მხოლოდ დრო თუ კიდევ სხვა რამ? რა სჭირდება მილანის "ინტერს"

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ორი ტური გავიდა. "ინტერმა" მოაგროვა ერთი ქულა და არის მოკრძალებულ მე-17 ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს ჯერ არაფერია. ბევრი რამ შეიცვლება და "ნერაძური" აუცილებლად "ამოყვინთავს", მაგრამ გრანდი იმის გრანდია, რომ მუდამ დაკვირვების ქვეშ იყოს.

რა თქმა უნდა, "ინტერის" თამაში ვერ არის იდეალური. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. გუნდში ხომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. "ინტერმა" უნდა მუმატოს. თუნდაც სეზონთაშორის პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა.

ახალი მწვრთნელი
ჰოლანდიური ფეხბურთის 46 წლის ვარსკვლავს, ფრანკ დე ბურს მილანურ კლუბში მართლაც
რომ განსაკუთრებული მისია აქვს. რობერტო მანჩინი ცუდი მწვრთნელი ნამდვილად არ არის. კლუბის ხელმძღვანელობამ ის დე ბურით შეცვალა.

დიდი ალბათობით, "ინტერის" ხელმძღვანელობა ასე ერთი მარტივი მიზეზის გამო მოიქცა. მათ უნდათ, რომ გუნდის თამაში უფრო შემტევი და სანახაობრივი იყოს. დე ბურმა იცის, როგორ ითამაშოს შემტევი ფეხბურთი.

ის მცველი იყო, მაგრამ შესანიშნავად უტევდა აქტიური ფეხბურთელობის ჟამს. მაშინ, როცა "აიაქსში", "ბარსელონაში", "გალათასარაისა" და "რეინჯერსში" თამაშობდა. სამწვრთნელო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ იყო "აიაქსისა" და ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ბოლოს კი თავად ჩაიბარა კლუბი, რომელსაც მისი დიდი ფეხბურთელობა უკავშირდება.

მისი "აიაქსი" დიდი მიღწევებით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - იგებდა თუ აგებდა, ეს გუნდი თავისთვის ტრადიციულ, შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. სწორედ ეს გახდა "ინტერში" მისი მისვლის მიზეზი. "აიაქსი" კი ყველამ ვიცით, ბოლო წლებში როგორიც არის - გუნდს ყოველწლიურად ტოვებენ გამორჩეული ფეხბურთელები და ასეთ ვითარებაში რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი ჭირს.

მეორე მხრივ, ეს რისკია. დე ბური პირველად აღმოჩნდა კონკურენტუნარიან ჩემპიონატში, სადაც თითქმის ყველა მატჩი დაძაბულია, ყველა ქულას ოქროს ფასი ადევს. "ინტერის" ამოცანაც დღესავით ნათელია - გუნდი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას. ამ შემადგენლობით წარმოუდგენლად არც იტალიის ჩემპიონობა მოსჩანს, მაგრამ ეს მაინც პირველი სეზონია დე ბურისათვის და პროგრამა - მინიმუმიც ჩემპიონთა ლიგაა.

ახალი ვარსკვლავები
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ინტერმა" გვარიანად იაქტიურა და რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დაიბევა, ბევრი კლუბი რომ ვერც კი იოცნებებდა.

ვარსკვლავები გუნდს არ აკლია. ახლა დე ბურის საქმე მათი გუნდურ ყალიბში მოქცევა და ათამაშებაა.

ჟოაო მარიო - პორტუგალიელი ვარსკვლავი "ინტერმა" ბოლო წამს გამოგლიჯა ხელიდან ლისაბონის "სპორტინგს", რომელმაც ჩემპიონთა ლიგისათვის თითქმის მთლიანად შეინარჩუნა შემადგენლობა.

ევროპის ჩემპიონატმაც გამოაჩინა, რომ ჟოაო მარიო რიგითი ფეხბურთელი არ არის. "ინტერმა" ამ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადა. რენატო სანჩესთან ერთად მიიჩნევენ პორტუგალიური ფეხბურთის მომავლად. ძლიერია როგორც შეტევითი, ისე დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს.

კრისტიან ანსალდი - 29 წლის არგენტინელი მცველი. ძალიან საიმედო თავის პოზიციაზე და შეტევის მოყვარული. "ინტერის" დაცვას ასეთი ფეხბურთელები ძალიან სჭირდება. ის საიმედოობის გარანტიაა. მერე რა, პირველი ხარისხის ვარსკვლავი რომ არ არის.

ევერ ბანეგა - არგენტინის ეროვნული ნაკრების ძირითადი ნახევარმცველი. 28 წლის ფეხბურთელმა ბოლომდე ვერც ერთ გუნდში მოახერხა თავისი მართლაც გიგანტური სათამაშო პოტენციალის გამოყენება. ვინ იცის, "ინტერი" მისთვის ბოლო შანსიც კი იყოს, რათა უმაღლეს დონეზე წარმატებით ითამაშოს.

ანტონიო კანდრევა - 29 წლის გარემარბი, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. არის "სკუადრა აძურას" შეუცვლელი წევრი. რაც მთავარია, არის ძალიან სტაბილური და არასოდეს ეშვება განსაზღვრულ დონეზე დაბლა.

ძველები
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალწვეულების გარდა "ინტერში" ძალიან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია. აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - სამირ ჰანდანოვიჩი თუ ჟოფრეი კონდოგბია, მაურო იკარდი თუ სტევან იოვეტიჩი, ედერი თუ ივან პერიშიჩი...

მოკლედ, სრულიად საკმარისი რესურსია იმისათვის, რომ ძალიან კარგი გუნდი ჩამოყალიბდეს.

სად არის ახალი ძანეტი?
ჩვენ ჩამოვთვალეთ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრი შეუძლიათ, მაგრამ "ინტერს" აუცილებლად სჭირდება ლიდერი. ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ, ურთულეს სიტუაციებში წინ წარუძღვება თანაგუნდელებს.

ასეთი იყო ბოლო დიდი გუნდის ლიდერი, ხავიერ ძანეტი. არგენტინელი დიდი ფეხბურთელი იყო. დღეს მისი დარი მოთამაშეები თითქმის აღარ არიან. ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი მოთამაშე მაინც საპოვნია.

თუ "ინტერი" იპოვის ფეხბურთელს, რომელიც შეძლებს ამ დიდი ტვირთის ზიდვას, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება გუნდს. დე ბურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს.

ტოჰირის ფაქტორი
სხვა საქმეა, როგორ და რამდენად გაეგება ფეხბურთი "ინტერის" ინდონეზიელ პრეზიდენტს, ერიკ ტოჰირს. ამბობენ, რომ ამ მხრივ კითხვები არსებობს და თანაც, ძალიან სერიოზული კითხვები.

ტოჰირი უნდა მოერიდოს გუნდის მშენებლობის ფაქიზ პროცესში ქირურგიულ ჩარევას. დე ბურს და ამ ფეხბურთელებს აუცილებლად უნდა მიეცეთ დრო. სხვანაირად არაფერი გამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ გენაცვალეთ რაა კაია რო ინტერზე ხშირათ წერთ ხოლმე. აი მაგიტო მიყვარხრს ეს საინფორმაციო საშუალება რაა
vigac
15:20 03-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული