რატომ ვერ თანხმდება სილვიო ბერლუსკონი ჩინელებთან

AutoSharing Option
* სილვიო ბერლუსკონი "მილანის" აქციების 70%-ს ყიდის, რაც 740 მილიონი ევროს ტოლფასია.
* "მილანის" აქციები ჩინელი მილიარდერის, ჯეკ მას ხელში გადავა.
* ბერლუსკონის პირობა - კიდევ 3 წელი "მილანის" პრეზიდენტობა.

"მილანის" მფლობელი სილვიო ბერლუსკონი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ჩინელ ინვესტორებთან და შესაძლოა, სულ მალე იტალიური გრანდი აზიელების ხელში გადავიდეს.

თუმცა მოლაპარაკება მძიმედ მიმდინარეობს და ამის შესახებ განცხადებას თავად ბერლუსკონი ავრცელებს:

"ჩინელებმა ექსკლუზიური უფლება მიიღეს ჩვენთან მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებით და შევეცდებით, რომ შეთანხმებას ერთი თვის განმავლობაში მივაღწიოთ. თუმცა პროცესი გართულებულია, რადგან ჩინელებს
სურთ, რომ დავტოვო "მილანის" პრეზიდენტის პოსტი.

მსურს, ხელშეკრულებაში შევიტანოთ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კლუბის პრეზიდენტად კიდევ 3 წელი დავრჩები, მაგრამ ჯერჯერობით, ჩინელები ამას აპროტესტებენ. ვნახოთ, მოლაპარაკება გრძელდება და იმედია, შეთანხმებით დასრულდება".

შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონი "მილანის" აქციების 70%-ს ყიდის, რომლის ღირებულება 740 მილიონი ევროა.

მალდინი: მსურს, "მილანს" დავეხმარო
"გაძეტა დელო სპორტთან" საუბარში "მილანის" ცოცხალმა ლეგენდამ, პაოლო მალდინიმ მშობლიური კლუბის დახმარების სურვილი გამოთქვა და შემდეგი განაცხადა:

"რთულია იმის ყურება, თუ რა მდგომარეობაშია "მილანი", გუნდი, რომელშიც დაუვიწყარი წლები გავატარე და რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

სილვიო ბერლუსკონის უკვე ვუთხარი, რომ თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, კლუბს დიდი სიამოვნებით დავეხმარები. ეს ჩემი ვალია, რადგან "მილანმა" ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. სწორი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, კრიზისი აუცილებლად დაიძლევა".

ახალი კონტრაქტები
ამასობაში, "მილანის" მესვეურებმა ახალი კონტრაქტები გააფორმეს სამ ფეხბურთელთან: 31 წლის რიკარდო მონტოლივოსთან, 29 წლის ლუკა ანტონელისთან და 19 წლის დავიდე კალაბრიასთან. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ხელშეკრულებები 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

"მილანის" მესვეურები მარიო ბალოტელის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა მასში გამოსასყიდი თანხის გადახდა არ სურთ და საიჯარო ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფორვარდი "ლივერპულის" საკუთრებაა და მერსისაიდელები მის სარფიანად გასხვისებას ცდილობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული