სერია A. XXXII ტური: "იუვეს" საჩემპიონო განაცხადი [VIDEO]

AutoSharing Option
* "ემპოლიმ" 10 იანვრის მერე პირველად მოიგო. ეს მჭედლიძის გუნდმა ტოსკანურ დერბიში შეძლო.
* ტურინის "იუვენტუსს" 22 ტურია, არ წაუგია. "ბებერმა ქალბატონმა" ბოლო 6 ტურის მატჩებში იმარჯვა.
* "პალერმოს" 11 ტურია, არ მოუგია.

32-ე ტურის მთავარი მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "იუვენტუსი" "მილანს" ესტუმრა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტურინულმა გრანდმა კიდევ ერთი და შესაძლოა, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ.

"იუვემ" "მილანი" დაჯაბნა
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი, "იუვენტუსი" კი ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და დიდი ალბათობით, მორიგ სკუდეტოს მოიპოვებს. საჩემპიონო
გზაზე "ვეკია სენიორას" ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი სწორედ მილანში ჰქონდა დარჩენილი და ტურინელებმა ეს გამოცდაც წარმატებით ჩააბარეს.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რამდენიმე ნაკლებად მწვავე მომენტს კი ალექსის გოლი მოჰყვა, რომელმაც მარიო ბალოტელის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით შეარხია ჯანლუიჯი ბუფონის კარის ბადე - 1:0. მილანელებს კიდევ ჰქონდათ არაერთი მომენტი, მაგრამ ბუფონი იყო მოწოდების სიმაღლეზე და არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან.

სამაგიეროდ, "იუვენტუსმა" იხეირა და თანაც, ორჯერ. 27-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა გაათანაბრა ანგარიში, მეორე ტაიმის შუაწელს კი პოლ პოგბამ გამარჯვების გოლი შეაგდო. ფრანგის გოლი კუთხურს მოჰყვა, მკერდით ჩამოიღო ბურთი მეტოქის საჯარიმოში, ძლიერად დაარტყა და ბურთი მინდვრიდან ასხლეტით ჩაეშვა "მილანის" კარის ბადეში. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, ჯანლუიჯი დონარუმამ კარგად ითამაშა და ბუფონის მსგავსად, რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან.

თქმა არ სჭირდება, რომ "იუვენტუსი" დღეს "მილანზე" უკეთესი გუნდია და "სან სიროზე" გამართულმა მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა. ტურინულ გრანდს მორიგ სკუდეტომდე ბევრი არაფერი უკლია - არადა, "ვეკია სენიორამ" სეზონი მძიმედ დაიწყო და კარგა ხანი, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ყურყუტებდა.

სინიშა მიხაილოვიჩი (მილანი): "შეგირდების თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად და "იუვენტუსს" ტოლ-სწორად ეპაექრნენ. "მილანს" აქვს პრობლემები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არ გვიმართლებს და ფორტუნამ არც ამ მატჩში გაგვიღიმა.

ეს არ იყო მატჩი მხოლოდ სამი ქულისთვის, ეს იყო ბრძოლა ღირსებისთვის და ვფიქრობ, რომ თავი არ შეგვირცხვენია. თუ ასე ვითამაშებთ დარჩენილ შეხვედრებში უფრო სუსტ გუნდებს აუცილებლად დავამარცხებთ. "იუვესთან" მატჩმა საკუთარი თავის რწმენა გაგვიმყარა და იტალიის თასის ფინალის წინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "უნდა შევაქო შეგირდები, რომლებმაც ცუდი სტარტის შემდეგ შეძლეს გადაწყობა და სასურველი მიზნის მიღწევა. მეორე ტაიმში ბურთზე კონტროლი დავაწესეთ და გაცილებით უკეთ ავთამაშდით.

უმნიშვნელოვანესი სამი ქულაა, რომელიც სკუდეტოსთვის ბრძოლაში ძალიან დაგვეხმარება. მთლიანობაში, რთული თამაში იყო, რასაც ველოდი კიდეც, რადგან "სან სიროზე" მოგება იოლი არასდროს ყოფილა. "მილანს" რთული დროება უდგას, თუმცა მჯერა, რომ გუნდი მალე დაძლევს კრიზისს და მომდევნო სეზონში სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს. "როსონერიში" სამი დაუვიწყარი წელი გავატარე და ამ გუნდის წარმატება ყოველთვის გამახარებს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოგება იგუაინის გარეშე
"ნაპოლის" გონსალო იგუაინის გარეშე უწევს ასპარეზობა, რადგან ამ უკანასკნელს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. მაურიციო სარის გუნდმა "ვერონას" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა.

ანგარიში იგუაინის შემცვლელმა მანოლო გაბიადინიმ გახსნა, რასაც ლორენცო ინსინიეს ზუსტი თერთმეტმეტრიანი და ხოსე კალეხონის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა, 3:0. ნეაპოლელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლოთ მოგება.

მატჩის შემდეგ "ნაპოლის" თავკაცმა შეაქო შეგირდები და შემდეგი განაცხადა:

"სკუდეტოს მოპოვების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და იქამდე არ დავნებდებით, სანამ ბოლო იმედი არ გადაგვეწურება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ადგილის შენარჩუნება, რადგან ეს პოზიცია ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. "რომა" შესანიშნავ ფორმაშია, თამაშს თამაშზე იგებს და ამიტომ ფხიზლად გვმართებს ყოფნა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერმა" "ფიორენტინას" გადაასწრო
"ინტერი" "ფროზინონეს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს. ერთადერთი და გამარჯვების გოლი მაურო იკარდის ანგარიშზეა, რომელმაც თავური დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე. "ფროზინონეს" შეეძლო მინიმუმ ქულის აღება, რადგან მწვავედ უტევდა, ორჯერ კი "ინტერი" ძელმა იხსნა.

ავად თუ კარგად, "ნერაძურიმ" მოიგო და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აინაცვლა. მილანელები ინარჩუნებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების მცირე შანსს და როგორც რობერტო მანჩინი აცხადებს, მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერის" აღზევება "ფიორენტინას" დამსახურებაა, რომელიც ტოსკანურ დერბიში "ემპოლისთან" დამარცხდა. ფლორენციელები ბურთსაც უფრო ხშირად ფლობდნენ და უფრო ხშირადაც უტევდნენ, მაგრამ გოლები მათ კარში გავიდა და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "ვიოლა" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვეღარ შესწვდება და მიმდინარე სეზონში გუნდის პროგრამა-მაქსიმუმი ევროპალიგაზე გასვლაა.

XXXII ტური
9 აპრილი
ფროზინონე-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 იკარდი (74)
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი, ბლანკარდი, აიეტი, პავლოვიჩი - გუჩერი (80. ლონგო), გორი (71. ჩიბსა), ფრარა - კრაგლი (75 კარლინი), პაგანინი, დ. ჩოფანი
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, ჟუანი, ტელესი (86. სანტონი) - ბიაბიანი, ბროზოვიჩი, მელო (86. მედელი), პერიშიჩი - პალასიო (90. იოვეტიჩი), იკარდი
გაფრთხილება: პავლოვიჩი, კრაგლი, აიეტი, ფრარა, გუჩერი - დამბროზიო, მელო
გაძევება: ბლანკარდი (80. ფროზინონე)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9-14 (1-3); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 10 000

კიევო-კარპი 1:0
გოლი: 1:0 პელისიერი (83)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, გამბერინი, ცეზარი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (79. პელისიერი) - მეჯორინი (86. რიგონი), ფლორო ფლორესი (46. ინგლეზე)
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, სუაგერი - პაშუტი, ბიანკო (83. ლეტიცია), კოფიე, დი გაუდიო (63. ლაზანია) - ლოლო (68. კრიმი) - მბაკოგუ
გაფრთხილება: რადოვანოვიჩი, მეჯორინი - სუაგერი, ლოლო, პაშუტი
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-10 (3-3); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 10 000

სასუოლო-ჯენოა 0:1
გოლი: 0:1 ჯემაილი (42)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - ბიონდინი (79. ფალჩინელი), მანიანელი, დანკანი (87. პელეგრინი) - სანსონე, ბერარდი (75. პოლიტანო), დეფრელი
ჯენოა (3-5-2): პერინი - დე მაიო, მუნიოსი, მარკეზე (80. პანაიოტისი) - ფლამოცი, რიგონი (64. ანსალდი), ჯემაილი, რინკონი, სილვა - სუსო, მატავცი (71. პავოლეტი)
გაფრთხილება: დანკანი, პოლიტანო - მუნიოსი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17-6 (6-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 12 000

მილანი-იუვენტუსი 1:2
გოლები: 1:0 ალექსი (18), 1:1 მანჯუკიჩი (27), 1:2 პოგბა (65)
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა (74. ლუის ადრიანო), კუცკა, მონტოლივო, ბონავენტურა - ბალოტელი (77. ბოატენგი), ბაკა
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, რუგანი - ლიხტშტაინერი (81. კუადრადო), პოგბა, მარკიზიო, ასამოა (85. ევრა), სანდრო - მორატა (67. ძაძა), მანჯუკიჩი
გაფრთხილება: ალექსი, ანტონელი, კუცკა, ბალოტელი - ასამოა, მანჯუკიჩი, ბაკა
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-8 (5-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 70 000

10 აპრილი
ემპოლი-ფიორენტინა 2:0
გოლები: 1:0 პუჩარელი (41), 2:0 ზელინსკი (88)
ემპოლი (4-3-1-2): პელაგოტი - ლაურინი (57. ბიტანტე), კოშიჩი, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი, კროჩე (70. ბუჩელი) - საპონარა (76. კრანიჩი) - მაკარონე, პუჩარელი
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - რონკალია (82. ბლაშიკოვსკი), გონსალო, ასტორი, ალონსო - ვესინო, ბორხა ვალერო - ტელიო, ილიჩიჩი (82. კონე), ბერნარდესკი (57. სარატე) - კალინიჩი
გაფრთხილება: კოშიჩი, ზელინსკი, ბუჩელი - რონკალია, ასტორი, Aლონსო, ვესინო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 7-17 (5-7); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 15 000

ნაპოლი-ვერონა 3:0
გოლები: 1:0 გაბიადინი (33), 2:0 ინსინიე (45-პენ.), 3:0 კალეხონი (70)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კირიკეში, გულამი (87. სტრინიჩი) - დავიდ ლოპესი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (79. ჩალობაჰი) - ინსინიე, კალეხონი, გაბიადინი (68. ელ ქადური)
ვერონა (4-2-3-1): გოლინი - პიზანო, ბიანკეტი, სამირი, სუპრაიენი - ვივიანი (52. გრეკო), იონიცა - ვსზოლეკი (52. პაცინი), ემანუელსონი, რებიჩი (72. მანონე) - ტალები
გაფრთხილება: ალბიოლი, კირიკეში - ბიანკეტი, სამირი
გაძევება: სუპრაიენი (45. ვერონა)
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 13-6 (6-1); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 40 000

სამპდორია-უდინეზე 2:0
გოლები: 1:0 არმერო (58-საკ. კარში), 2:0 ფერნანდო (85)
სამპდორია (3-5-2): ვივიანო - დიაკიტე, რანოკია, მოისანდერი - დე სილვესტრი, სორიანო (71. ივანი - 75. ფერნანდო), კრსტიჩიჩი, ბარეტო, დოდო - მურიელი (65. კასანო), კვალიარელა
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ერტო (75. ედენილსონი), დანილო, პირისი (67. ვაგუე) - ვიდმერი, კუზმანოვიჩი, ლოდი, ალფრედსონი (63. მატოსი), არმერო - საპატა, ტერო
გაფრთხილება: დიაკიტე, მოისანდერი, რანოკია, მურიელი - კუზმანოვიჩი
კუთხური: 3-12; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 13-14 (6-6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 20 000

ტორინო-ატალანტა 2:1
გოლები: 1:0 პერესი (35), 2:0 მაქსი ლოპესი (46), 2:1 ჩიგარინი (82)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ასკუა (46. ბენასი), ვივესი, ობი (57. ბაზელი), მოლონარო - მაქსი ლოპესი, ბელოტი (73. მარტინესი)
ატალანტა (4-2-3-1): სპორტიელო - მაზიელო, პალეტა, სტენდარდო, დრამე - დე რუნი, ჩიგარინი - კურტიჩი (69. გაპკე), კონტი (46. დალესანდრო), გომესი (74. ბორიელო) - პინილია
გაფრთხილება: პერესი, ბაზელი - სტენდარდო, მაზიელო, ჩიგარინი
გაძევება: დე რუნი (90. ატალანტა)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-14 (4-6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 18 000

პალერმო-ლაციო 0:3
გოლები: 0:1 კლოზე (10), 0:2 კლოზე (15), 0:3 ანდერსონი (72)
პალერმო (4-4-1-1): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი, პეცელა - ჰილემარკი, მატო, ლაზაარი (37. ბრუგმანი), მორგანელა (52. ლე გუმინა) - კუაიზონი (74. ტრაიკოვსკი) - ჯილარდინო
ლაციო (4-3-3): მარკეტი - პატრიჩი, ბიშევაჩი, ჯენტილეტი, ლულიჩი (76. მაურისიო) - პაროლო, ბილია, ონაზი - კანდრევა, კეიტა (69. ანდერსონი), კლოზე (78. ჯორჯევიჩი)
გაფრთხილება: მატო, კუაიზონი - ჯენტილეტი, პაროლო, მაურისიო
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 4-15 (2-8); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 18 000

11 აპრილი
რომა-ბოლონია 22:45

ბომბარდირები: 30 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური
16 აპრილი:
ბოლონია-ტორინო, კარპი-ჯენოა, ინტერი-ნაპოლი

17 აპრილი:
ატალანტა-რომა, უდინეზე-კიევო, ვერონა-ფროზინონე, იუვენტუსი-პალერმო, ფიორენტინა-სასუოლო, ლაციო-ემპოლი, სამპდორია-მილანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული