ანჩელოტის მომავალს ხან "მილანს" უკავშირებენ, ხან "ჩელსის", ხან პსჟ-ს და ხანაც იტალიის ეროვნულ ნაკრებს. "კორიერე დელო სპორტი" კარლიტოს გაესაუბრა და უმჯობესია, თავად მწვრთნელს გადავცეთ სიტყვა, რომელმაც ამჯერად საკუთარ მომავალზე ლაპარაკი არ ისურვა და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე გაამახვილა ყურადღება. ანჩელოტიმ კონკრეტული გუნდები დაახასიათა და შანსები შეაფასა...
ფავორიტი
ვფიქრობ, რომ ნახევარდაცვაში მირალემ პიანიჩი, რაჯა ნაინგოლანი და დანიელე დე როსი დიდი ძალაა. ეს უკანასკნელი დაცვაშიც კარგად ირჯება, ისევე, როგორც მასკერანო "ბარსელონაში" და მარტინესი "ბაიერნში". მოკლედ, "რომა" ძალიან მომწონს და მგონია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმთავრესი ფავორიტია. ისე კი, მეტად უცნაური ჩემპიონატია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"იები"? ჯერ ადრეა
"ფიორენტინამ" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და დამსახურებულად უდგას სატურნირო ცხრილს სათავეში. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე ვითარება იქნება თუნდაც ერთი თვის შემდეგ - რომ აღარაფერი ვთქვათ აპრილ-მაისზე, როდესაც ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევა. "ფიორენტინას" ჭრელი შემადგენლობა ჰყავს, ბევრი ახალი ფეხბურთელით და თუ პაულო სოუზა ასე მოკლე დროში გამოჭედავს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდს, ეს მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება. თუმცა, მოდით, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ვნახოთ, რამდენ ხანს გაძლებს ფლორენციული გუნდი ცხრილის სათავეში...
"რომას" კონკურენტები
სკუდეტოსთვის ბრძოლაში "რომას" ორი კონკურენტი ეყოლება: "იუვენტუსი" და "ნაპოლი". ტურინული გრანდი კრიზისშია, მაგრამ ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და ასე იოლად არ დათმობს პოზიციებს. ვფიქრობ, "ვეკია სენიორა" მალე ჩადგება ფორმაში და შემდეგ მისი გაჩერება ურთულესი იქნება. შესაძლოა, ეს აღმასვლა მომდევნო ტურში დაიწყოს, როდესაც ტურინული გრანდი "ინტერს" ესტუმრება. რაც შეეხება "ნაპოლის", ეს გუნდი სწრაფ, ტექნიკურ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, რამაც გუნდი შესაძლოა, ტრიუმფამდე მიიყვანოს. მაურიციო სარის მუშაობა ჯერ კიდევ "ემპოლიში" მომწონდა და ვფიქრობ, ნეაპოლში კიდევ უკეთესად წარმოაჩენს შესაძლებლობებს.
პრობლემები დაცვაში
მიუხედავად იმისა, რომ "ინტერმა" სეზონი კარგად დაიწყო, ვფიქრობ, რომ ეს გუნდი სკუდეტოს მოსაპოვებლად მზად არ არის. "ნერაძურის" ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს და მათ აშკარად აკლიათ შეთამაშება. ამასთან, "ინტერს" დაცვაში აქვს სერიოზული პრობლემები და ეს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მაღალი კლასის უკანახაზელი გადაიბირა. სიმართლე გითხრათ, მიკვირს ეს ხარვეზები, რადგან "ნერაძურიმ" მირანდა, მურილიო და მონტოია დაიმატა. იგივე შემიძლია ვთქვა "მილანზეც", რომელიც კიდევ უფრო ცუდად გამოიყურება დაცვით ფაზაში - არადა, "როსონერის" ძალიან ნიჭიერი მცველები ჰყავს - ალესიო რომანიოლი და როდრიგო ელი. ვფიქრობ, მილანური კლუბებისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური პროგრამა-მაქსიმუმია.
დანარჩენები...
მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა "კიევოს" და "სასუოლოს" მიმართ, არა მგონია, რომ ეს გუნდები ლიდერთა შორის დიდხანს დარჩნენ. თუმცა, ჩემპიონატის სტარტზე აკრეფილი ქულები საკმარისი საფუძველია, ვთქვათ, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდებათ და პირველ ათეულში მოსახვედრადაც იბრძოლებენ. სიურპრიზებს ველოდები "ტორინოსგან", სადაც ძალიან საინტერესო შემადგენლობამ მოიყარა თავი. სახიფათო თავდასხმა ჰყავს "სამპდორიას" - მარტინს ედერს და ლუის მურიელს ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"