ნოვაცია იტალიურ ფეხბურთში: მფრინავი კამერა ვარჯიშებზე და არამარტო...

AutoSharing Option
იტალიელი მწვრთნელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ნოვატორული იდეებით და ხშირად საფეხბურთო მოდის და ტენდენციების კანონმდებლები არიან. "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ვარჯიშებზე ახალი მეთოდი დანერგა - "ნაპოლის" წვრთნებს მფრინავი კამერით ადევნებს თვალს, რომელსაც დრონი ეწოდება...

დრონი ზემოდან იღებს მოედანს, მის მიერ გადმოცემულ გამოსახულებას კი პირდაპირ რეჟიმში მწვრთნელი სპეციალური ეკრანით ადევნებს თვალს. ცხადია, ზემოდან ყველაზე კარგად ჩანს ფეხბურთელთა გადაადგილების არეალი და მწვრთნელსაც განსჯისთვის დიდი ინფორმაცია მიეწოდება.

საგულისხმოა, რომ სარის იდეა "ინტერის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ აიტაცა და ბოლო დღეებში ისიც დრონით ადევნებს თვალს შეგირდთა
გარჯას. მეტიც, მანჩინიმ სწორედ მფრინავი კამერით გადაიღო "ნერაძურის" ბოლო ამხანაგური მატჩი და ნანახით მეტად კმაყოფილი დარჩა.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა როგორც მაურიციო სარიმ, ისე რობერტო მანჩინიმ...

მაურიციო სარი (ნაპოლი): "ერთ-ერთ ვარჯიშზე მცველებს ერთ ხაზზე თამაშში ვავარჯიშებდი და მათ სიმეტრიის დაცვას ვთხოვდი. სურვილი გამიჩნდა, რომ ზემოდან დამეხედა მათი სინქრონული მოძრაობისთვის და რადგან საწვრთნელ მოედანს ტრიბუნები არ ჰქონდა, ამის საშუალება არ მომეცა.

სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ვარჯიშებზე დრონი გამოვიყენო და ფეხბურთელთა მოქმედება ზემოდან ვაკონტროლო.

მეორე კვირაა, ამ მეთოდს ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ - მფრინავი კამერა ზუსტ სურათს მაძლევს, თუ როგორ გადაადგილდება თითოეული ფეხბურთელი და რა პოზიცია უჭირავს კონკრეტულ ვითარებაში. პოზიციურად სწორი თამაშის გარეშე თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია".

რობერტო მანჩინი (ინტერი):
"პირადად მე, სურვილი გამიჩნდა, რომ ოფიციალური თამაშების დროს დრონი მუშაობდეს და სტადიონს ზემოდან ვუყურებდე. ასე გაცილებით სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეიძლება თამაშის შესახებ.

მოგეხსენებათ, რაგბის გუნდების მწვრთნელები ტრიბუნაზე რაც შეიძლება მაღლა სხდებიან, რადგან იქიდან თამაში ყველაზე უკეთ ჩანს.

ფეხბურთში მწვრთნელი მინდორთან ახლოს უნდა იყოს, მაგრამ დრონის მეშვეობით, ეს პრობლემა შეიძლება აღმოიფხვრას. პირადად მე, მფრინავ კამერას წვრთნებზე ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული