მარიო ბალოტელი საოპერაციოა და სამ თვეს დაისვენებს

AutoSharing Option
მარიო ბალოტელიმ ბოლოს 27 სექტემბერს, "მილანი"-"ჯენოას" შეხვედრაში იასპარეზა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. 25 წლის თავდამსხმელს მყესის ქრონიკულმა ტრავმამ შეახსენა თავი და მას შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

17 ნოემბერს იტალიურ სპორტულ პრესაში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და ბალოტელის ოპერაციის გაკეთება მოუწევს. როგორც "მილანის" მთავარი ექიმი აცხადებს, ოპერაცია ერთადერთი გზაა, რომ მარიომ ქრონიკული ტრავმა დაძლიოს და მოედანს დაუბრუნდეს.

ოპერაციის შემდეგ ბალოტელის ახალი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდება, რომელიც 3 თვეს გასტანს. გამომდინარე ოპერაციის სიმძიმიდან, გამოჯანმრთელების შემდეგ ფეხბურთელი
გარკვეული პერიოდი ინდივიდუალურად ივარჯიშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიოს სრულფასოვან დაბრუნებას შესაძლოა 4 თვეც კი დასჭირდეს.

მოკლედ, კარგ შემთხვევაში, ბალოტელი თებერვალში დაუბრუნდება "მილანს", თუმცა, შესაძლოა, მარტამდე ვერ ითამაშოს.

ოპერაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მარიოს ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსს, რადგან იტალიის ნაკრების თავდასხმაში მძაფრი კონკურენციაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული