საგულისხმოა, რომ ბუფონის სანაკრებო კარიერა 1997 წელს მოსკოვში დაიწყო, როდესაც იტალია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში რუსეთს ეთამაშა. ჯანლუიჯის ოცნებაა, რომ მოსკოვში დაწყებული კარიერა მოსკოვშივე, მუნდიალის ფინალით დასრულდეს. ქვემოთ, ლეგენდარული მეკარის საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.
- სულ მალე 38 წლის გახდებით, აქედან 20 წელი კი ფეხბურთს თამაშობთ.
- თუ ამას ბავშვთა გუნდებში
- თქვენს კარიერაში ბევრი წარმატება იყო და გამოარჩიეთ მათ შორი ორი ეპიზოდი?
- როდესაც პირველად ვითამაშე სერია A-ში, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა. ჩემი კარიერის მწვერვალი 2006 წლის მუნდიალია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება რჩეულთა ხვედრია.
- როგორ წარმოგიდგენიათ ფეხბურთთან განშორების დღე?
- მინდა, რომ საფეხბურთო კარიერა თავაწეულმა დავტოვო. მირჩევნია, ყველაფერი მშვიდად და უბრალოდ იყოს, რადგან ასეთ დროს, პომპეზურობა დიდად არ მხიბლავს. მსურს, ფეხბურთი 40 წლამდე ვითამაშო, კარიერა კი 2018 წლის მუნდიალით დავასრულო.
- იტალიის ნაკრების რომელი შემადგენლობა იყო ყველაზე ძლიერი, რომელშიც თქვენ გითამაშიათ?
- ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობით თუ ვიმსჯელებთ, 2002 წლის მუნდიალის ნაკრები მართლაც გამორჩეული იყო. რომ არა საშინელი მსაჯობა, იმ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეეძლო. 2006 წელს მენტალურად ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვისთანაც არ უნდა გვეთამაშა, აუცილებლად მოვიგებდით. საბოლოოდ, ასეც მოხდა.
- და რომელი იყო "იუვენტუსის" ყველაზე ძლიერი შემადგენლობა?
- ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი მაინც 2002-2003 წლების გუნდი იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით და იქ თერთმეტმეტრიანების სერიაში წავაგეთ. მაშინ, მარჩელო ლიპიმ მართლაც ფენომენალური გუნდი შექმნა და უდიდეს გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა.
თუ მხოლოდ შემადგენლობით ვიმსჯელებთ, ფაბიო კაპელოს "იუვენტუსს" ვერც ერთი შეედრება. ასევე, დასაფასებელია ის სამუშაო, რაც ანტონიო კონტემ და მასიმილიანო ალეგრიმ გაწიეს. ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი" დღესაც ძალიან ძლიერია.
- როგორც ჩანს, იტალიის ნაკრებში თქვენი მემკვიდრე გამოჩნდა. რას ფიქრობთ ჯანლუიჯი დონარუმაზე?
- ქების ღირსია თუნდაც იმიტომ, რომ 16 წლის ასაკში "სან სიროზე" თამაშობს და მუხლები არ უკანკალებს. ყველაფერს სწორად აკეთებს და შესანიშნავ ბურთებს იგერიებს. დონარუმას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდეს. ამასთან, ვითარებას სწორად აფასებს, გაწონასწორებულია და მჯერა, რომ ვარსკვლავური სინდრომი არ შეეყრება.
ჟურნალისტებიც უნდა შევაქო, რომლებიც დონარუმაზე მოზომილად წერენ და განსაკუთრებულად არ აქებენ. თითქოს, ყველა გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომ ნიჭიერ მეკარეს დათვური სამსახური არ გაუწიონ და ეს ძალიან კარგია.
- რთული წარმოსადგენი იყო, რომ წარუმატებელი სტარტის შემდეგ, "იუვენტუსი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩაერთვებოდა.
- ძალიან მიყვარს ციფრებთან თამაში და სტატისტიკის საფუძველზე, პროგნოზების კეთება. როდესაც "სასუოლოსთან" დავმარცხდით და ვითარება უკიდურესად დამძიმდა, დავჯექი და ყველაფერი გამოვთვალე.
სკუდეტოს მოსაპოვებლად, ან მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, 25 მოგება გვჭირდებოდა, ჩვენს ანგარიშზე კი 3 გამარჯვება იყო. ანუ, კიდევ 22 მოგება იყო საჭირო დარჩენილ 28 ტურში და ეს სულაც არ მომეჩვენა შეუძლებლად. ამიტომ, ოპტიმიზმით ავივსე და ეს განწყობა თანაგუნდელებსაც გადავდე. საბედნიეროდ, საქმე კარგად წავიდა და ჩვენ უკვე ვიბრძვით ჩემპიონობისთვის.
- დღეს, "იუვენტუსი" სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი ფავორიტია.
- გულშემატკივართა ერთი ნაწილი მაშინაც ფავორიტად გვთვლიდა, როდესაც სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ვიყავით და ბუნებრივია, რომ დღეს ამ პოზიციას კიდევ უფრო მეტი გაიზიარებს. სასიამოვნოა, როდესაც შენს სიძლიერეს სხვები ხედავენ და აღიარებენ. დიახ, "იუვენტუსი" ფავორიტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კონკურენტები ღირსეულ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.
- რომელს უფრო მიიჩნევთ კონკურენტად, "ნაპოლის" თუ "ინტერს"?
- "ნაპოლი" წინ გაიჭრა და ამ დროისთვის, სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად ითვლება. თუმცა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მოვლენები სწრაფად იცვლება და შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დადგეს.
"ინტერი" ევროთასებზე არ თამაშობს და მილანელებს ეს უპირატესობა უდაოდ აქვთ. მით უმეტეს, სეზონის მეორე ნახევარში რამდენიმე ფრონტზე ერთად თამაში კიდევ უფრო რთული გახდება. თუმცა, ამ დროისთვის, უკეთესო პოზიცია მაინც "ნაპოლის" აქვს, რომელსაც ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს ევროპაში.
- პაულო დიბალას სახით, "იუვენტუსს" ახალი ვარსკვლავი ჰყავს...
- მამაჩემი გიჟდება პაულოზე და თვლის, რომ ის აუცილებლად გახდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ჩემზე ბედნიერი იყო, როდესაც "პალერმოდან" "იუვენტუსში" გადმოვიდა. ვფიქრობ, დიბალას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ უდიდესი ფეხბურთი ითამაშოს.
- რა შანსი აქვს "იუვენტუსს", რომ ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნს" გასცდეს?
- მაქსიმალური კონცენტრაცია და შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაა საჭირო. თუ ზომიერების ფარგლებში გავბრაზდებით და იღბალიც არ გვიღალატებს, მომდევნო ეტაპზე აუცილებლად გავალთ.
- რის ხარჯზე შეუძლია იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგება?
- ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს და თუ ფეხბურთელები შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენენ, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს.
- მაინც რომელი ფეხბურთელების გეიმედებათ ყველაზე მეტად?
- ანდრეა პირლო, მარკო ვერატი, კლაუდიო მარკიზიო, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, მატეო დარმიანი და ა.შ. ამ ფეხბურთელებს დიდი მიზნების მიღწევა შეუძლიათY.
- ფიქრობთ, რომ ანდრეა პირლო ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე?
- რა თქმა უნდა. ამაში დარწმუნებული ვარ.
- რას ისურვებდით 2016 წელს საფეხბურთო თვალსაზრისით?
- მარტივი პასუხი მაქვს: სკუდეტოს, იტალიის თასის, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ჩემპიონატის მოგებას. მაქსიმალისტი ვარ და სწორედ ეს არის ჩემი წარმატების ფორმულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"