შეგახსენებთ, რომ 28 წლის არგენტინელი ფორვარდი ტურინულ გრანდში სწორედ "ნაპოლიდან" გადავიდა, რის გამოც ის მოღალატედ შერაცხეს. ნეაპოლში დაწვეს იგუაინის მაისურები, მისი გამოსახულების დროშები კი ნაგვის ურნებზე ააკრეს. "ნაპოლის" კარში გატანილი გოლის შემდეგ ქალაქ ნეაპოლის მერმა ურჩია არგენტინელ ფორვარდს, რომ მის ქალაქში მინიმუმ ათასკაციანი დაცვით ჩავიდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დიდი უბედურება დატრიალდეს.
მერის განცხადებას თვით იტალიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც დაგმო აგრესიის
იგუაინი: ამის მოთმენა აღარ შეიძლება
გონსალო იგუაინმა დუმილი დაარღვია და ვრცელი კომენტარი გააკეთა. გონსალომ პირადი დაცვა აიყვანა, რომელიც მძიმედ არის შეიარაღებული და 24-საათიან რეჟიმში იზრუნებს ფეხბურთელის უსაფრთხოებაზე. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან ტრანსფერის და გატანილი გოლის გამო ფეხბურთელს აქამდე შეიარაღებული დაცვით ნამდვილად არ უვლია - დროა, იგუაინს მოვუსმინოთ:"ის, რაც ჩემს თავს ხდება, ნამდვილი სიგიჟეა. მუდმივ სტრესში მიწევს ყოფნა და ასეთ ვითარებაში, თამაშზე კონცენტრირება რთულია. მივიღე ჩემთვის არცთუ სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება - დღეიდან ჩემს უსაფრთხოებაზე მძიმედ შეიარაღებული პროფესიონალთა ჯგუფი იზრუნებს და ეს დაცვა განხორციელდება 24 საათის განმავლობაში. "იუვენტუსი"-"ნაპოლის" შემდეგ მუქარა ყოველგვარ ზღვარს გასცდა და ამ ნაბიჯის გადადგმა, უბრალოდ, გარდაუვალი იყო. მინდა მივმართო იტალიის სამართალდამცველ ორგანოებს, რომ გარკვეული ზომები მიიღონ და ამ ქვეყანაში ფეხბურთელების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული".
მაროტა: ეს არის მარაზმი!
გონსალო იგუაინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა, რომელმაც აღშფოთება ვერ დამალა იმით, რომ "იუვენტუსის" ლიდერი ასეთი პრობლემების წინაშე დგას:"ის, რაც იგუაინის თავს ხდება, არის მარაზმი და მეტი არაფერი. გონსალო ძლიერი პიროვნებაა და მჯერა, რომ ეს სტრესი მის თამაშზე ვერ მოახდენს ცუდ გავლენას. ამ ეტაპზე, აუცილებელია მისთვის პირადი დაცვით სიარული, რადგან ბოლო პერიოდში უამრავი მუქარის წერილი მიიღო. სად არის გამოსავალი? - გულშემატკივრების კონტროლი რთულია, თუმცა მათთან მეტი მუშაობაა საჭირო - იტალიური ფეხბურთი უნდა გაიწმინოს აგრესიული ძალებისგან".
იგუაინის პრობლემები მოედანზე
სერია A-ს გასულ გათამაშებაში გონსალო იგუაინმა 36 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირი გახდა. საგულისხმოა, რომ მის მთავარ მდევარ პაულო დიბალას მხოლოდ 19 გოლი მოუგროვდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელ ფორვარდს მხოლოდ 7 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონატის დაწყებიდან კი 13 ტურია გასული. შედეგი ნორმალურია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იგუაინი ვეღარ არის ისეთი პროდუქტიული, როგორც გასულ სეზონში. ამასთან, გონსალომ უხშირა რეალური მომენტების განიავებას და არც ის დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე სეზონში მასზე უკეთესი გუნდი მუშაობს, ვიდრე სერია A-ს წინა გათამაშებაში. მოკლედ, იგუაინმა მოუკლო და დიდი შანსია, რომ ეს მისი სტრესული ვითარებით იყოს გამოწვეული - როგორც აღმოჩნდა, გონსალოს მუდმივი მუქარის ფონზე უწევს ტურინული ცხოვრება, ამიერიდან კი დაცვით მოუწევს სიარული. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ისტორია.
2017 წლის 2 აპრილს, "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.
დაჭრა ნეაპოლში
იგუაინის ისტორიის ლოგიკური გაგრძელებაა ის ფაქტი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე, "ნაპოლი"-"დინამოს" მატჩის წინ მოხდა. კიეველ გულშემატკივრებს ნეაპოლელი ულტრასები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შეტაკება მოხდა ქალაქის ორ უბანში და არიან მძიმედ დაშავებულები. ნეაპოლის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე კიეველი გულშემატკივარი მძიმე არის ნაცემი, ორს კი ფეხში დანით ჭრილობა აქვს მიყენებული. საქმეს ნეაპოლის პოლიცია და პროკურატურა გამოიძიებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"