"პალერმოს" ორი ტურის შემდეგ უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
მაურიციო ძამპარინი თავის საყვარელ საქმეს არ ეშვება და ეტყობა, არც არასოდეს შეეშვება, ვიდრე "პალერმოს" პრეზიდენტია. ამიტომაც არ გაგიკვირდებათ ეს ამბავი - სიცილიურ კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს. დავიდე ბალარდინიმ სულ ორი ტური გაძლო. მისი თავკაცობით "პალერმო" შინ "სასუოლოსთან" დამარცხდა (0:1) და სტუმრად ფრედ (1:1) ითამაშა "ინტერთან".

დაგვეთანხმებით, ეს არ არის ისეთი შედეგი, მწვრთნელი რომ უნდა შეიწიროს, მაგრამ ძამპარინის ხომ სხვა სტანდარტები აქვს. მარტო გასულ სეზონში "პალერმოს" მთავარ სამწვრთნელო სკამზე 7 სხვადასხვა სპეციალისტი იჯდა, მათ შორის - არგენტინელი გილერმო ბაროს სკელოტო, რომელსაც
სამწვრთნელო ლიცენზია არ ჰქონდა...

დავუბრუნდეთ დღევანდელობას და დროა, ბალარდინის შემცვლელიც გავიცნოთ - ძამპარინის სახელობის ეშაფოტზე ავიდა რობერტო დე ძერბი, 37 წლის მწვრთნელი, რომელმაც ეს საქმე 2013 წელს სერია D-ს კლუბ "დარფო ბოარიოში" დაიწყო, 2014-16 წლებში კი ერთი საფეხურით მაღლა, "ფოჯაში" იმუშავა და ამ გუნდთან ერთად აპრილში "ლეგა პროს" თასი მოიგო.

ფეხბურთელობისას, ნახევარმცველმა დე ძერბიმ უამრავი კლუბი გამოიცვალა და ახლა მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ამ კლუბებს შორის ყველაზე სახელოვანი იყო "მილანი", სადაც 1997 წელს ჩაირიცხა, თუმცა იმ სეზონში ერთი წუთიც არ უთამაშია. "ოქროს ხანა" კი "ნაპოლიში" ჰქონდა - 33 მატჩი და 3 გოლი 2006-08 წლებში.

ბედის ირონიით, 10 სექტემბერს სწორედ "ნაპოლისთან" შედგება დე ძერბის დებიუტი სერია A-ს მესამე ტურში. ოღონდ აქ მთავარი ინტრიგა ის კი არ არის, რა შეიცვლება "პალერმოში", არამედ ის, თუ სადამდე გაუძლებს ეს ახალგაზრდა მარაზმამდე მისულ პრეზიდენტს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული