იტალიის ნაკრები: "აძურას" ახალი ტანდემი

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ლიხტენშტაინის ეროვნული გუნდი იოლად დაამარცხა და წუხელ ამხანაგურ მატჩში გერმანიას ეთამაშა.

ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი "სკუადრა აძურას" ფორვარდები: ჩირო იმობილე და ანდრეა ბელოტი. აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრების მიერ გატანილი 9 გოლიდან 7 სწორედ ამ ფორვარდების ანგარიშზეა. თუ ანტონიო კონტე თავდასხმაში უფრო მარტინს ედერსა და გრაციანო პელეს სწყალობდა, ჯამპიერო ვენტურას სიმპათიები ბელოტი-იმობილეს ტანდემისკენ იხრება. "გაძეტა დელო სპორტი" 22 წლის ბელოტისა და 26 წლის იმობილეს საინტერესო თემებზე ესაუბრა.

ანდრეა ბელოტი: "იტალიის ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს განსაკუთრებული
მოტივაციაა. ბავშვობაში ვერც კი ვიოცნებებდი, რომ "სკუადრა აძურას" ძირითად შემადგენლობაში მოვხვდებოდი და 9-ნომრიანი მაისური მეცმეოდა. ეს ნომერი განსაკუთრებულად მიყვარს და ჩემთვის იღბლიანია. ვინ იყო ჩემი კერპი? - ანდრეი შევჩენკო, რადგან "მილანს" ვგულშემატკივრობდი და "შევაც" შეუდარებელი იყო. შემდეგ უფრო კუნ აგუერო მომეწონა და დღესაც აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით.

მომწონს, როდესაც ფორვარდს არა მარტო შეტევების დაგვირგვინება, არამედ მისი შექმნაც შეუძლია. ასეთი იყო შევჩენკო და ასეთია აგუერო. "ტორინოში" თავს კარგად ვგრძნობ და სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ჩემი პროგრესი, თუმცა არც "პალერმო" მავიწყდება, საიდანაც იტალიურმა საფეხბურთო სამყარომ გამიცნო. ვხედავ თუ არა მომავალს "მილანში"? - ეს ჩემი ოცნების გუნდია, თუმცა რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია. დღეს მხოლოდ "ტორინოსა" და იტალიის ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული".

ჩირო იმობილე: "შესარჩევი ციკლი კარგად დავიწყეთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ. სამი გასვლითი მატჩი მოვიგეთ ლიხტენშტაინში, ისრაელსა და მაკედონიაში, რაც მნიშვნელოვანია, რადგან წინ მეტწილად საშინაო შეხვედრები გვაქვს დარჩენილი. ვფიქრობ, იტალიის ნაკრებს შესწევს იმის ძალა, რომ პირველ ადგილზე დაასრულოს ჯგუფი. "ლაციოში" საკუთარი თავი ვიპოვე და ძველებურად ავთამაშდი. ჩემი უცხოური მოგზაურობა წარუმატებელი გამოდგა, რასაც ჰქონდა თავისი მიზეზები. შესაძლოა, "ბორუსიაში" რობერტ ლევანდოვსკი სრულფასოვნად ვერ შემეცვალა, მაგრამ გუნდისთვის რომ მეტის მიცემა შემეძლო, ეს ფაქტია და ამისთვის მეტი ხელშეწყობა მჭირდებოდა.

გერმანული ძალიან რთული ენაა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმეცადინეობდი, თავში არაფერი შედიოდა. კლოპმა თარჯიმნის აყვანის ნება მომცა, რომელსაც პირადად მე ვუხდიდი ფულს, ტუხელს კი ეს არ მოეწონა და ვარჯიშებზე თარჯიმნის გარეშე მომთხოვა მისვლა. უბრალოდ, არ მესმოდა, თუ რას ითხოვდა ჩემგან მწვრთნელი და ამ ენობრივმა ბარიერმა ძალიან შემიშალა ხელი. ბედნიერი ვარ, რომ იტალიაში დავბრუნდი, ის ეტაპი კი წარსულში დარჩა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული