"ნაპოლი" ისევ იტალიელებზე ნადირობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებს და მეტწილად იტალიელი ფეხბურთელების გადაბირებას შეეცდება.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლელები დავიდე ასტორის და რობერტო სორიანოს დამატებას ცდილობენ. 28 წლის ასტორიმ გასული სეზონი "რომაში" გაატარა, თუმცა "კალიარის" საკუთრებაა და ნეაპოლელები სარდინიელებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას. რაც შეეხება 24 წლის სორიანოს, "სამპდორიას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და რადგან თავად სურს კარიერის უფრო ძლიერ გუნდში გაგრძელება, ტრანსფერის ალბათობა მაღალია.

თუ წინა წლებში ნეაპოლელები, ძირითადად, უცხოელებს ყიდულობდნენ, ამ ზაფხულს ვითარება რადიკალურად შეიცვალა - ამასთან, გუნდს იტალიელი
მწვრთნელი მაურიციო სარი ჰყავს, რომელმაც "გაძეტა დელო სპორტს" შემდეგი განუცხადა:

"ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც კონკრეტულ იდეებს მინდორზე გადაიტანენ და თავიანთ საქმეს პირნათლად შეასრულებენ. მირკო ვალდიფიორი ცენტრს გაამაგრებს და ჩვენს შეტევებს მეტ მრავალფეროვნებას შესძენს. რაც შეეხება პოტენციურ ახალწვეულებს, რობერტო სორიანო უნივერსალური თვისებების მქონე ფეხბურთელია და შეუძლია როგორც გამთამაშებლის პოზიციაზე გარჯა, ისე კლასიკურ ნახევარმცველად.

დავიდე ასტორი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია იტალიაში და ვფიქრობ, რომ მისი სახით დიდი ძალა შეგვემატება. თუმცა ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს და ნუ გავასწრებთ წინ მოვლენებს. რატომ მხოლოდ იტალიელი ფეხბურთელები? - არც მასეა საქმე, რადგან ჩვენ უცხოელების გადმობირებაც გვსურს, მაგალითად, არგენტინელი დიეგო პეროტის.

თუმცა გარკვეულ უპირატესობას ვანიჭებთ იტალიელებს და ამას აქვს თავისი ახსნა. თუნდაც ჩემმა "ემპოლიმ" დაგვანახვა, რომ იტალიელი ფეხბურთელებით წარმატებული თამაში შეიძლება და არც ისე ცუდად გვაქვს საქმე, როგორც ეს ბევრს ჰგონია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული