სერია A. XX ტურის წინ: როცა ყველა მატჩი საინტერესოა

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩად "მილანი"-"ფიორენტინას" დაპირისპირება შეირაცხა, თუმცა თუ სატურნირო ცხრილით ვიმსჯელებთ, არანაკლებ საინტერესო ჯახია ნეაპოლში, სადაც "ნაპოლი" "სასუოლოს" უმასპინძლებს.

კერკეტი კაკალი ნეაპოლში
წინა ტურში "ნაპოლი" გალიდერდა და პოზიციის გამტკიცებას ამ უქმეებზე შეეცდება. მაურიციო სარის გუნდი შინ თამაშობს და ფავორიტია, მაგრამ მეტოქედ "კერკეტი კაკალი" "სასუოლო" ჰყავს, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. ისიც გავიხსენოთ, რომ გასულ უქმეებზე ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა თვით "ინტერი" გააკრა ბეჭებზე
და თანაც, "ჯუზეპე მეაცაზე".

ორივე გუნდი 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება და წესით, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი უნდა გაჩაღდეს. "ნაპოლის" ძირითადში ლორენცო ინსინიეს, ხოსე კალეხონის და გონსალო იგუაინის მრისხანე ტრიოს ვიხილავთ, "სასუოლო" კი დომენიკო ბერარდით, ნიკოლა სანსონეთი და გრეგოლ დეფრელით შეუტევს.
"ნაპოლის" მწვრთნელი მეტოქეს სიფრთხილით ეკიდება და ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს:

"ძალიან საინტერესო მატჩი იყო მილანში, სადაც "სასუოლომ" "ინტერის" დიდ ზეწოლას გაუძლო და ბოლოს, გამარჯვების გოლი გაიტანა. უნდა შევუტიოთ, პირველ ნომრად ვითამაშოთ, მაგრამ არც დაცვაში უნდა მოვაშიშვლოთ ზონები. ურთულესი თამაში იქნება, რომლის ბედსაც კონკრეტული ეპიზოდები გადაწყვეტს".

პაულო სოუზას რთული გასვლა
"ლაციოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "ფიორენტინა" მეორე ადგილიდან მეოთხეზე დაეშვა და წინ კიდევ ერთი რთული პაექრობა ელის. პაულო სოუზას გუნდი "მილანს" სტუმრობს, რომელსაც რთული დროება კი უდგას, მაგრამ საკუთარ კედლებში იოლად არაფერს დათმობს. მით უმეტეს, ლომბარდიელებს არაფერი აქვთ დასაკარგი, მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს და ბოლომდე იბრძოლებენ.

სინიშა მიხაილოვოჩი ისევ 4-4-2 ტაქტიკას დაეყრდნობა და შეტევაში მბაიე ნიანგის და კარლოს ბაკას ტანდემს გაამწესებს. აქვე ვთქვათ, რომ "მილანიდან" ლუის ადრიანოს წასვლა გადაწყვეტილი ამბავია და სანამ მარიო ბალოტელი და ჟერემი მენეზი მწყობრში ჩადგებიან, ნიანგს დიდი სათამაშო დრო მიეცემა.

"ფიორენტინა" 3-4-2-1 სქემით გაირჯება და წინ ნაცად ტრიოს ვიხილავთ მატი ფერნანდესის, იოსიპ ილიჩიჩის და ნიკოლა კალინიჩის შემადგენლობით. თუ პაულო სოუზას დავუჯერებთ, ფლორენციელები პირველ ნომრად შეეცდებიან თამაშს და წესით, შემტევი, გახსნილი და სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ვიხილოთ.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, მექსე, რომანიოლი, დე შილიო - ჰონდა, კუცკა, ბერტოლაჩი, ბონავენტურა - ბაკა, ნიანგი
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია, ასტორი, ტომოვიჩი - ბერნარდესკი, ვესინო, ბორხა ვალერო, ალონსო - ილიჩიჩი, ფერნანდესი - კალინიჩი

ორი ნერაძური და ორი ბიანკონერი
"ინტერი" ბერგამოში ჩავა, სადაც "ატალანტასთან" მოუწევს რთული გასვლითი პაექრობა. მილანური გრანდისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია, რადგან ლიდერობის დაკარგვის შემდეგ, კიდევ ერთი წაფორხილება უკვე ჩავარდნად მოინათლება, რაც ფეხბურთელებს დიდ წნეხში მოაქცევს. მოკლედ, "ინტერს" მოგება ჰაერივით სჭირდება, მაგრამ "ატალანტა" საკუთარ კედლებში ტრადიციულად, ძლიერია.

თუ ბერგამოში ორი "ნერაძური" დაუპირისპირდება ერთმანეთს, უდინეში ორი "ბიანკონერის" ჯახია. "უდინეზე" შეეცდება, რომ "იუვენტუსის" 9-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტოს, თუმცა ამის მიღწევა რომ ურთულესი იქნება, ცხადზე უცხადესია.

თავის მხრივ, არც "იუვე" უნდა ელოდოს იოლ გასეირნებას, რადგან უდინეში განახლებული სტადიონის პრეზენტაცია შედგება, მასპინძლები კი ამაღლებული განწყობით და საუცხოო გულშემატკივრობით შეასკდებიან მრისხანე მეტოქეს.

ლუჩანო სპალეტის თავკაცობით, პირველ მატჩს "რომა" "ვერონასთან" გამართავს და წესით, არ უნდა გაუჭირდეს სამი ქულის მოპოვება. ერთი, რომ ახალი ცოცხი ხშირად კარგად გვის და მეორე, "ვერონაა" ჩემპიონატის აუტსაიდერი და შესაბამისად, ლიგაში ყველაზე სუსტი გუნდი.

შაბათი. 16 იანვარი
ატალანტა-ინტერი 18:00
დისკვალიფიკაცია: მელო (ინტერი)
ტრავმა: კარმონა, პინილია, რაიმონდი (ატალანტა)
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +7=8-20, (37-63)

ტორინო-ფროზინონე 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ობი - როზი, კარლინი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=1-2, (8-7)

ნაპოლი-სასუოლო 23:45
დისკვალიფიკაცია: კანავარო (სასუოლო)
ტრავმა: ტერანოვა (სასუოლო)
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=1-1, (7-3)

კვირა. 17 იანვარი
ჯენოა-პალერმო 15:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტინო კოსტა, სისოხო, ფიგუერასი - ვიტიელო
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +5=9-7, (23-26)

კიევო-ემპოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მატიელო, მეჯორინი, გამბერინი, ჰეტემაი - მჭედლიძე, ტონელი
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +6=6-4, (20-18)

რომა-ვერონა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კაპრადოსი, პონჩე, ნურა, უჩანი, კეიტა - რომულო, ალბერტაცი, სილიგარდი
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +8=4-1, (31-16)

უდინეზე-იუვენტუსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მერკელი, პასკუალე, დომიცი - პერეირა
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 6-0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +8=6-27, (29-68)

ბოლონია-ლაციო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიცო, ბრიენცა, მაიეტა - დე ვრი, ლულიჩი, კიშნა, მარკეტი, ჯენტილეტი, ბასტა
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +9=5-17, (33-48)

კარპი-სამპდორია 18:00
დისკვალიფიკაცია: მოისანდერი (სამპდორია)
ტრავმა: ფედელე, ბუბნიჩი, მატოსი - დე სილვესტრი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (2-5)

მილანი-ფიორენტინა 23:45
დისკვალიფიკაცია: გონსალო (ფიორენტინა)
ტრავმა: მენეზი, დიეგო ლოპესი, ბალოტელი, ალექსი - ბადელი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +16=10-14, (55-50)

ბომბარდირები: 18 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 11 - მარტინს ედერი (სამპდორია); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 9 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 8 - კარლოს ბაკა (მილანი), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), მასიმო მაკარონე (ემპოლი), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული