იტალიის თასი. 1/4-ფინალი: "ფიორენტინა" წინ მიდის, "რომა" კრიზისშია

AutoSharing Option
"ლაციოს" შემდეგ იტალიის თასის ნახევარფინალური საგზური "ფიორენტინამ" მოიპოვა. ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა გზად "რომა" ჩამოიცილეს და თანაც, მეტოქე მისსავე მოედანზე დაამარცხეს.

დიახ, "სტადიო ოლიმპიკოზე" ფლორენციელებმა მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს, ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და განაგრძობენ ბრძოლას ტიტულისთვის. დუბლის ავტორი მარიო გომესია, რომელიც ბოლო დროს ბრწყინვალედ ათამაშდა და გოლს გოლზე იტანს.

ექსპერიმენტებს ორივე მწვრთნელი მოერიდა, რაც სრულიად ბუნებრივია - "ფიორენტინას" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდება, ევროპის ლიგაზე გასვლა კი იტალიის თასის მოგებითაც შეიძლება და ასეთ შემთხვევაში, სერია A-ში პოზიციის დათმობაც არ
იქნება საგანგაშო.

რაც შეეხება "რომას", რუდი გარსიას გუნდმა მკვეთრად მოუკლო, ლიდერს გვარიანად ჩამორჩა და რადგან სკუდეტოს მოგების შანსი ძალიან მცირეა, იტალიის თასს მეტი ფასი დაედო - ამასთან, "ჯალოროსის" გულშემატკივრებს დღემდე მწარედ ახსოვთ "ლაციოსთან" ფინალში წაგებული თასი და გულშემატკივართა თვალწინ რეაბილიტაცია იყო საჭირო.

თუმცა, "რომას" ჩავარდნა აქვს და "ფიორენტინასთან" მატჩმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო. მონტელას შეგირდებმა დაჯაბნეს მეტოქე და სრულიად დამსახურებულად გაიკვლიეს გზა ნახევარფინალში.

რუდი გარსია (რომას მწვრთნელი): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არაა. ბოლო თამაშებში ბევრ გოლს ვუშვებთ და შეტევაშიც გვაკლია სიმწვავე, რაზეც სამუშაო გვაქვს. ჩავარდნა სახეზეა და ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ვპირდები გულშემატკივრებს, რომ სწორ რეაგირებას მოვახდენთ. უახლოეს შეხვედრაში "კალიარი" უნდა დავამარცხოთ და კრიზისი დავძლიოთ".

ვინჩენცო მონტელა ("ფიორენტინას" მწვრთნელი): "მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. ჩვენთვის იტალიის თასი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტიტული მოვიგოთ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუან კუადრადოს წასვლა უკვე დავიწყებულია. კოლუმბიელს წარმატებას ვუსურვებ, ის დიდ კლუბში მოხვდა, მაგრამ ჩვენც ამბიციური გეგმები გვაქვს და წინ ძალიან საინტერესო ბატალიები გველის".

მარიო გომესი (ფიორენტინა): "რთული პერიოდი გამოვიარე, ერთი წელი ტრავმის გამო გამიცდა და შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად კიდევ დიდი დრო იყო საჭირო. საკუთარი თავის ყოველთვის მჯეროდა და ბედნიერი ვარ, რომ გოლების გატანა დავიწყე. მთლიანად გუნდმა ითამაშა კარგად და მომდევნო ეტაპზე გასვლაც დავიმსახურეთ. იმედია, იტალიის თასის ფინალში ვითამაშებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარიო გომესი - თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფორვარდი. ნამდვილი ცხრიანი "მკვლელის ინსტინქტით". იგი იმ კასტიდანაა, საიდანაც გერდ მიულერი, იურგენ კლინსმანი, ფილიპო ინძაგი, დევიდ ტრეზეგე... ანუ, ტიპიური საჯარიმოს ფორვარდი, მომენტის კაცი.
"ფიორენტინაზე" ბევრად დიდ გუნდს იმსახურებს გერმანელი, მაგრამ ხდება ეგეთებიც... როგორ მინდოდა მარიო "იუვეში" მეხილა. არც აწია გვიან!
ლევანი
10:40 05-02-2015
0

სიახლეები პოპულარული