"რომა": ლუჩანო სპალეტის ფრთხილი ოპტიმიზმი

AutoSharing Option
ლუჩანო სპალეტის თავკაცობით, "რომამ" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო და გაიმყარა პოზიცია სერია A-ს სატურნირო ცხრილში. ერთი ხანობა, "ჯალოროსის", მაქსიმუმ, ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დღეს განსხვავებული ვითარებაა - "რომა" მეოთხე ადგილზეა და მესამეზე მყოფ "ფიორენტინას" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

"ინტერის" არასტაბილური ასპარეზობის ფონზე, "ჯალოროსის" კარგი შანსი აქვს, რომ სამეულში შევიდეს და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზური მოიპოვოს.

გასულ უქმეებზე "რომამ" "კარპის" სძლია გასვლაზე და მთლიანობაში, კარგი თამაში აჩვენა. სპალეტიმ კიდევ ერთხელ შეცვალა ტაქტიკა, ამჯერად 4-2-3-1 სქემას დაეყრდნო და წინ აქამდე
ათვალწუნებული ედინ ჯეკო დააყენა, რომელმაც გაამართლა იმედები და გოლიც შეაგდო. მოკლედ, "ჯალოროსისთვის" მშვენიერი დღე იყო და მადრიდის "რეალთან" პაექრობის წინ რომაელებმა კარგი განწყობა შეიქმნეს.

ლუჩანო სპალეტიმ განვლილი პაექრობა შეაფასა და შემდეგ მთელი ის პერიოდი შეაჯამა, რაც "რომას" უდგას სათავეში: "ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემი დანიშვნის შემდეგ, როდესაც თამაშს მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით და სრულიად დამსახურებულად მოვიგეთ.

"კარპი" მებრძოლი გუნდია, იოლად არ დაგვნებდა, მაგრამ ჩვენი უპირატესობა მაინც თვალშისაცემი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტი გოლი 84-ე წუთზე გავიტანეთ, ეჭვი არ შემპარვია, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩებოდა. ვუტევდით მრავალფეროვნად, მუდმივად ვეძებდით ღრიჭოებს მეტოქის დაცვაში და ვიცოდი, რომ ეს შედეგს მოიტანდა. ედინ ჯეკომ შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და მჯერა, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოუმატებს".

სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგაზეც ისაუბრა და მადრიდის "რეალთან" მოახლოებულ პაექრობაზე შემდეგი განაცხადა: "ზედიზედ მოგებულმა მატჩებმა თავდაჯერებულობა შეგვმატა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ გუნდთან შეიძლება ტოლ-სწორად თამაში და მათ შორის, "რეალთან". გასაგებია, რომ ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ იოლად არაფერს დავთმობთ. დაცვაში ჩადგომას ნამდვილად არ ვაპირებთ, ფეხბურთს ვითამაშებთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული