ვინჩენცო მონტელას "მილანი" - მომავლის გუნდი

AutoSharing Option
"მილანი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ "იუვენტუსს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

ეს თემა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, რადგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "როსონერი" კარგად თამაშობს და ლიდერთა სამეულშია. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში ლომბარდიულმა გრანდმა "იუვენტუსი" დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი 18 წლის მანუელ ლოკატელიმ გაიტანა. "გაძეტა დელო სპორტს" "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ვრცლად ესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ჯანლუიჯი დონარუმასთან მივედი და გადავეხვიე. თურმე, სისხლი მოსდიოდა და პიჯაკი დამესვარა - ეს სისხლი ჩემთვის სიმბოლოა
ახალი "მილანის", რომელმაც კლუბს ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს. ქვეყნის საუკეთესო გუნდს ვძლიეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რომლებსაც ყველაფერი წინ აქვთ. მოვიგეთ იმ ფეხბურთელის გოლით, რომელიც 1998 წელსაა დაბადებული და გოლი არ გავუშვით იმ მეკარის წყალობით, რომელიც 1999 წელს მოევლინა ქვეყანას.

ბოლო 6 ტურში 16 ქულა ავიღეთ და ეს მართლაც ფანტასტიკური შედეგია. უბედნიერესი ვარ და ასეა პრეზიდენტი ბერლუსკონიც, რომელსაც მატჩის დასრულების შემდეგ ვესაუბრე. დონარუმასთან და ლოკატელისთან შედარებით, რომანიოლი აშკარად მობერებულია, რადგან უკვე 21 წლისაა, მაგრამ მასაც დიდი მომავალი აქვს.

ვფიქრობ, 2018 წლის მუნდიალის შემდეგ რომანიოლი იტალიის ნაკრების დაცვის შეუცვლელი ფიგურა იქნება. ვაშენებთ ახალ იტალიურ გუნდს, რომელსაც აუცილებლად ექნება დიდი წარმატება".

სპალეტი: "მილანს" სხვა თვალით უნდა შევხედოთ
სერია A-ს მეცხრე ტურის ბოლო მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "რომამ" "პალერმოს" უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა მეტოქე, 4:1. შედეგად, "ჯალოროსიმ" 19 ქულას მოუყარა თავი და "მილანი" მეორე ადგილიდან მესამეზე ჩააჩოჩა. თუმცა გუნდებს თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ და შესაბამისად, ეს ადგილების განაწილებაც პირობითია. "პალერმოსთან" მატჩის შემდეგ რომაელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ "მილანზეც" ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ და "იუვენტუსს" მივუახლოვდით, რაც "მილანის" დამსახურებაა, რომელმაც დიდი გამარჯვებით ჩემპიონატში ვითარება გაამწვავა. "როსონერიმ" შესანიშნავად ითამაშა და ჩემი პირადი აზრით, დამსახურებულად მოიგო. უნდა შეწყდეს საუბრები იმაზე, რომ "მილანი" ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში დიდი პერსპექტივები არ აქვს და პოზიციებსაც მალე დათმობს.

"მილანი" ჩამოყალიბებული, ძლიერი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია და განვლილმა მატჩმა ეს აჩვენა. ვფიქრობ, "როსონერის" სხვა თვალით უნდა შევხედოთ. აქვე, მინდა ვინჩენცო მონტელა შევაქო, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და გუნდის ეს პროგრესი სწორედ მისი დამსახურებაა".

საკი: არ გინდათ პროგნოზები
"მილანის" პროგრესს ლეგენდარული მწვრთნელი არიგო საკი გამოეხმაურა, რომელიც იმედოვნებს, რომ მისი ყოფილი გუნდი მომავალშიც წარმატებით იასპარეზებს, თუმცა იქვე, ყველას მოუწოდებს, რომ თამამი პროგნოზებისგან თავი შეიკავონ:

"მას შემდეგ, რაც "მილანმა" "იუვენტუსი" დაამარცხა, ბევრი სკუდეტოზე ალაპარაკდა, მაგრამ ამან შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს. დღეს არც სკუდეტოზე შეიძლება ლაპარაკი და არც ჩემპიონთა ლიგის საგზურზე, რადგან მთელი სეზონი წინაა და კიდევ უამრავი მატჩია ჩასატარებელი.

უნდა ვაცადოთ გუნდს, რომ მშვიდად განვითარდეს და თამაშიდან თამაშამდე მოუმატოს. დღეს იმაზე საუბარი, რომ "იუვეს" ჰეგემონია "მილანმა" უნდა დაამხოს, აშკარად შეცდომაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაცადოთ გუნდს განვითარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს თამაში კრედიტის გადახდას გავდა, მუნტარის არ ჩათვლილი გოლის კრედიტის დაფარვა მოხდა. მაშინ იუვე ჩემპიონი გახდა და წელს მილანი სად იქნება სექონის ბოლოს კიდევ საკითხავია.
Gaioz
10:13 27-10-2016
0
მილანი მართლა კარგი გუნდია,მაგრამ ძალიან ახალგაზრდული და ამიტომ არასტაბილური, ამიტომ ჩავარდნები აუცილებლად ექნება.ისე კი,თუ ახალგაზრდობა შეინარჩუნა,ორ წელიწადში იუვენტუსს კრიჭაში ჩაუდგება.
სოსო
18:26 26-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული