გონსალო იგუაინი - გმირიც და ცოტათი იუდაც

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გონსალო იგუაინი "ნაპოლიდან" "იუვენტუსში" გადაბარგდა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია იტალიაში.

28 წლის არგენტინელი ფორვარდის წლიური გასამრჯელო 7.5 მილიონი ევროა. იგუაინი ყურადღების ცენტრშია მოქცეული - ის ტურინელთა ახალი გმირია, ნეაპოლში კი გასაგები მიზეზების გამო იუდად შერაცხეს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თავად იგუაინი და დროა, გავეცნოთ მის საინტერესო ინტერვიუს...

- ბევრს საუბრობენ თქვენს მომატებულ წონაზე. არ ბრაზდებით?
- ეს თემა საერთოდ არ მაღელვებს, რადგან თავს კარგად ვგრძნობ და მთავარი ესაა. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ჩემს მომატებულ წონაზე, მით უფრო
მეტ გოლს გავიტან. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, სხვებმა კი ილაპარაკონ.

- ანუ თქვენ კრიტიკა არ გაღელვებთ...
- ყოველთვის ფეხებზე მეკიდა კრიტიკა, რადგან არასდროს მეპარებოდა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. ჟურნალისტებს სურთ, რომ გაზეთი კარგად გაიყიდოს, მე კი მინდა, რომ ბევრი გოლი გავიტანო. მოდი, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

- "იუვენტუსში" თქვენი გადასვლა ხმაურიანი იყო. როგორ გრძნობთ თავს?
- ძალიან კარგად. უკვე 20 დღეა, რაც ვვარჯიშობ და თავდაუზოგავად ვშრომობ. გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ კიდევ უნდა მოვუმატოთ, მოტივაციის ნაკლებობას კი არ ვუჩივით. მძიმე არჩევანი გავაკეთე, მაგრამ ტურინში ბედნიერი ვარ და ეს ყველაზე მთავარია. დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- "იუვენტუსის" გულშემატკივრები თბილად შეგხვდნენ. ელოდით ასეთ დახვედრას?
- როდესაც გულშემატკივართა სიმღერები და შეძახილები მესმის, ძალები მემატება. მინდა მათი ნდობა გავამართლო და ბევრი გოლი გავიტანო. "იუვეს" ქომაგებმა მართლაც დიდი სითბო მაგრძნობინეს, რაც არასდროს დამავიწყდება.

- როგორ აღნიშნეთ "იუვენტუსის" მაისურით გატანილი პირველი გოლი?
- გოლიც და გამარჯვებაც გასახდელშივე აღვნიშნეთ. მთელი გუნდი გახარებული იყო, რადგან ჩემპიონატის მოგებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ გუნდში მოვხვდი, რომელიც მიჩვეულია წარმატებებს და გამონაკლისი არც ეს სეზონი უნდა იყოს.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ უშუალო კონკურენტ მარიო მანჯუკიჩთან?
- შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს როგორც მანჯუკიჩთან, ისე სხვა თანაგუნდელებთან. არც მარიოს და არც სხვებს არ აღვიქვამ კონკურენტებად, რადგან ჩვენი მისია "იუვენტუსის" გამარჯვება და ტიტულების მოპოვებაა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ტურინული გრანდის ისტორია და კონკურენტებიც ერთად დავამარცხოთ.

- ცნობილია, რომ "იუვენტუსის" ახალწვეულებს ჯანლუიჯი ბუფონი საგანგებო სიტყვით მიმართავს, რაც მათთვის დიდი სტიმული უნდა იყოს. თქვენ რა გითხრათ ჯიჯიმ?
- მითხრა, რომ მოხარულია ჩემი "იუვეში" გადმოსვლით. დაამატა, რომ ისე უნდა ვიგრძნო თავი, თითქოს, ტურინულ გრანდში წლებია, ვთამაშობ. ყველამ თბილად მიმიღო და მართლაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი ხანია, "იუვენტუსში" ვარ.

- ყოველდღე მსოფლიოს საუკეთესო მცველებთან ერთად გიწევთ ვარჯიში, რაც ალბათ ფორვარდისთვის დიდი პლუსია...
- რა თქმა უნდა და ეს უკვე ვიგრძენი საკუთარ თავზე. როდესაც ყოველდღე კიელინის, ბონუჩის და ბარძალის წინააღმდეგ თამაშობ და შემდეგ, ოფიციალურ შეხვედრაში შედარებით სუსტ დაცვას აწყდები, ეს დიდ შვებას გაძლევს. "იუვენტუსში" მართლაც ფანტასტიკური შემადგენლობაა შეკრებილი.

- რისი თქმა შეგიძლიათ ნეაპოლელებისთვის?
- "ნაპოლიში" დაუვიწყარი წლები გავატარე და თავი არ დამიზოგავს, რომ გუნდთან ერთად წარმატებისთვის მიმეღწია. მიყვარს ნეაპოლი და ის ხალხი, ვისგანაც სითბოს ვგრძნობდი. ნუ შევქმნით ტრაგედიას იმისგან, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ფეხბურთელებს ხშირად გვიწევს ერთი გუნდიდან მეორეში გადაბარგება, რადგან ეს ჩვენი ცხოვრების წესია. 28 წლის ვარ, ტიტულების მოგება მსურს, "იუვენტუსი" კი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდია. მინდა, "ნაპოლის" წარმატებები ვუსურვო.

- მზად ხართ ნეაპოლში დასაბრუნებლად "იუვენტუსის" მაისურით?
- გასაგები მიზეზების გამო ნეაპოლში დაბრუნება ნაკლებად სასიამოვნო იქნება, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და ჩემი საქმე უნდა გავაკეთო. იმედია, ნეაპოლელთა ერთი ნაწილი მაინც ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება. ფეხბურთელი უნდა შეეჩვიოს იმ აზრს, რომ სადღაც გმირი იქნები და სადღაც იუდა...

- ჩემპიონთა ლიგის მოგება ალბათ თქვენი პრიორიტეტული მიზანია...
- "იუვენტუსში" ვთამაშობ, ამ გუნდს კი ყველა ფრონტზე შეუძლია გამარჯვება. სკუდეტო ჯერ არ მომიგია და ამ ტიტულსაც ჩემთვის განსაკუთრებული ფასი აქვს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამ ტროფეიზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს და მათ შორის, მეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული