რუუდ გულიტმა რობერტო მანჩინი გამოლანძღა

AutoSharing Option
რუუდ გულიტმა "ზიგო სპორტთან" ინტერვიუში რობერტო მანჩინი გამოლანძღა. ამით ის თავის მეგობარსა და თანამემამულე ფრანკ დე ბურს გამოესარჩლა - აქაოდა, მანჩინისგან დაშლილი "ინტერი" ჩაიბარა და ახლა დიდი ძალისხმევა დასჭირდება გუნდის აზრზე მოსაყვანადო.

"ინტერი" ძალიან უცნაური გუნდია. იქ ბევრი ტალანტია, მაგრამ მანჩინიმ საქმეს თავი ვერ მოაბა, გუნდი ფიზიკურად მოუმზადებელია. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ წასვლა მოუწევდა და ეტყობა, ამიტომაც არ გაანძრია ხელი, რომ გუნდი სეზონისთვის სათანადოდ მოემზადებინა. ფრანკს სჭირდება დრო და სწორი გზის გამონახვა იმისთვის, რომ უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას გამოასწოროს თამაშის
ხარისხიცა და ფიზიკური მომზადების დონე. მაგრამ მერე უკვე სხვა პრობლემა იქნება მოსაგვარებელი - როგორ შეკრას და შეათამაშოს გუნდი, რომელსაც ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავს.

მიუხედავად წინა მწვრთნელისგან დატოვებული სირთულეებისა, მჯერა, დე ბური წარმატებებს მიაღწევს".

ცხადია, მანჩინი ამას უპასუხოდ არ დატოვებდა. აი, რა უთხრა მან რადიო "ინკონტროს":

"გულიტს ძალიან გაუმართლა, რომ დიდი ფეხბურთელი იყო. ხშირად ხდება ხოლმე ასე - როცა მოედანზე ყველაფერი გამოგდის, მაგრამ ამის მერე ფეხბურთში აღარაფერს წარმოადგენ, ძნელია ამასთან შეგუება და იწყებ სხვა მწვრთნელების ან ფეხბურთელებისკენ ტალახის სროლას. ძალიან კარგია, თუ გულიტი დე ბურის მეგობარია, მაგრამ ეს არ აძლევს მას ამგვარი ბრალდებების გამოთქმის უფლებას. მარტო გულიტი არ არის ასეთი, სხვებიც არიან. საერთოდ, ეჭვიანობა საშინელი სენია".

როცა გულიტი "მილანში" ბრწყინავდა, მანჩინი "სამპდორიას" ვარსკვლავი იყო. მერე იმავე "სამპდორიაში" ისინი თანაგუნდელებიც იყვნენ და შესაძლოა, იმ დროინდელი ბატალიებიდან ორივეს რაღაც წყენა გამოჰყვა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული