"მილანი" კარლო ანჩელოტის ჯერჯერობით ვერ ითანხმებს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში ყოველდღიურად იწერება სიახლეები "მილანის" შესახებ, რომლის მესვეურები ახალ მწვრთნელს ეძებენ და პირველ რიგში, ეს ამოცანა აქვთ გადასაჭრელი.

ადრიანო გალიანი მადრიდშია და კარლო ანჩელოტისთან შეხვედრას გეგმავს, რომელიც "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს და როგორც თავად აცხადებს, ერთი წელი დასვენება სურს.

ამასთან, უახლოეს დღეებში ანჩელოტი ვანკუვერში მიემგზავრება, რათა ხერხემალზე ოპერაცია გაიკეთოს და როგორც თვითონ ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემებიც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ გარკვეული პერიოდით დასვენება სურს.

თვითონ ანჩელოტი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"ადრიანო გალიანი მადრიდშია? - ეს იმას ნიშნავს, რომ ვახშამზე
სტუმარი მეყოლება, რაც ძალიან სასიამოვნოა.

ადრიანოს აუცილებლად შევხვდები და ძველ დროს გავიხსენებთ, თუმცა მასთან საუბარი ჩემს გეგმებს არ შეცვლის. ერთი წელი დასვენებას ვაპირებ და შემდეგ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

"მილანი" ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელიც შესაძლოა, ჩავიბარო, მაგრამ ეს ამ ზაფხულს არ მოხდება".

მიუხედავად ანჩელოტის ასეთი კატეგორიული განცხადებისა, სილვიო ბერლუსკონი იმედს არ კარგავს, რომ "მილანს" სწორედ კარლიტო ჩაუდგება სათავეში:

"გალიანი მადრიდში ანჩელოტის შეხვდება და დიდი იმედი მაქვს, რომ მის დათანხმებას შეძლებს. ჩვენი სურვილია, რომ "მილანი" კარლომ გაწვრთნას და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

თუ ანჩელოტიმ უარი თქვა, კიდევ ოთხი კანდიდატი გვყავს, საიდანაც სამი იტალიელია, ხოლო ერთი უცხოელი".

ის ერთი და უცხოელი რომ უნაი ემერია, ეჭვი არავის ეპარება, აი, იტალიელებზე კი არაერთი ვერსია გავრცელდა. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ერთი ვინჩენცო მონტელაა, მეორე ლუჩანო სპალეტი და მესამე ჩეზარე პრანდელი. ხშირად საუბრობენ მარჩელო ლიპიზეც, რომელიც სამწვრთნელო კარიერის განახლებაზე ფიქრობს.

როგორც ირკვევა, მადრიდულ შეხვედრაზე ანჩელოტის სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს და მას ტრანსფერებზე 120 მილიონი ევროს გამოყოფას შეჰპირდნენ.

ამასობაში, "მილანის" 29 წლის ფრანგმა მცველმა ადილ რამიმ განაცხადა, რომ თუ ფილიპო ინძაგი გუნდში დარჩება, ის აუცილებლად წავა, თუმცა არა გვგონია, ექსვალენსიელს ამ ულტიმატუმის ასრულება დასჭირდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული