩელსიში" მოხვდა, თუმცა პრემიერლიგაში თავის გამოჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ მისცემია. მიმდინარე სეზონში, სალაჰმა "ჩელსის" მაისურით მხოლოდ 33 წუთი ითამაშა.
"ფიორენტინამ" "ჯენოადან" 27 წლის ნახევარმცველი ალესანდრო როზი გადაიბირა, რომელმაც მიმდინარე სეზონში გენუური გუნდის მაისურით 9 მატჩი გამართა. ამ შემთხვევაშიც, კონტრაქტი საიჯაროა, სურვილის შემთხვევაში კი ფლორენციელები ფეხბურთელს 5 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.
მილანელებმა იპირველეს
ამასობაში, "გაძეტა დელო სპორტმა" სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური კლუბები გამოავლინა და უპირატესობა მილანელებს მიანიჭა. 10-ბალიანი შკალით, "მილანმა" და "ინტერმა" 8 დაიმსახურეს, საუკეთესო ხუთეულზე კი ქვემოთ:მილანი (8)
6 ახალი ფეხბურთელი: სუსო, ალესიო ჩერჩი, მატია დესტრო, გაბრიელ პალეტა, ლუკა ანტონელი და სალვატორე ბოკეტი. კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის ტრანსფერებისთვის ფული არ ჰქონდა, მაგრამ ძველ ხერხს მიმართა და ან თავისუფალი აგენტები დაიმატა, ან საიჯარო ხელშეკრულებები გააფორმა. ასეა თუ ისე, "მილანი" გაძლიერდა და თანაც, პრაქტიკულად, ყველა რგოლში.
ინტერი (8)
წესით და რიგით, ლუკას პოდოლსკიმ და ჯერდან შაჩირიმ გუნდის შეტევითი პოტენციალი მკვეთრად უნდა გაზარდონ, დავიდე სანტონი კი დაცვაში მშვენიერი შენაძენია. არც ახალგაზრდა და ნიჭიერი ხორვატი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი უნდა გამოგვრჩეს, რომლის გადაბირება არაერთ გრანდს სურდა. გამოდის, რომ "ინტერიც" ყველა რგოლში გაძლიერდა.
ნაპოლი (7)
"ნაპოლიმ" "სამპდორიადან" მანოლო გაბიადინი გადაიბირა, რაც შეტევის აშკარა გაძლიერებაა. მანოლო "სამპდორიას" ერთ-ერთი ლიდერი იყო და ნეაპოლურ გუნდს აშკარად წაადგება. ამასთან, სამხრეთელებმა დაცვაც გააძლიერეს და მარცხენა ფრთა 27 წლის ხორვატ ივან სტრინიჩს ჩააბარეს.
სამპდორია (7)
"სამპდორიამ" ლუის მურიელი და სამუელ ეტო'ო დაიმატა, რაც შეტევის გაძლიერებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მანოლო გაბიადინის გასხვისება. რომ არა მანოლოს წასვლა, გენუელთა სატრანსფერო კამპანია, ალბათ, საუკეთესოდ შეფასდებოდა.
სასუოლო (6)
მართალია, "სასუოლომ" მხოლოდ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ რადგან წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნა, "გაძეტა დელო სპორტისგან" საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სიმონე ძაძას დაბრუნება "იუვენტუსს" სურდა, დომენიკო ბერარდის მილანური გუნდები უმიზნებდნენ, ნიკოლა სანსონეს წაყვანა კი "ფიორენტინას" სურდა, მაგრამ პატარა კლუბმა სამივე ფორვარდი თავისთან დაიტოვა. შესაბამისად, სატრანსფერო ბაზარზე "სასუოლოს" მესვეურთა საქმიანობა წარმატებულად შეფასდა.
სხვები
"იუვენტუსმა" ალესანდრო მატრი და სტეფანო სტურარო დაიმატა, რისთვისაც მხოლოდ 4 ქულა დაიმსახურა. 5 ბალი მიიღო "რომამ", რომელსაც სეიდუ დუმბია კი შეუერთდა, მაგრამ მატია დესტრო წავიდა. "ფიორენტინაც" 5-ბალიანია, რადგან რამდენიმე საინტერესო შენაძენი ხუან კუადრადოს წასვლამ დააბალანსა. "ლაციომ" ლისაბონის "სპორტინგიდან" მაურისიო გადაიბირა, რაც 4.5 ქულისთვის იყო საკმარისი; ჩამოთვლილ ამბიციურ კლუბებს კი "ატალანტამ" გადაასწრო, რომელმაც მაურისიო პინილია დაიმატა და 5.5 ქულაც დაიმსახურა. ვნახოთ, როგორ გაამართლებენ ახალწვეულები მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილში...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"