სკანდალის გარშემო: ტოტი, როგორც დელ პიერო

AutoSharing Option
"რომას" მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს შორის მომხდარი კონფლიქტი იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში რჩება.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ ლუჩანო სპალეტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის არ იმსახურებს მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ყოფნას. ამ კომენტარს სპალეტის რეაგირება მოჰყვა და ტოტი "პალერმოსთან" სამატჩო განაცხადიდან ამოიღეს. მოკლედ, ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ჯერჯერობით, არც გამოსავალი ჩანს.

"რომა"-"პალერმოს" შეხვედრას ფრანჩესკომ ტრიბუნიდან მიადევნა თვალი, გულშემატკივრებმა კი მას სიმღერები მიუძღვნეს, თუმცა, მეორე მხრივ, სპალეტისაც თავისი წილი ტაში ერგო, მით უფრო, რომ მისმა გუნდმა მეტოქე ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხა.

მოკლედ, გულშემატკივრებს უყვართ ტოტი და ეს გასაგებია, მაგრამ ამ კონფლიქტში ჩარევას არ აპირებენ - მით უმეტეს, ტოტი მაინც 38 წლისაა და წამსვლელია, სპალეტიზე კი დიდი იმედები მყარდება და ასეთ დროს, გუნდური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია. მოკლედ, ვითარება დაახლოებით ასეთია, ამ თემის ირგვლივ კი რამდენიმე საინტერესო კომენტარი გაკეთდა და გავეცნოთ მათ.

ჯეიმს პალოტა ("რომას" პრეზიდენტი): "ძალიან გამაკვირვა ფრანჩესკო ტოტის კომენტარმა, თუმცა მე შემიძლია გავიგო მისი იმედგაცრუება სათადარიგოთა სკამზე ჯდომის გამო. ჩვენ პატივს ვცემთ გუნდის კაპიტანს და კარგად გვესმის, რომ ის "რომას" ლეგენდაა, რომელსაც გულშემატკივრები აღმერთებენ.

თუმცა, ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ გუნდური ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. ლუჩანო სპალეტიმ ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ და ეს შედეგებზეც შესაბამისად აისახა. ამიტომ მწვრთნელს გვერდში დგომა სჭირდება და არა კრიტიკა. თვითონ სპალეტი დიდ პატივს სცემს ტოტის და მჯერა, რომ პრობლემა მალე მოგვარდება".

ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი): "რომაული კლუბის მესვეურები რთულ ვითარებაში არიან, რადგან ეს კონფლიქტი იოლი მოსაგვარებელი არ იქნება. ბეწვის ხიდზე უნდა გაიარონ, რადგან ერთი მხრივ, გუნდის სიმბოლო და ცოცხალი ლეგენდა უნდა დააფასონ და მეორე მხრივ, გუნდის ინტერესები დაიცვან. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, როდესაც ალესანდრო დელ პიერომ დატოვა "იუვენტუსი".

ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონტრაქტი არ უნდა გახანგრძლივებულიყო, დელ პიერომ კი უცხოეთს ტაშით და მქუხარე ოვაციით მიაშურა. თუმცა ის მუდამ დარჩება "იუვენტინოდ", რადგან გუნდის ლეგენდა და სიმბოლოა".

ჩეზარე პრანდელი ("რომას" ყოფილი მწვრთნელი): "ფრანჩესკო ტოტი ძალიან დიდი ფეხბურთელია და, რაც მთავარია, კარგი, სასიამოვნო ადამიანი, თუმცა კონკრეტულად ამ ვითარებაში მისი გამართლება მიჭირს. ფეხბურთელის ვალია ვარჯიშებზე ბოლომდე დაიხარჯოს და მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი სცეს. პირადად მე, კარგად მესმის სპალეტის, რომლისთვისაც მთავარი გუნდის ინტერესებია".

იონ-არნე რიისე ("რომას" ყოფილი ფეხბურთელი): "ითხოვდა თუ არა ტოტი განსაკუთრებულ მოპყრობას, როდესაც "რომაში" ვთამაშობდი? - არა, ასეთი რამ არ შემიმჩნევია. თუმცა, ტოტი ბუნებრივად იყო ყველასგან გამორჩეული და თანაგუნდელებისგან განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდა. როდესაც ტოტი მოედანზე იყო, ჩვენც უფრო თავდაჯერებულები ვიყავით.

ტოტი მართლაც ჰგავს იმპერატორს, მაგრამ ამასთანავე, ის სხვებივით ბოლომდე იხარჯებოდა ვარჯიშებზე. რაც მთავარია, კარგი ადამიანია, რომელსაც არასდროს ღალატობს თავაზიანობა და იცის გვერდში დგომა. არ ვიცი, რა მოხდა სპალეტის და ტოტის შორის, მაგრამ ფრანჩესკოს გარეშე "რომა" წარმოუდგენელია".

მარკო ტარდელი (იტალიური ფეხბურთის ლეგენდა): "ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის, მაგრამ მგონია, რომ დამნაშავე ორივე მხარეა. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა კლუბის მესვეურთა უმოქმედობას მაშინ, როდესაც სწორედ მათი ჩარევაა ძალიან მნიშვნელოვანი. ტოტი იტალიური ფეხბურთის ლეგენდაა და ის იმსახურებს კარიერის ღირსეულ დასასრულს. ფრანჩესკო აუცილებლად უნდა შეხვდეს სპალეტის და კლუბის მესვეურებს, რათა ეს კონფლიქტი მოგვარდეს. ფრანჩესკო უნდა დარჩეს "რომას" სამსახურში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული