სერია A. XI ტურის წინ: ჟურნალი ვნახეთ, წინ კინოა

AutoSharing Option
შუა კვირაში, "რომამ", "ნაპოლიმ" და "ფიორენტინამ" საშინაო მატჩები დამაჯერებლად მოიგეს. აი, "იუვენტუსმა" კი მორიგი მარცხი იგება და კვლავაც ცხრილის ქვედა ნაწილშია. ამასობაში, სერია A-ს მე-11 ტური მოგვიახლოვდა, ქვემოთ კი ყველაფერზე ერთად ვისაუბრებთ...

რა სჭირს ბებერ ქალბატონს
სერია A-ს წინა გათამაშებაში "იუვენტუსმა" მხოლოდ სამი მატჩი წააგო, მიმდინარე სეზონში კი 10 შეხვედრაში 4-ჯერ დამარცხდა.

ეს უკვე საგანგაშოა და ამძაფრებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურონული გრანდის ჩავარდნას უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ეს ახალი ფეხბურთელების კლუბთან ადაპტაციაა.

"იუვეს" გულშემატკივართა დიდ ნაწილს უკვე აღარ სჯერა,
რომ მათ საყვარელ გუნდს სკუდეტოს შენარჩუნება ძალუძს, ბევრი კი შიშობს, რომ "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ "იუვე" სწორედ ასეთი საფრთხის წინაშეა და არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მასიმო ალეგრის გუნდი სამეულს მიღმა დარჩეს.

"იუვენტუსი" "სასუოლოსთან" დამარცხდა, ერთადერთი და გამარჯვების გოლი კი ტურინელებს ნიკოლა სანსონემ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაუტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ჯორჯო კიელინიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, "იუვენტუსი" კაცნაკლული დარჩა და ბუნებრივია, რომ ამან "სასუოლოს" საქმე მკვეთრად გაუადვილა. მოკლედ, "იუვე" რთულ ვითარებაშია, მასიმილიანო ალეგრი კი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"პირველ ტაიმში ზედმეტად აგრესიულად ვმოქმედებდით, რის გამოც საბედისწერო ჯარიმა ავიკიდეთ და ათი ფეხბურთელით დავრჩით. ჩემთვის აუხსნელია, თუ რატომ დავკარგეთ სიმშვიდე, რამაც დათვური სამსახური გაგვიწია. სერია A ურთულესი ჩემპიონატია და თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ასეთი შეცდომები არ უნდა დავუშვათ".

ტურინული დერბი
"იუვენტუსს" წინ ტურინული დერბი ელოდება, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "იუვეს" მოგება ჰაერივით სჭირდება და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ალეგრი 4-3-3 ტაქტიკას გამოიყენებს. შეტევაში პაულო დიბალას, ხუან კუადრადოს და მარიო მანჯუკიჩს ვიხილავთ, ალვარო მორატა კი ამჯერად თადარიგში დარჩება.

"ტორინო" კარგი გუნდია, მაღალი ადგილებისთვის იბრძვის და იოლად არაფერს დათმობს. ან რომელ დათმობაზეა ლაპარაკი, როდესაც წინ ტურინული დერბია. მაქსი ლოპესი - ფაბიო კვალიარელა შეტევაში და ერთბაშად ხუთი ნახევარმცველი, რომლებიც ცენტრის დაჭერას შეეცდებიან. ვნახოთ, წინ საინტერესო პაექრობა გველის...

დიდი მატჩის მოლოდინში
შუა კვირაში, "რომამ" "უდინეზეს" უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგო, 3:0. საწყის 10 წუთში, ანგარიში უკვე 2:0 იყო და მასპინძლებს არც დარჩენილ დროში გაუშვიათ უპირატესობა ხელიდან. მოულოდნელად, დუგლას მაიკონმა გაიბრწყინა, რომელმაც აიკლო მარჯვენა ფრთა და გოლს პლუს საგოლე პასი მიითვალა აქტივში.

"ინტერმა" ჯერ კიდევ სამშაბათს მოიგო, როდესაც "ბოლონია" გააკრა ბეჭებზე და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მილანურმა გრანდმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და, როგორც რობერტო მანჩინი იმედოვნებს, ყველაზე ცუდი მისმა გუნდმა უკან მოიტოვა.

მე-11 ტურში მართლაც დიდი მატჩია: "ჯუზეპე მეაცაზე" "ინტერი" "რომას" უმასპინძლებს და, როგორც ასეთ დროს ამბობენ, სასწორზე 6 ქულა დევს. ორივე გუნდი შეტევაზე იქნება ორიენტირებული და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. აქეთ ივან პერიშიჩი, სტევან იოვეტიჩი და მაურო იკარდი - იქით იაგო ფალკე, ჟერვონიო და ედინ ჯეკო.

შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ მილანელთაგან ადემ ლიაიჩი და რომაელთაგან მოჰამედ სალაჰი, თუმცა "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ისინი მაინც თადარიგში მოიაზრებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის "ჯუზეპე მეაცაზე".

სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, მურილიო, მირანდა, ჟუანი - ბროზოვიჩი, მედელი, კონდოგბია - პერიშიჩი - იოვეტიჩი, იკარდი
რომა (4-3-3): სჩესნი - მაიკონი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - ფლორენცი, პიანიჩი, ნაინგოლანი - ჟერვინიო, იაგო, ჯეკო

რომშიც კარგი ჯახია
ტურინული დერბი და "ინტერი"-"რომას" დაპირისპირება, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი - სერია A-ს მე-11 ტურიში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩია - "ლაციო" "მილანს" უმასპინძლებს.

რომაელებმა შუა კვირაში წააგეს და სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე, "მილანმა" კი მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო და წარმატებული სვლის გაგრძელებას აპირებს. მოკლედ, მოგება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

სინიშა მიხაილოვიჩი შეტევაში ჯაკომო ბონავენტურას, ალესიო ჩერჩის და კარლოს ბაკას დაეყრდნობა, საჭიროების შემთხვევაში კი თამაშში ლუის ადრიანო ჩაერთვება. "ლაციოს" თავკაცი სტეფანო პიოლი ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ, მიროსლავ კლოზეს დააბრუნებს, რომელსაც ფლანგებიდან ანტონიო კანდრევა და ფელიპე ანდერსონი დაეხმარებიან.

რომაული მატჩის პროგნოზირება ურთულესი საქმეა და ვერც ფავორიტს დავასახელებთ - ამიტომ, უმჯობესია, რომ დაველოდოთ ამ საინტერესო პაექრობას. და ერთიც, "კიევოსთან" შეხვედრაში, "მილანის" კარს ისევ ჯანლუიჯი დონარუმა იცავდა და, ალბათ, რომშიც ის იქნება ძირითად შემადგენლობაში. ეს ის დონარუმაა, 16 წლის, რომ გახლავთ და ჯერ კიდევ სკოლაში დადის.

"ნაპოლის" რთული გასვლა
"ნაპოლიმ" "პალერმოს" უმასპინძლა და მიჯრით მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, მაურიციო სარის გუნდს 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გონსალო იგუაინი ფორმაში შევიდა, ის თამაშს აღარ ტოვებს გოლის გარეშე - არგენტინელს შესანიშნავად უბამენ მხარს ლორენცო ინსინიე, ხოსე კალეხონი, დრის მერტენსი და სხვები... მოკლედ, "ნაპოლი" ბრწყინვალე ფორმაშია და წამატებული სერიის გაგრძელებას გენუაში შეეცდება.

ნეაპოლელებს რთული გამოცდა ელით, რადგან "ჯენოასთან" გასვლაზე მოგება იოლი საქმე ნამდვილად არაა. არადა, "ნაპოლისთვის" მისაღები შედეგი მხოლოდ მოგება იქნება, რადგან მჭიდრო კონკურენციის პირობებში, ორი ქულის დაკარგვა სატურნირო ცხრილში ერთბაშად რამდენიმე საფეხურით დაქვეითების ტოლფასია.

საინტერესოა, შეძლებს თუ არა სარის გუნდი ზედიზედ მერვე თამაშის მოგებას.
მცირე ჩავარდნის შემდეგ, "ფიორენტინამ" "ვერონას" სძლია გასვლაზე და ტემპის დაგდებას არც "ფროზინონესთან" საშინაო შეხვედრაში აპირებს. "ვიოლა" ფავორიტია, თავიდანვე შეუტევს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

XI ტური
შაბათი. 31 ოქტომბერი
იუვენტუსი-ტორინო 21:00
დისკვალიფიკაცია: კიელინი (იუვენტუსი)
ტრავმა: რუბინიო, ლიხტშტაინერი, კასერესი, პერეირა, ასამოა - ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, იანსონი, ობი, აველარი, გაცი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +14=5-3, (41-19)

ინტერი-რომა 23:45
დისკვალიფიკაცია: მელო (ინტერი)
ტრავმა: კაპრადოსი, კეიტა, ტოტი (რომა)
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 62 თამაში: +26=18-18, (105-93)

კვირა. 1 ნოემბერი
ფიორენტინა-ფროზინონე 15:30
დისკვალიფიკაცია: სოდიმო (ფროზინონე)
ტრავმა: ჟილბერტო, ბაკიჩი - პავლოვიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ბოლონია-ატალანტა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ძუკულინი, აკვაფრესკა, მაიეტა, კრაფტი - ესტიგარიბია
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +6=9-9, (29-34)

კარპი-ვერონა 18:00
დისკვალიფიკაცია: ბორიელო (კარპი)
ტრავმა: მარტინიო, ინიგუესი - ალფრედსონი, ფარესი, ტონი, რომულო, ვივიანი, ალბერტაცი, ვინჩკი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ჯენოა-ნაპოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პანდევი (ჯენოა)
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 5-1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +8=11-13, (39-47)

უდინეზე-სასუოლო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გილიერმე, მერკელი, საპატა, კონე, რომო - ანტეი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=1-1, (4-3)

ლაციო-მილანი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ვრი, პაროლო, კეიტა, რადუ, მაურისიო - მენეზი, ნიანგი, ბალოტელი
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +8=19-21, (49-70)

ორშაბათი. 2 ნოემბერი
კიევო-სამპდორია 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მატიელო, ჰეტემაი - კოდა, ხრისტოდოლოპულოსი, კრსტიჩიჩი, მესბა
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +4=10-12, (21-33)

პალერმო-ემპოლი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოლცონი, მორგანელა, ჯურჯევიჩი - მჭედლიძე, კოშიჩი, კროჩე
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=3-6, (12-19)

ბომბარდირები: 8 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 7 - მარტინს ედერი (სამპდორია); 6 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 5 - კარლოს ბაკა (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა); 4 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), დანიელე ბაზელი (ტორინო), ალბერტო პალოსკი (კიევო), მოჰამედ სალაჰი (რომა), ლუის მურიელი (სამპდორია), პაულო დიბალა (იუვენტუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული