"ოქროს ბურთი 2015": იტალიელთა მესიჯი საფეხბურთო მსოფლიოს

AutoSharing Option
2015 წლის "ოქროს ბურთი" ლიონელ მესის ერგო და ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები არჩევანს უკვე ლეგენდად ქცეულ არგენტინელ ფეხბურთელზე შეაჩერებდნენ.

როდესაც იტალიელები დაინტერესდნენ მათი ნაკრების მწვრთნელ-კაპიტნის არჩევანზე და ანბანის მიხედვით დაწყობილი ქვეყნების ჩამონათვალს გადაავლეს თვალი, აღმოაჩინეს, რომ ისრაელის შემდეგ იამაიკა მოდის, იტალია კი არსადაა. მიზეზი მალევე გაირკვა, როგორც აღმოჩნდა, ფედერკალჩომ "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადა.

დასახელდა მიზეზი, რომლის მიხედვითაც, იტალიელები 50 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნას აპროტესტებენ. დიახ, ლეგენდარული მეკარე გაფართოებულ სიაშიც
კი არ მოხვდა და ეს მაშინ, როდესაც იქ 5 მეკარე გახლდათ ნომინირებული: ტიბო კურტუა, მანუელ ნოიერი, რაულ ბრავო, დავიდ დე ხეა და დავიდ ოსპინა.

გამოდის, რომ ბუფონი საუკეთესო 5 მეკარეს შორის ვერ მოხვდა. აქვე, შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ჯიჯიმ სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ფინალამდე მიაღწია.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტები ჩაეძიენ და აღმოაჩინეს, რომ ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა კიდევ ორ მეკარეს არ მიუღია: იკერ კასილასს და რაულ ბრავოს - არადა, ორივე ნაკრების კაპიტანია და მათ მართებდათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება. ერთი ხანობა, აპენინელებმა ჩათვალეს, რომ მეკარეებმა იტალიელ კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადეს, მაგრამ შემდეგ ეს ვარაუდი გაქარწყლდა.

როგორც იკერ კასილასმა და რაულ ბრავომ განაცხადეს, ფიფასგან მათ ძალიან გვიან მიუვიდათ შესავსები ფურცელი და ხმის მიცემა ვერ მოასწრეს. ბრავომ ისიც დაამატა, რომ ოფსაიდში დარჩენა ძალიან ეწყინა, რადგან საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ჩილეს ნაკრების მესაჭე ხორხე სამპაოლი იყო წარდგენილი და ბუნებრივია, რომ ხმის მიცემა მისთვის უნდოდა.

მოკლედ, იტალიელებმა სულ ტყუილად ჩათვალეს, რომ მეკარეებმა ბუფონს სოლიდარობა გამოუცხადეს და ეს არც იქნებოდა ლოგიკური, რადგან იტალიელთა პროტესტის შესახებ დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ გახდა ცნობილი.

რას ამბობენ ფედერკალჩოში?
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო საგულისხმო კომენტარს აკეთებს:

"ანტონიო კონტემ და ჯანლუიჯი ბუფონმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს და ვფიქრობ, რომ ჰქონდათ კიდეც ამის საბაბი. გამოწვეულია თუ არა ბოიკოტი ჯანლუიჯი ბუფონის 50 საუკეთესო ფეხბურთელს მიღმა დარჩენით? - მხოლოდ ერთს გეტყვით, ბუფონი თავმდაბალი ადამიანია და მისთვის პირადი აღიარება ყოველთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. აქ საქმე არა იმდენად ბუფონში, რამდენადაც მსოფლიო ფეხბურთის მესვეურთა მხრიდან საქმისადმი არასწორ მიდგომაშია".

ტავეკიომ უცნაური კომენტარი გააკეთა, რომლიდანაც აზრის გამოტანა ჭირს, მაგრამ ამაში ისევ იტალიელი სპორტული ჟურნალისტები დაგვეხმარნენ - როგორც ჩანს, ფედერკალჩოს ბოიკოტი პროტესტია იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ფიფა და გნებავთ, უეფა იტალიური ფეხბურთის მიმართ ატარებენ.

ლაპარაკია მთელ რიგ საკითხებზე, რომელთა ჩამონათვალი ფეხბურთის ქართველი მოყვარულებისთვის ნაკლებად საინტერესოა - საქმე ეხება სტრუქტურულ და ტექნიკურ საკითხებს, მათ შორის, სატელევიზიო ტრანსლირების უფლებებს, ფინანსური ფეარ პლეის პრინციპებს და ა.შ.

ლაპარაკია იმაზეც, რომ იტალიის ნაკრები დიდი ფორუმებისა და შესარჩევი ეტაპების წილისყრებზე მუდმივად განუთესავთა შორის ხვდება და ისიც ითქვა, რომ იტალიას არ აღირსეს არც ერთი დიდი ტურნირის ჩატარება, მათ შორის, არც ბოლო ევროპის ჩემპიონატის. როგორც ჩანს, ბუფონის სიის მიღმა დარჩენამ იტალიელთა უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა და ეს პროტესტიც ამის შედეგია.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ბოიკოტის მიზეზებზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა კარლო ტავეკიოს კომენტარიდან იკვეთება, რომ საქმე მარტო ბუფონში არაა. ეს იყო მესიჯი, რომელიც ფედერკალჩომ მსოფლიო ფეხბურთის მესვეურებს გაუგზავნა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი ბატონო, 50 საუკეთესოშიც უნდა მოხვედრილიყო ბუფონი და 5 საუკეთესო მეკარეებშიც, მაგრამ იტალიელებს ოქროს ბურთთან რა ხელი აქვთ?
მერაბი გ.
06:36 14-01-2016
0
მართლა სირცხვილია ბუფონი რომ 50 საუკეთესოში ვერ მოხვდება!
georgiano
17:15 13-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული