ლუჩანო სპალეტი: იყო კამათი, მაგრამ არა კონფლიქტი

AutoSharing Option
"ატალანტასთან" წაგებული მატჩის შემდეგ "რომა" "იუვენტუსს" მთელი 7 ქულით ჩამორჩა და სკუდეტოსთვის ბრძოლის შანსი მკვეთრად შეიმცირა.

მართალია, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ უამრავი ტურია დარჩენილი, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ ტურინული გრანდი კონკურენტებს აღემატება. ბერგამოული ფიასკოს შემდეგ "რომას" ბანაკში დაიძაბა ვითარება და პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასახდელში მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ლუჩანო სპალეტის რაჯა ნაინგოლანი წაეკიდა, რის გამოც ბელგიელ ნახევარმცველს ზამთარში გუნდიდან აბარგებაც კი უწინასწარმეტყველეს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჟურნალისტებს სპალეტი ესაუბრა და საგულისხმო
კომენტარები გააკეთა.

ლიდერთან ჩამორჩენა
"იუვენტუსი" ქულებს სტაბიბილურად აგროვებს და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ტურინელებს კონკურენცია გავუწიოთ, მაგრამ ამისთვის უკეთესად თამაშია საჭირო.

დიახ, "იუვე" არის ფავორიტი, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვითარების გამოსწორება. აუცილებელია, რომ მოგებულ მატჩთა სერია გამოვაცხოთ და ლიდერთან ჩამორჩენა შევამციროთ. ვფიქრობ, სეზონის მეორე ნახევარში ფორმის პიკზე გავალთ და გაცილებით უკეთეს "რომას" იხილავთ.

ნაინგოლანთან კონფლიქტი
პრესაში ხშირად გაუგონარი ამბები იწერება. "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ გასახდელში გვქონდა საუბარი და მათ შორის, კამათიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელები დამიპირისპირდნენ და ჩვენ შორის კონფლიქტია.

რაჯა ნაინგოლანთან, ისევე, როგორც სხვებთან, შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს. ვფიქრობ, საუკეთესო ფეხბურთელები მყავს იტალიაში და ჩვენ ეს ერთად უნდა დავამტკიცოთ.

მირალემ პიანიჩი
არის თუ არა მირალემ პიანიჩი დიდი დანაკლისი? - ბოსნიელმა "იუვენტუსში" ამჯობინა კარიერის გაგრძელება და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მიგრძვნია, რომ პიანიჩი დაგვაკლდა.

მგონია, რომ ჩემს გუნდში მირალემზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ და შესაბამისად, არც მის წასვლაზე მწყდება გული. ზოგი მარტივ გზას ირჩევს ტიტულების მოსაგებად, ზოგს კი ბრძოლა სწყურია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "იუვენტუსის" ჰეგემონია დავამხოთ.

ზამთრის ტრანსფერები
არ გამოვრიცხავ, რომ ერთი ან ორი ფეხბურთელი დავიმატოთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამის დიდ საჭიროებას ვერ ვხედავ. გვყავს ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელი ყველა რგოლში, ჩვენი მთავარი მიზანი კი თამაშში ბალანსის პოვნა და ამ ფეხბურთელების კიდევ უფრო შეთამაშებაა.

"რომა" მაღალი კლასის ფეხბურთელთა დეფიციტს არ განიცდის. მნიშვნელოვანია, რომ სეზონის მეორე ნახევარში ტრავმებს ავცდეთ და წამყვანი ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში გვყავდეს. მჯერა, რომ არსებული რეურსით, დიდი მიზნების მიღწევა შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული