დი მატეო და მებაღეობა

AutoSharing Option

„მანჩესტერ სიტისთან“ 3:0 დამარცხების შემდეგ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა“ თანამდებობიდან რობერტო დი მატეო გაათავისუფლა, რაც როი ჰოჯსონისთვის ფეხბურთში ელვის სისწრაფით დაბრუნების შანსი აღმოჩნდა: ცოტა ხნის წინ „ლივერპულიდან“ გაგდებული ჰოჯსონი ვესტბრომვიჩელთა ყველაზე სასურველი კანდიდატი აღმოჩნდა. ბირმინგემიდან სულ რაღაც 8 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქის გუნდს შაბათს, 12 თებერვალს, „ვესტ ჰემთან“ პრინციპული შეხვედრა ელის. 26 ტურის შემდეგ „ვესტ ბრომვიჩი“ მე-17 ადგილზეა და გასავარდნ სამეულში მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ „უიგანთან“ შედარებით გატანილ-გაშვებულთა სხვაობა ერთით უკეთესი აქვს, „ვესტ ჰემი“ კი ბოლოზეა. მწვრთნელის ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის

წინ შეცვლას, რასაკვირველია, თავისი დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც, თუმცა, როგორც ამბობენ, შაბათამდე გუნდს მაინც დი მატეოს ახლა უკვე ყოფილი ასისტენტი მეიკლ ეპლიტონი მოამზადებს.
ამრიგად, ჰოჯსონი „ვესტ ბრომვიჩისთვის“ ყველაზე სასურველი კანდიდატი გამოდგა, მაგრამ განა ეგრეთწოდებულ შორთ-ლისტში მარტო ერთი კაცი ეწერათ? რასაკვირველია, არა. „შაშვების“ მოსაწონ მწვრთნელთა სიაში არიან „ნიუკასლის“ ყოფილი თავკაცი კრის ჰიუტონი და დერეკ მაკლნისი, რომელიც დღეს შოტლანდიის პრემიერლიგის „სენტ ჯონსტონს“ უდგას სათავეში. ისე, „შაშვებს“ „კაჭკაჭების“ („ნიუკასლ იუნაიტედის“) თავკაცი რომ მოსწონთ, ლოგიკას არ არის მოკლებული...

„ვესტ ბრომვიჩმა“ სეზონი ცუდად არ დაიწყო, პირველ 9 შეხვედრაში 15 ქულა მოიპოვა, მაგრამ შემდეგი 17 შეხვედრიდან 11 ქულაზე მეტი ვეღარ შეიმატა და კლუბის თავმჯდომარე ჯერემი პისსაც მოთმინების ფიალა აევსო. გაზეთები წერენ, რომ პისმა დი მატეო „ვესტ ჰემთან“ თამაშის წინ იმიტომ გაანთავისუფლა, რომ „ვესტ ჰემის“ შემდეგ კიდევ ერთ აუტსაიდერთან, „ვულვერჰემპტონთან“ უწევს შეხვედრა.
40 წლის დი მატეო ჯერემი პისმა ინგლისში „მებაღედ დატოვების“ სახელწოდებით ცნობილი პრინციპის მიხედვით მოხსნა. სხვა სიტყვებით, შვეიცარიაში დაბადებულ-გაზრდილი იტალიელი „ვესტ ბრომვიჩში“ ხელფასს მაინც მიიღებს, მაგრამ ის თავმოყვარე კაცია და აინტერესებს, რა შედეგს ითხოვდნენ მისგან, როდესაც პრემიერლიგაში ახალაღზევებული გუნდი ვერც ბიუჯეტით დაიკვეხნის და ვერც ძლიერი ფეხბურთელებით. გარდა ამისა, ამბობენ, რომ დი მატეოს კონტრაქტში იყო რამდენიმე პუნქტი, რომელთა გამო მწვრთნელს კლუბთან გაუგებრობა აქვს. ნაწილობრივ აქედანაც დაწყებულა ყველაფერი:

როგორც დი მატეოს მეგობრები ყვებიან მასა და პისს შორის შავმა კატამ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, „ბლექპულთან“ შეხვედრის წინ გაირბინა. ზემოთ, რომელიღაც საკონტრაქტო საკითხი ვახსენეთ. სწორედ ამაზე ყოფილა ლაპარაკი სამსაათიან შეხვედრაზე, რომელსაც პისი და კლუბის ორი დირექტორი ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ ვესტ ბრომვიჩში ხმა დარხეულა, რომ საქმე მთლად კარგად აღარ არის. ის შეხვედრა, იან ჰოლოუეის გუნდთან „ვესტ ბრომვიჩმა“ 15 იანვარს 3:2 მოიგო და ამ შედეგმა დაძაბულობა მიიჩქმალა, მაგრამ „ვესტ ჰემსა“ და „ვულვზთან“ პრინციპული შეხვედრების წინ პისმა მაინც მდგომარეობის გადახალისება ამჯობინა.

ლიგის მწვრთნელთა ასოციაციის შეფმა რიჩარდ ბივენმა დი მატეოს დაუჭირა მხარი და გაოცებულმა იკითხა, რა არ მოეწონათ „ვესტ ბრომვიჩში“ ასე უცბათ კაცისა, რომელმაც მათი გუნდი შარშან პრემირლიგაში პლეი-ოფის გარეშე გადაიყვანა, ხოლო ნოემბერში სწორედ იქ, პრემიერლიგაში წინ თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. „ვესტ ბრომვიჩში“ კი დაიჩემეს, დი მატეო მეტოქეებს ჯეროვნად არ სწავლობდაო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული