"იუვენტუსის" კარის დარაჯმა მორიგი რეკორდი დაამხო, ამჯერად იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული "მშრალი" წუთებისა. დღევანდელი ჩვენი წერილი სწორედ სხვადასხვა დროის რეკორდსმენებს ეხებათ.
10. ადრიანო რეჯინატო (კალიარი)
1966-67 წლების სეზონში 712 წუთის განმავლობაში შეინახა კარი მშრალად. ის არ იყო დიდი მეკარე, არასოდეს უთამაშია იტალიის ნაკრებში. მეტიც, კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი რეზერვში გაატარა, მაგრამ ერთი დიდებული სეზონი კი ჰქონდა. ჩემპიონატის სტარტზე "კალიარიმ" თითქმის 8 მატჩის განმავლობაში არ გაუშვა გოლი. ბოლოს რეჯინატოს სერია "იუვენტუსმა"
9. მორგან დე სანკტისი (რომა)
2013-14 წლების სეზონში 744 წუთი ისე გაატარა მინდორზე, რომ გოლი არ გაუშვია. 2013 წლის გაზაფხულზე დე სანკტისი ფრანგ მწვრთნელთან, რუდი გარსიასთან ერთად მივიდა იტალიურ კლუბში. ორივესათვის ყველაფერი დიდებულად დაიწყო. გუნდმა ზედიზედ 10 თამაში მოიგო. დე სანკტისის სერია კი სექტემბერში "ტორინოს" შემტევმა, ალესიო ჩერჩიმ შეწყვიტა. იმ სეზონში "რომამ" წინ მხოლოდ "იუვენტუსი" გაუშვა.
8. ჯანლუიჯი ბუფონი
2013-14 წლების სეზონში ბუფონი 745 წუთის განმავლობაში არ ნებდებოდა მოწინააღმდეგეებს. იმ სეზონში "რომა" და "იუვე" ერთმანეთს გააფთრებით ებრძოდნენ. ასევე იყო ბუფონისა და დე სანკტისის შემთხვევაში. ორივე დუელში გამარჯვება "ბებერ ქალბატონს" დარჩა. ბუფონმა კონკურენტს წუთით აჯობა.
7. ლუკა მარკეჯანი (ლაციო)
1997-98 წლების სეზონში ზედიზედ 745 წუთის განმავლობაში არ გაუშვია გოლი. ეს დრო "ლაციოსათვის" დიდებული იყო. სვენ-გორან ერიქსონის გუნდმა მოიგო იტალიის თასი, გავიდა უეფას თასის ფინალში. ის თანდათან უახლოვდებოდა სკუდეტოს, რომელიც ორი წლის მერე მოიგო.
იმ დროს რომაულ კლუბში თამაშობდნენ ნესტა, ნედვედი, მანჩინი, იუგოვიჩი, ბოქშიჩი და სხვები. მარკეჯანი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ დარჩა. მან 10 წელი გაატარა "ლაციოში" და არაერთი ტიტული მოიგო. მისი მშრალი სერია "იუვენტუსის" ფორვარდმა, ფილიპო ინძაგიმ შეწყვიტა.
6. დავიდე პინატო (ატალანტა)
1996-97 წლების სეზონში კარს "მშრალად" 758 წუთის განმავლობაში ინახავდა. ბევრი ექსპერტი შეცდომას უშვებს, როცა ბევრით არაფრით გამორჩეული მეკარის მიღწევას ერთი სეზონით გვიან ათარიღებს, როცა "ატალანტას" იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დატოვება მოუხდა. დავიდეს რვამატჩიანი "მშრალი" სერია ჰქონდა, რომელიც ურუგვაელმა ფორვარდმა, "ვიჩენცას" შემტევმა მარსელო ოტერომ შეწყვიტა 11-მეტრიანი დარტყმით.
5. ივან პელიცოლი (რომა)
2003-04 წლების სეზონში პელიცოლი გოლს 774 წუთის განმავლობაში არ უშვებდა. მისი მშრალი სერია "ლეჩეს" ურუგვაელმა ფორვარდმა ერნესტო ჩევანტონმა მაშინ შეწყვიტა, როცა "რომას" უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თამაშის ბედი. ამ უნიჭიერესი იტალიელი მეკარის კარიერა სათანადოდ ვერ წარიმართა. ერთ დროს ფაბიო კაპელოს რჩეული მოსკოვის "ლოკომოტივის" სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა.
4. მარიო დი პოცო (ჯენოა)
1963-64 წლების სეზონში 792 წუთის განმავლობაში არ უშვებდა გოლს. იმ სეზონში "ჯენოა" ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოდა. დი პოცო ისტორიაში დიდწილად მისი რვამატჩიანი სერიით შევიდა. სხვათა შორის, მორიგი სერია ამ მეკარემ იტალიის რანგით მეორე დივიზიონშიც "გამოაცხო".
3. დინო ძოფი (იუვენტუსი)
1972-73 წლების სეზონში ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ გოლი 903 წუთის განმავლობაში არ გაუშვა. პირველივე სეზონი "იუვენტუსში" ტრიუმფალური გამოუვიდა. გახდა ქვეყნის ჩემპიონი და დაამყარა "მშრალი" მატჩების რეკორდი, რომელმაც 20 წელიწადს გაძლო. ძოფს სერია კიდევ ერთმა ლეგენდამ, "მილანის" ნახევარმცველმა ჯანი რივერამ შეუწყვიტა.
2. სებასტიანო როსი (მილანი)
1993-94 წლების სეზონში 929 წუთის განმავლობაში არ გაუშვია გოლი. მაშინ "მილანის" დაცვაში მალდინი, ბარეზი, კოსტაკურტა და ტასოტი თამაშობდნენ. რეკორდსმენი კი კარიერას ისე მორჩა, რომ იტალიის ნაკრებში არ უთამაშია. იმ სეზონში "მილანმა" სკუდეტო და ჩემპიონთა თასი მოიგო. გუნდმა იტალიის ჩემპიონატში სულ 15 გოლი გაუშვა. როსის სარეკორდო სერია რუსმა ფორვარდმა იგორ კოლივანოვმა შეწყვიტა.
1. ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)
973 წუთი იდგა კარში "მშრალად". მისი სერია ტურინულ დერბიში შეწყდა. "ტორინომ" მხოლოდ პენალტიდან შეწყვიტა ჯიჯის სარეკორდო სვლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"