აი, ასეთია კარლო ანჩელოტი სინამდვილეში...

AutoSharing Option
წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის 56 წელი შეუსრულდა. ანჩელოტი ახლახანს წავიდა მადრიდის "რეალიდან" და გადაწყვიტა, ჯანმრთელობას მიხედოს. ამ მოტივით მან უარი მშობლიურ "მილანსაც" კი უთხრა. ვინც ანჩელოტის ცხოვრებას იცნობს, დაგვეთანხმება - ეს არის ადამიანი, რომლისგანაც ყველაფერს უნდა ელოდო.

მე დავბრუნდები
1998 წლის ზაფხულში კარლო ანჩელოტი "პარმადან" გაუშვეს. "ფენერბაჰჩეს" წარმომადგენლები მას შინ ეახლნენ და უთხრეს, რომ დაეწყო მოლაპარაკება კლუბთან. თანაც ეს ფაქტი არავითარ შემთხვევაში არ გახმაურდებოდა.

ანჩელოტი ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე გაემგზავრა სტამბოლში, მოლაპარაკებაზე. ამ ქალაქის აეროპორტში კარლოს გულშემატკივართა
რამდენიმეათასიანი არმია დახვდა. დღის პირველი ნახევრის განმავლობაში ისინი განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ იტალიელ სპეციალისტს, სამუშაოდ თურქეთში დარჩენილიყო.

ანჩელოტიმ საჩუქრად უამრავი ხალიჩა მიიღო. მეორე დღეს კი ყველა თურქულმა გაზეთმა პირველ გვერდზე გამოიტანა კარლოს გაკვირვებული სახე.

ვახშმობის დრო რომ მოვიდა, თურქებმა ბოსფორის პირას იტალიელს წინადადებით მიმართეს. სამწლიანი კონტრაქტი და სამი მილიონი დოლარი ყოველი სეზონისათვის - ასეთი იყო მათი შეთავაზება. იმ დროს ანჩელოტი 400 ათას დოლარს იღებდა წელიწადში "პარმაში".

ამის მიუხედავად, მწვრთნელს არ უნდოდა იტალიის დატოვება. მან მზაკვრული ხერხი მოიფიქრა - ანჩელოტი თურქებთან განუწყვეტლივ ვაჭრობდა და მომავალი სამუშაოს შესულების სანაცვლოდ უფრო და უფრო მეტ თანხას ითხოვდა. კარლო დროს წელავდა და მას იმედი ჰქონდა, რომ თურქები შეეშვებოდნენ.

ანჩელოტიმ მოითხოვა ვილა ზღვაზე, მანქანა და მძღოლი, იტალიაში ყველა გადაფრენის ანაზღაურება, ტექნიკური პერსონალის თავად არჩევის უფლება... მასპინძელი მხარე ყველაფერზე თანახმა იყო.

"და, გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩემი დასაჩუქრება ხალიჩებით" - ბოლოს მოითხოვა ანჩელოტიმ, რომელმაც აღარ იცოდა, რა ექნა. მასპინძლები ისევ თავს აქნევდნენ თანხმობის ნიშნად.

კარლო პატარა ტყუილმა იხსნა. "ხომ იცით, "პარმასთან" კიდევ ერთი წელი მაქვს კონტრაქტი. გამიშვით იტალიაში, რათა ხელშეკრულება გავაბათილო." - უთხრა მან თურქებს. ანჩელოტი წავიდა და აღარ დაბრუნებულა. რას დაბრუნდებოდა? თურქულ მოგზაურობამდე რამდენიმე საათით ადრე მან "იუვენტუსთან" გააფორმა კონტრაქტი.

...და არ დაბრუნდა
2001 წელს "პარმამ" ანჩელოტის დაბრუნება მოიწადინა. ერთ დღეს სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს მწვრთნელი და "პარმას" პრეზიდენტი, სტეფანო ტანცი. დუეტი ზეპირ შეთანხმებამდე მივიდა და შეხვედრა ოფისში დაგეგმა. კვირის გადაცემაში ტანციმ დაანონსა კიდეც კარლოს დაბრუნება.

ორშაბათს კარლო დანიშნულების ადგილას მივიდა, მაგრამ პრეზიდენტი დაკავებული იყო. მას შესთავაზეს, ერთი საათი დაეცადა.

"მე აქედან ათი წუთის სავალზე ვცხოვრონ, როცა მოიცლის, დამირეკეთ და დავბრუნდები." - იყო პასუხი.

ანჩელოტი შინ ბრუნდებოდა, როცა მისი ტელეფონი აწკრიალდა.

- ბონ ჯორნო! მე ადრიანო გალიანი ვარ. უკვე გააფორმეთ კონტრაქტი "პარმასთან"? - გაისმა ხმა ყურმილში.
- ჯერ არა, მაგრამ უკვე ყველაფერზე მოვილაპარაკეთ - იყო პასუხი.

- შეჩერდით, ჩაიკეტეთ სახლში და დამელოდეთ. თქვენ "მილანში" ფათიჰ თერიმი უნდა შეცვალოთ.

ასე ერთ წუთში მორჩა ყველაფერი. ადრიანო გალიანიმ ანჩელოტის შინ გამზადებული კონტრაქტი მიუტანა და მწვრთნელმა ხელმოწერა საკუთარი სახლის სასადილო ოთახში დასვა.

გულადი შვედი ნილს ლიდჰოლმი
ოთხმოციანების დასაწყისში ანჩელოტი "რომაში" თამაშობდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული შვედი, ნილს ლიდჰოლმი გახლდათ. სკანდინავიელი არასოდეს უწევდა ხმას და მას ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. ტექნიკის გასაუმჯობესებლად შვედის მიერ მოგონილ ვარჯიშებს ხშირად კარლო სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა.

ერთხელ ლიდჰოლმს თავში უცნაური აზრი მოუვიდა - ვარჯიშის დასრულების შემდეგ შეევლოთ "ლაციოს" თამაშზე. პრაქტიკულად არ იყო შანსი, რომ გულშემატკივრებს შვედი და შეგირდები ვერ შეემჩნიათ.

შენიშნეს თუ არა "რომას" ფეხბურთელები, "ლაციოს" ფანებმა გინება ატეხეს. ყველა იმ ტრიბუნისაკენ შემობრუნდა, სადაც ანჩელოტი და მისი მეგობრები ისხდნენ. ოთხმოცი წუთის განმავლობაში ჯიუტად მიიწევდა მასა "რომას" ფეხბურთელებისაკენ. თამაშის დასრულებას ათი წუთი რომ დააკლდა, "რომას" ფეხბურთელები საკუთარი ავტობუსისკენ დაიძრნენ.

გაჩერებაზე ფეხბურთელებს "ლაციოს" აგრესიული ფანები ელოდნენ. ლიდჰოლმს ორი მცველი ჰყავდა და ის მათ ავტომანქანაში გამაგრდა. ფეხბურთელებმა გზა ძლივს გაიკვლიეს.მას შემდეგაც კი, რაც "რომას" მოთამაშეები ავტობუსში ჩასხდნენ, ფანებს აგრესია არ შეუწყვეტიათ. მათ განაგრძეს სხვადასხვა საგნების სროლა და საქარე მინაც გაბზარეს.

ამ დროს ლიდჰოლმი გამოჩნდა ორ პირად მცველთან ერთად. "რა გჭირთ, ბიჭებო"? იკითხა მან...

ქომაგი - ძაღლი
ხშირად ხდება - ხოლმე - იმედგაცრუება, რომელიც გინდა, მალე დაივიწყო, უფრო ნათლად აღიბეჭდება - ხოლმე გონებაში, ვიდრე სიხარული. ანჩელოტი ყოველთვის იხსენებს, რომ 1983 წელს, "რომასთან" მოგებული სკუდეტო მაინცდამაინც, კარგად არ აგონდება.

მაგალითად, კარლოს ახსოვს, როგორ ბრუნდებოდნენ ისინი გენუიდან, სადაც გადამწყვეტი შეხვედრა მოიგეს. მთელი გზა ჩახერგილი იყო ავტომობილებით. რომი რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მორთული და ზეიმობდა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა საჩემპიონო საღამოს. ანჩელოტიმ კი მოიხვია შარფი, გაიკეთა მუქი სათვალე და ქალაქში მოპედით სასეირნოდ წავიდა.

იმ სეზონის კულმინაცია "რომასათვის" "იუვენტუსთან" საშინაო ჯახი იყო. "იუვემ" სერჯიო ბრიოს გოლით მოიგო, საგოლე პასი კი მიშელ პლატინიმ გააკეთა. ბრიო ძალიან უხეში მოთამაშე იყო. ამის გამო ის ბევრ ქომაგს არ უყვარდა და არამარტო მათ.

მატჩის შემდეგ გახახდელის შესასვლელში დიდი ამბები იყო. ვიღაც სიხარულისგან ყვიროდა, ვიღაც იმედგაცრუებისგან. ჟურნალისტები ინტერვიუს ითხოვდნენ. ამ დროს ერთ-ერთ პოლიციელს ნაგაზი დაუსხლტა და გოლის ავტორს უკბინა. ალბათ, "რომას" ქომაგი თუ იყო...

აქილევსის მუხლები
ყველას აქვს სუსტი წერტილები. ანჩელოტისათვის ეს მუხლებია. 1981 წლის ოქტომბერში "რომა" "ფიორენტინას" წინააღმდეგ თამაშობდა. ფლანგური ჩაწოდების შემდეგ კარლომ უხერხული მოძრაობა გააკეთა და გაისმა ჩუმი ტკაცუნი. მან მყესები გაიწყვიტა. მენისკი არ იყო, ამიტომ გადაწყდა, ჩატარებულიყო მკურნალობის კურსი ოპერაციის გარეშე.

ერთი თვის შემდეგ ანჩელოტიმ ვარჯიში დაიწყო. მეორე დღეს, ვარჯიშზე, ისევ გაისმა ტკაცუნის ხმა. ამის შემდეგ ჩვენი გმირი ნახევარი წლის განმავლობაში ვერ გადაადგილდებოდა

მერე იყო კიდევ ერთი წაფორხილება. ისევ ოპერაცია. ფეხს ბოლომდე მაინც არ ეშველა. "სამწუხაროა, მაგრამ კიდევ ერთი პატარა ოპერაციის გაკეთება მოგვიწევს. მას ეწოდება "ნარკოზის ქვეშ მანიპულაცია." - თქვა ექიმმა. კარლოს ტანში ჟრუანტელმა დაურბინა.

ოპერაცია ჩემპიონთა თასის მეორე დღეს დაინიშნა, რომელიც "რომამ" პენალტების სერიაში დათმო "ლივერპულთან".

პროფესორმა პერუჯიმ ანჩელოტის სარეაბილიტაციო პერიოდის გავლსიას უთხრა: "ისევ ჩვენთან, კარლიტო? რა სასიამოვნოა!"

ჩვენ გვინდა ჩემპიონთა თასი
როდესაც არიგო საკიმ "მილანი" ჩაიბარა, ის პირდაპირ შეპყრობილი იყო ანჩელოტის გადაბირების სურვილით. ძნელად, მაგრამ ტრანსფერი მაინც შედგა - სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს.

კარლო "მილანის" შეფობას ქალაქის ცენტრში მდებარე ფეშენებელურ სასტუმროში შეხვდა. ანჩელოტიმ მაგიდაზე შამპანიური და ნამცხვარი დაინახა. უცებ ოთახში კაცი გამოჩნდა. ის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, თუმცა თავზე ერთი ღერი თმაც კი არ ჰქონდა. ეს იყო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, გალიანი.

"ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. შემდეგ სეზონში ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ. ორი წლის მერე გვინდა ჩემპიონთა თასის მოგება, სამ წელიწადში კი - საკონტინენტთაშორისო თასის." ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო.

ამის მერე ანჩელოტის ბერლუსკონიმ დაურეკა. ის დაინტერესდა ფეხბურთელის მუხლების მდგომარეობით. "მილანის" ექიმი კარლიტოს მუხლებით არ დარჩა მთლად კმაყოფილი, მაგრამ იგი გუნდში მაინც აიყვანეს. გალიანის სიტყვები ტიტულებთან დაკავშირებით კი ზუსტად შესრულდა.
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული