იტალიის დედაქალაქში რამდენიმე საინტერესო დუელია მოსალოდნელი...
ჯოკოვიჩი-ნადალი
დაძაბულობა ყოველდღიურად მატულობს. საფრანგეთის ღია პირველობის დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. როლან გაროსის ტიტულის ორი მთავარი მაძიებელი საკუთარი გზით მოძრაობს: რაფა ტურნირებზე ცდილობს ფორმის აკრეფას, ნოვაკი კი ერიდება მოვლენათა ფორსირებას და ამის გამო უარი თქვა მადრიდულ გარჩევებზე. ტონი ნადალი აღნიშნავს, რომ მის ნათესავსა და შეგირდს ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე. სანამ რაფაელი მადრიდში ფინალს აგებდა ენდი მარეისთან, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა რომში ჯოკოვიჩის ვარჯიშის დროს: ერთ-ერთმა მაყურებელმა სახალხოდ აგინა სერბ ჩოგბურთელს. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ყოველგვარი უხეშობის გარეშე ორი სიტყვით უპასუხა ხულიგანს, რომელიც, მოგვიანებით, უსაფრთხოების სამსახურმა მოედნიდან გაიყვანა. ვარჯიში გაგრძელდა.
ამასობაში, როლან გაროსზე ჯოკოვიჩის სავარაუდო წარმატების კოეფიციენტი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ნადალმა ტიტულის დაცვა ვერ შეძლო მადრიდში. ახლა სერბის მოგებაზე კოეფიციენტი 1.75-ს უდრის, ნადალის ტრიუმფზე - 3.16-ს.
ჰალეპი-შარაპოვა-კვიტოვა
სერენა უილიამსი ყველაზე და ყველაფერზე წინ არის, მაგრამ სატურნირო ბადეში ამერიკელის საპირისპირო მხარეს ყოფნა ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის ბონუსია, მით უმეტეს, "დიდი სლემის" ტურნირზე. რომის ტურნირი ძალების ბოლო შემოწმებაა და თან მას შეუძლია როლან გაროსის წინ შეცვალოს რეიტინგი. ჰალეპს, შარაპოვასა და კვიტოვას 500-ზე ნაკლები ქულა აშორებთ ერთმანეთისგან. შესაბამისად, ვინც უფრო შორს გავა იტალიის დედაქალაქში, მას მეორე ადგილზე დამკვიდრების ბრწყინვალე შესაძლებლობა ექნება. ამ ტრიოში ფავორიტი მაინც ჰალეპია, რადგან რუმინელმა, წესით, საკუთარ თავს არ უნდა მისცეს ზედიზედ ორი ტურნირის ჩაგდების უფლება.
ფედერერი-კირგიოსი
მადრიდში ფანტასტიკური მატჩის შემდეგ, თანაც, ორივესთვის მოუხერხებელ საფარზე, საინტერესო იქნება როჯერისა და ნიკის თამაშზე დაკვირვება. ფედერერისა და კირგიოსის დაპირისპირება - თაობათა ბრძოლაა, რომელიც არა მხოლოდ კორტზე, არამედ პრესაშიც ვითარდება.შვეიცარიელმა საკუთარი გრაფიკის კორექტირება მოახდინა და მაინც ჩავიდა რომში: კვირა ესპანეთის დედაქალაქში ხანმოკლე აღმოჩნდა. მას ტომაშ ბერდიხთან სავარაუდო მეოთხედფინალამდე პრობლემები არ ელოდება. ავსტრალიელიც მადრიდში დიდხანს არ დარჩენილა, ხოლო მისი აღმასვლა რეიტინგში საყოველთაო ინტერესს იწვევს. იტალიური "მასტერსის" სტარტზე ფელისიანო ლოპესთან შეხვედრა საინტერესო უნდა გამოვიდეს, მაგრამ უფრო დიდი ინტერესი ექნება კირგიოსისა და კეი ნიშიკორის სავარაუდო შეხვედრას მესამე წრეში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"