მილანის "ინტერი": ერიკ ტოჰირის საზაფხულო გეგმები

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, "ინტერის" პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი ზაფხულში გუნდის გაძლიერებას აპირებს და ტრანსფერებისთვის 60 მილიონ ევროს გამოჰყოფს.

მართალია, ამ თანხით "გალაქტიკოსს" ვერ შექმნი, მაგრამ ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელის გადაბირება შეიძლება.

ცნობილი ამბავია, რომ მილანელებს იაია ტურეს გადაბირება სურთ, ბოლო ცნობებით კი, "ინტერის" მესვეურებმა კიევის "დინამოს" ორ მცველს, 24 წლის ალექსანდრ დრაგოვიჩს და 25 წლის დომაგო ვიდას დაუმიზნეს.

ისიც ითქვა, რომ მილანელები ლუკას პოდოლსკის სანაცვლოდ 7 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ და 29 წლის გერმანელს ზაფხულში
ლონდონის "არსენალში" დააბრუნებენ. შეგახსენებთ, რომ პოდოლსკი "ინტერში" იჯარის წესით ასპარეზობს.

ამ თემაზე მოკლე კომენტარი თვითონ ერიკ ტოჰირმა გააკეთა:

"რობერტო მანჩინის სრულად ვენდობით და ის მომდევნო სეზონშიც გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. ჩვენ ერთად ვადგენთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომელთა გადაბირებაც ზაფხულში გვსურს. ვეცდებით, გუნდი გავაძლიეროთ და უკვე მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ.

კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ - მით უმეტეს, რამდენიმე მოთამაშეზე დაკვირვება გრძელდება.

ლუკას პოდოლსკი? - შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ ადაპტაციის პერიოდს გადის. გამოვისყიდით თუ არა გერმანელს, ეს სეზონის დარჩენილ მატჩებზეა დამოკიდებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული