"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს და თასის ფინალშია გასული, ჩემპიონთა ლიგაზე კი მიუნხენის "ბაიერნთან" განმეორებითი მატჩი ელის და მომდევნო ეტაპზე გასვლის პრაქტიკულ შანსს ინარჩუნებს.
"იუვემ" სეზონი მძიმედ დაიწყო და ალეგრის ბევრი უწინასწარმეტყველებდა პოსტის დატოვებას, მაგრამ მწვრთნელმა თავის გუნდთან ერთად, დაძლია კრიზისი და დღეს ისევ ავანსცენაზეა. ქვემოთ, ალეგრის საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით.
- ეთანხმებით, რომ "იუვენტუსი" სკუდეტოსთვის
- ნუ ვიჩქარებთ, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ბევრი ტურია დარჩენილი. "ნაპოლი" თამაშს თამაშზე იგებს და არ აპირებს გაჩერებას. მაურიციო სარი ბრწყინვალედ მუშაობს და ვფიქრობ, წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას იმსახურებს. არც "რომა" უნდა დავივიწყოთ, რომელიც წამოგვეწია და არაა გამორიცხული, ასევე ჩაებას სკუდეტოსთვის ბრძოლაში.
- თუმცა, "იუვენტუსი" პირველია და სრულიად ბუნებრივია, რომ გულშემატკივართა უმეტესობა ფავორიტად თქვენს გუნდს მიიჩნევს...
- დიახ, ვლიდერობთ და ჩვენი მიზანია, რომ პირველად ისტორიაში, სკუდეტო ზედიზედ მეხუთედ მოვიგოთ. ეს ისტორიული მიღწევა იქნება, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.
- წინ მიუნხენის "ბაიერთან" ჯახია და რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან?
- "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია და წინ ურთულესი მატჩი გველის. მჯერა, რომ რთული ბარიერის გადალახვა შეგვიძლია და ამისთვის საუკეთესო თვისებები უნდა წარმოვაჩინოთ. მოგება გვჭირდება და შესაბამისად, საკუთარ ნახევარზე არ გავმაგრდებით. მართალია, უხვგოლიანი ფრეც გვაწყობს, მაგალითად 3:3, მაგრამ ამაზე ფიქრი უტოპიაა და მიზნად გამარჯვება უნდა დავისახოთ.
- მაინც რის ხარჯზე აპირებთ "ბაიერნის" დამარცხებას?
- კონკრეტულ სათამაშო ასპექტებზე ვერაფერს გეტყვით და უმჯობესია, რომ თამაშს დაველოდოთ. პირველ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ მეტოქეს ბევრით არ ჩამოვრჩებით და მასთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია. ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუ ყველაფერი ცუდად დასრულდა, ვეცდებით, რომ ზედიზედ მეხუთე სკუდეტო და იტალიის თასი მოვიპოვოთ.
- შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ მომდევნო სეზონშიც "იუვენტუსის" მწვრთნელი იქნებით?
- კონტრაქტი მომდევნო სეზონშიც ძალაშია, მის გაწყვეტას კი არ ვაპირებ. შესაბამისად, ჩემი გეგმები მხოლოდ "იუვენტუსს" უკავშირდება. თუმცა, 100%-იანი სიზუსტით დღეს ვერაფერს ვიტყვი, რადგან თეორიულად არც ისაა გამორიცხული, რომ კლუბის მესვეურებმა ჩემთან თანამშრომლობა არ ისურვონ.
- რა კომპონენტებზეა სამუშაო გუნდში?
- ტაქტიკური კუთხით ყველაფერი რიგზეა და ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებასაც არაფერი დაეწუნება. "იუვენტუსი" გამარჯვებული მენტალიტეტის გუნდია, თუმცა ამ კუთხით, მაინც საჭიროა მუშაობა. როდესაც "ბაიერნის" კალიბრის გუნდს ხვდები, საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე უნდა იყო დარწმუნებული.
- ამბობენ, რომ სერია A-ში "იუვენტუსს" შედარებით იოლი კალენდარი აქვს...
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იტალიაში იოლი თამაშები არ არსებობს. ამდენი ხანია "იუვენტუსს" ვწვრთნი და არ მახსენდება მატჩი, რომელიც ძალების დაზოგვით მოვიგეთ.
- თქვენი აზრით, როგორ ითამაშებს იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე?
- დარწმუნებული ვარ, რომ იტალია გაამართლებს იმედებს და უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლებს.
- ფეხბურთელებიდან ვისი იმედი გაქვთ ყველაზე მეტად ევრო 2016-ზე?
- ვნახოთ, ვის შეიყვანს განაცხადში ანტონიო კონტე და ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. ერთადერთი, ვისი გამოყოფაც დღეს შემიძლია, ჯანლუიჯი ბუფონია. როდესაც ჯიჯი კარში დგას, შეგიძლია მშვიდად იყო.
- მიმდინარე სეზონი "იუვენტუსმა" საშინლად დაიწყო და ბევრი თქვენ გათავისუფლებას ვარაუდობდა...
- დიახ, ბევრმა ჩამომწერა, მაგრამ საბრძოლველად განვეწყვე და დღეს ვარ იქ, სადაც ვარ. ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადამიტანია და ესეც ერთ-ერთი გამოცდა იყო. იმ პერიოდში, კლუბის მესვეურებმა ნდობა გამომიცხადეს და ეს გადამწყვეტი იყო.
- ამბობენ, რომ ჯიუტი ხართ და რჩევებს არასდროს ითვალისწინებთ, რის გამოც სილვიო ბერლუსკონისთან პრობლემები გქონდათ...
- რჩევებს სიამოვნებით ვისმენ, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ. იტალიაში ყველა ფეხბურთის პროფესორად თვლის თავს და ყველა რაღაც ახლის ძიებაშია. ამ დროს, ფეხბურთში არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც მეკარეს მცველის მიერ დაბრუნებული ბურთის ხელში აღება აეკრძალა. ხშირად, ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე ბევრს ჰგონია.
- ანუ ადასტურებთ, რომ ბერლუსკონისთან საერთო ენა ვერ გამონახეთ...
- ჩემსა და ბერლკუსკონის შორის არსებულ კონფლიქტზე ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ რეალურად, ჩვენ შორის ყველაფერი რიგზე იყო. დონ სილვიოს უყვარდა რჩევების მოცემა, მაგრამ არასდროს უთქვამს, რომ მისთვის აუცილებლად დამეჯერებინა.
- "მილანამდე" "კალიარის" წვრთნიდით, იქ კი თქვენი პრეზიდენტი მასიმო ჩელინო იყო. მასზე რას გვეტყვით?
- ოო, აი, ჩელინო კი საინტერესო და მეტად უცნაური ადამიანია. მე არ ვარ ცრუმორწმუნე და მხოლოდ ფაქტები მაინტერესებს, ჩელინოს კი ხანდახან ჭკუიდან გადავყავდი. სენიორ მასიმოს საყვარელი რიცხვი 23 იყო და ეს ნომერი მის ფავორიტ თავდამსხმელს, ლარივეის მისცა, შეტევაში კი მატრი შეუწყვილა და მას 32 ნომერი შეურჩია, ანუ შემოტრიალებული 23. პირველივე შეხვედრაში ორივე ფორვარდმა გოლი შეაგდო და ჩელინო ექსტაზში მოვიდა. უნდა ვაღიარო, რომ მასიმოსთან ურთიერთობა უფრო რთული იყო, ვიდრე ბერლუსკონისთან.
- და რას იტყვით "იუვენტუსის" მესვეურებზე?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათგან სრული ნდობა მაქვს, ეს კი მწვრთნელისთვის უმთავრესია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"