სერია A. XXVII ტურის წინ: დიდი მატჩები ტურინსა და ფლორენციაში

AutoSharing Option
სერია A გვანებივრებს დიდი თამაშებით და გამონაკლისი არც 27-ე ტური იქნება. ფლორენციაში, "ფიორენტინა" "ნაპოლის" უმასპინძლებს, ტურინში კი "იუვენტუსი" "ინტერს" დაუხვდება. დიახ, წინ დიდი იტალიური დერბია.

დიდი იტალიური დერბი
როდესაც "იუვენტუსი" "ინტერს" ეთამაშება, ეს უკვე ძალიან საინტერესოა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც სასწორზე ბევრი რამე დევს. "ვეკია სენიორა" სკუდეტოსთვის იბრძვის და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, "ინტერი" კი ცდილობს, რომ ლიდერთა სამეულს არ ჩამორჩეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.

შესაძლოა, გულის სიღრმეში მილანელებს სკუდეტოს მოპოვების იმედიც აქვთ, მაგრამ რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ,
რობერტო მანჩინის გუნდის პროგრამა მაქსიმუმი სწორედ სამეულში მოხვედრაა.

"იუვენტუსს" ურთულესი კალენდარი აქვს - "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ, გუნდს მიუნხენის "ბაიერნთან" მოუწია ჭიდილი, წინ კი "ინტერთან" ჯახია. "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ალეგრი 3-5-2 ტაქტიკას დაუბრუნდება, რადგან ჯორჯო კიელინი გამოჯანმრთელდა და შეუძლია, რომ ლეონარდო ბონუჩისთან და ანდრეა ბარძალისთან ერთად, დაცვის ცენტრი გაამაგროს.

"ბაიერნთან" შეხვედრისას, კლაუდიო მარკიზიოს მიუღია მსუბუქი ტრავმა და მისი შეცვლის მიზეზიც ეს გამხდარა - ბოლო ინფორმაციით, "იუვეს" სწორედ მარკიზიო დააკლდება, მის არყოფნაში კი ნახევარდაცვაში ერნანესს ვიხილავთ, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა მიუნხენურ გიგანტთან პაექრობაში. სავარაუდოდ, შეტევაში ისევ პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი გაირჯებიან.

ბოლო დროს, რობერტო მანჩინი 4-4-2 ტაქტიკას წყალობს, შეტევის წინა ხაზზე კი მაურო იკარდისთან ერთად, მარტინს ედერს ამწესებს. სავარაუდოდ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, შუა ხაზს კი ჯონათან ბიაბიანი, გარი მედელი, ფელიპე მელო და ივან პერიშიჩი გაირჯებიან. "ინტერი" შეეცდება, რომ ცენტრი არ დაუთმოს მეტოქეს, თუმცა რა გამოვა ამ საქმიდან, რთული სათქმელია.

მატჩის წინ, ორივე გუნდის მწვრთნელი ოპტიმისტურ განწყობაზეა. რობერტო მანჩინიმ წინა ტურში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება გაიხსენა და განაცხადა, რომ მის გუნდს ტურინშიც შეუძლია სამი ქულის მოპოვება. მასიმილიანო ალეგრის თქმით, "ინტერთან" მატჩი ჩემპიონთა ლიგის პაექრობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და მის შეგირდებს მაქსიმალური მობილიზება ჰმართებთ, ვნახოთ, წინ დიდი მატჩი გველის...

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, სტურარო, ერნანესი, პოგბა, სანდრო - დიბალა, მანჯუკიჩი
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, მურილიო, მირანდა, დამბროზიო - ბიაბიანი, მედელი, ფელიპე მელო, პერიშიჩი - ედერი, იკარდი

ფლორენციაშიც დიდი მატჩია
"სტადიო არტემიო ფრანკიზე" ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში მეორე და მესამე ადგილზე მყოფი გუნდები წარდგებიან, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს - წინ დიდი მატჩია, რომელშიც დანდობა არ იქნება. ეს არის შეხვედრა, რომლის პროგნოზირება და შესაბამისად, ფავორიტის დასახელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუ ფლორენციელი მაურო სარატეს დისკვალიფიკაციას არ ჩავთვლით, ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება ამ უაღრესად საინტერესო მატჩს. პაულო სოუზა სავარაუდოდ 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში შემდეგ ოთხეულს გაამწესებს: ფედერიკო ბერნარდესკი, ბორხა ვალერო, კრისტიან ტელიო, ნიკოლა კალინიჩი. ოპტიმალური ოთხეულია და წესით, ნეაპოლელ მცველებს დიდი ჯაფა უნდა დაადგეთ.

"ნაპოლი" ტრადიციული ტრიოთი შეუტევს ლორენცო ინსინიეს, ხოსე კალეხონის და გონსალო იგუაინის შემადგენლობით. "ნაპოლის" მცირე ჩავარდნა აქვს, მიჯრით რამდენიმე მატჩი ვერ მოიგო და ვნახოთ, გატყდება თუ არა ნავსი...

შაბათი. 27 თებერვალი

ემპოლი-რომა 21:00
დისკვალიფიკაცია: ტონელი, საპონარა (ემპოლი)
ტრავმა: კოსტა, კროჩე - ტოროსიდისი, კაპრადოსი, პონჩე, გომბერი, დე როსი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +2=4-12, (15-32)

მილანი-ტორინო 23:45
დისკვალიფიკაცია: მონტოლივო - ბენასი
ტრავმა: მექსე, დიეგო ლოპესი, ელი, მაური, ლუის ადრიანო - ბოვო, ასკუა, გაცი, აველარი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +13=12-6, (46-17)

კვირა. 28 თებერვალი
პალერმო-ბოლონია 15:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრაფტი, როსეტინი (პალერმო)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +7=3-3, (23-15)

კარპი-ატალანტა 18:00
დისკვალიფიკაცია: კონტი (ატალანტა)
ტრავმა: ფედელე, დე გუზმანი, პაშუტი, პოლი, მარტინიო - კარმონა
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-3)

სამპდორია-ფროზინონე 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სალა, პერეირა, კარბონერო - რუსო
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-2)

კიევო-ჯენოა 18:00
დისკვალიფიკაცია: სპოლი, პინცი - იძო
ტრავმა: გამბერინი, პეპე - პავოლეტი, ანსალდი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +11=4-8, (31-25)

უდინეზე-ვერონა 18:00
დისკვალიფიკაცია: ალფრედსონი - მორასი
ტრავმა: მერკელი, პასკუალე, დომიცი, ვაგუე - ვივიანი, სუპრაიენი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=5-4, (21-20)

იუვენტუსი-ინტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: კონდოგბია, ბროზოვიჩი (ინტერი)
ტრავმა: მარკიზიო, კასერესი (იუვენტუსი)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +21=17-11, (63-46)

ორშაბათი. 29 თებერვალი
ლაციო-სასუოლო 22:00
დისკვალიფიკაცია: მისიროლი (სასუოლო)
ტრავმა: ბასტა, დე ვრი, ჯენტილეტი - ლარიბი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=1-1, (12-8)

ფიორენტინა-ნაპოლი 00:00
დისკვალიფიკაცია: სარატე (ფიორენტინა)
ტრავმა: ბენალუანი (ფიორენტინა)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +11=7-12, (43-36)

ბომბარდირები: 24 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული