კრისტიან ბროკის წარმატებული დებიუტი "მილანში"

AutoSharing Option
კრისტიან ბროკის დებიუტი "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოდგა - "როსონერი" გენუაში "სამპდორიას" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს - 1:0. ერთადერთი და გამარჯვების გოლი კარლოს ბაკას ანგარიშზეა, რომელსაც საგოლე გადაცემა ჯაკომო ბონავენტურამ გაუკეთა.

- სერია A. XXXIII ტური: "იუვეს" საჩემპიონო გაქცევა [VIDEO]

მილანელები ფლობდნენ უპირატესობას და დაიმსახურეს მოგება, თუმცა მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ და შეიძლებოდა, რომ თამაში ფრედ დასრულებულიყო.

ბროკიმ ტაქტიკა არ შეცვალა და გუნდი ისევ 4-4-2 სქემით ათამაშა. არადა, პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ კრისტიანი გამთამაშებლით აპირებდა თამაშს და შესაბამისად,
4-3-1-2 ტაქტიკას დაეყრდნობოდა. ბროკი "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში სწორედ აღნიშნულ სქემას იყენებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარ გუნდში გამთამაშებელი ვერ იპოვა და იძულებული გახდა, რომ ნახევარმცველები ხაზზე ჩაემწკრივებინა. მთლიანობაში, "როსონერიმ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა და აჯობა მეტოქეს.

მატჩის შემდეგ ბროკიმ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: "ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით და ფეხბურთელთა საქმისადმი მიდგომით. მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ და სეზონს მაჟორულ ნოტზე დავასრულებთ. თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და არც ამ მხრივ მაქვს აუგი სათქმელი.

ფეხბურთელები ცდილობდნენ, რომ ჩემი ხედვა მოედანზე გადაეტანათ და დიდწილად, ეს გამოუვიდათ. აუცილებელია, რომ მოთამაშეებს სჯეროდეთ ჩემი, რადგან მე მათ სრულად ვენდობი. კარლოს ბაკამ და მარიო ბალოტელიმ ფანტასტიკურად ითამაშეს - დიდი შრომა გასწიეს და ლომის წილი დაიდეს გამარჯვებაში. თუმცა, არც სხვებს უნდა დავუკარგოთ გარჯა, რადგან იგებს გუნდი და არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელი".

რა ბედი ელის ბალოტელის?
მარიო ბალოტელიმ ბოლო შეხვედრებში მოუმატა, მაგრამ ოპტიმალური ფორმისგან მაინც ძალიან შორსაა. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და სწორედ ამ მატჩებში უნდა დაამტკიცოს 25 წლის ფორვარდმა, რომ "მილანში" დარჩენის ღირსია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლომბარდიელები მარიოს "ლივერპულში" დააბრუნებენ, რაც თავად ფეხბურთელს არ უნდა:

"ჩემი სურვილია, რომ "მილანში" დავრჩე და აქ გავაგრძელო კარიერა. "ლივერპულში" ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად, იქ დაბრუნება არ მსურს. ბოლო ორ შეხვედრაში კარგად ვითამაშე და ვგრძნობ, რომ ფორმაში შევდივარ. წინ ჩემპიონატის 5 თამაში და პლუს, იტალიის თასის ფინალია. შევეცდები დავამტკიცო, რომ "მილანში" დარჩენის ღირსი ვარ. გადაწყვეტილებას გუნდის მწვრთნელი და კლუბის მესვეურები მიიღებენ, მე კი მათ განაჩენს დაველოდები".

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანის" მესვეურებს სურთ, რომ კიდევ ერთი შანსი მისცენ ბალოტელის და ამისთვის, ლივერპულელ კოლეგებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.

იტალიელებს კიდევ 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება სურთ, ინგლისელები კი ფეხბურთელის გაყიდვას და მასში მინიმუმ 15 მილიონი ევროს აღებას ეშურებიან. შეგახსენებთ, რომ თვითონ "ლივერპულმა" ბალოტელი სწორედ "მილანისგან" 20 მილიონ ევროდ გადაიბირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული