როგორი იქნება "მილანის" ახალი სახლი

AutoSharing Option
იტალიური სპორტული გაზეთები და ინტერნეტ პორტალები "მილანის" ახალი სტადიონის მაკეტმა მოიცვა, რომელიც ჟურნალისტებს კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ბარბარა ბერლუსკონიმ წარუდგინა.

ახალი არენის მშენებლობაზე 350 მილიონი ევრო დაიხარჯება, აქედან 240 მილიონი უშუალოდ სტადიონს მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. კერძოდ, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმრო, საფეხბურთო აკადემია, ორ-სართულიანი ავტოსადგომი და საგამოფენო სივრცე. არენა ქალაქის ცენტრში განთავსდება, იმ რაიონში, სადაც "მილანის" ახალი ოფისი მდებარეობს.

სტადიონი 48 000 გულშემატკივარს დაიტევს და ისეთი ნახაზით აიგება, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეკონსტრუქცია და ტევადობის გაზრდა უმოკლეს დროში მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მილანი" "სან სიროზე" ასპარეზობს, სადაც 80 000 გულშემატკიივარი ეტევა.

და მთავარი - სტადიონის მშენებლობას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება და უკვე ცნობილია, რომ "მილანი" ახალ სახლში 2018-2019 წლების სეზონიდან გადავა. ამ თემაზე, ჟურნალისტების კითხვებს ლომბარდიული გრანდის კიდევ ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ უპასუხა:

- სტადიონის მაკეტმა საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია, მაგრამ გულშემატკივრებს ტევადობა ეცოტავათ...
- "სან სიროზე" 80 000 გულშემატკივარი ეტევა, მაგრამ სტადიონი სეზონში სამი-ოთხჯერ თუ ივსება. ჩვენს თამაშებზე, საშუალოდ 45 000 ადამიანი დადის და ვფიქრობ, 48 000-იანი არენა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

ამასთან, არ მავიწყდება, რომ სულ ახლო წარსულში, "მილანის" საშინაო თამაშებს საშუალოდ 60 000 ქომაგი ესწრებოდა და როდესაც ამ მაჩვენებელს დავუბრუნდებით, ტევადობის გაზრდაზეც ვიფიქრებთ, თუმცა, მოდი, შევთანხმდეთ, რომ ამ ეტაპზე, 48 000-იანი სტადიონი სავსებით საკმარისია. მით უმეტეს, ტრიბუნები ყოველთვის სავსე იქნება და ეს ფეხბურთელებისთვის უდიდესი სტიმულია.

- რა ბედი ელის "სან სიროს"?
- "სან სირო" "მილანის" ისატორიაა და ეს სტადიონი ყოველთვის ჩვენ გულში იქნება. 2018-2019 წლების სეზონიდან, იქ მხოლოდ "ინტერი" ითამაშებს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ თანაქალაქელებმა მოგვბაძონ და საკუთარი სტადიონი აიშენონ. ერთი ვიცი, რომ "სან სირო" არ უნდა დაინგრეს იმ შემთხვევაშიც კი თუ იქ არც ერთ გუნდი არ ითამაშებს. შესაძლოა, ამ სტადიონზე სანაკრებო მატჩები გაიმართოს. ამასთან, "ჯუზეპე მეაცაზე" კონცერტები ტარდება და არენას შემოსავალი აქედანაც აქვს.

- სანამ სტადიონი აშენდება, მანამადე "მილანში" ხმაურიან ტრანსფერებს არ უნდა ველოდოთ?
- სტადიონის ასაშენებლად ბიუჯეტის დიდ ნაწილს სპონსორი გამოყოფს და შესაბამისად, სატრანსფერო პოლიტიკაზე ეს ნაკლებად აისახება. მართალია, ბოლო წლებში ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად დიდ თანხას ვერ ვხარჯავთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ზაფხულში სხვაგვარად იქნება. ბევრი რამ მიმდინარე სეზონზეა დამოკიდებული, ჩემპიუონთა ლიგის საგზურის მოპოვება სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენებს და ჯერ კიდევ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული