დრის მერტენსი: ოღონდ მარადონას ნუ შემადარებთ

AutoSharing Option
ბოლო ორ ტურში "ნაპოლიმ" 11 გოლი გაიტანა, აქედან 7 კი დრის მერტენსის დამსახურებაა. 29 წლის ბელგიელი ბრწყინვალე ფორმაშია და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი.

არადა, გასულ ჩემპიონატში მერტენსის ანგარიშზე მხოლოდ 5 გოლი იყო 33 შეხვედრაში. საგულისხმოა, რომ დრისმა მიჯრით ორ მატჩში გაიტანა სულ მცირე, სამი გოლი, რაც სერია A-ში ბოლო 42 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია. მოკლედ, მერტენსი ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ქვემოთ კი გაეცნობით როგორც მის, ისე "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის საინტერესო კომენტარს:

დრის მერტენსი: "ვგრძნობ,
რომ იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში ვარ და განვლილმა თამაშებმა ეს დაადასტურა. ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში საინტერესოა და, როგორც გამოჩნდა, კარგადაც გამომდის. ორ თამაშში შვიდი გოლი მართლაც კარგი შედეგია, მაგრამ ჩემთვის მთავარი გუნდის წარმატებაა. "ნაპოლი" სამეულს დაუბრუნდა, რაც ძალიან მახარებს.

ამბობენ, რომ გონსალო იგუაინი შევცვალე? - არ მიყვარს შედარებები და მით უმეტეს, დიდ ფეხბურთელებთან. მახსოვს, რომ იგუაინს მარადონას ადარებდნენ, მე კი იგუაინს შემადარეს. იმედია, მარადონას არასდროს შემადარებენ, რადგან ის სხვა პლანეტიდან იყო".

მაურიციო სარი: "მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში გონსალო იგუაინი წავიდა და შემდეგ არკადიუშ მილიკი დაგვემტვრა, "ნაპოლის" ანგარიშზე ყველაზე მეტი გოლია სერია A-ში.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ შეტევაში დიდი პოტენციალი გვაქვს და შეუცვლელი არავინაა. დრის მერტენსმა საუცხოო მატჩები ჩაატარა, მაგრამ მე მთლიანად გუნდს შევაქებდი და არავის გამოვარჩევდი.

"ნაპოლი" სწორი გზით მიდის და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. "რეალთან" მატჩები? - იქამდე დიდი დრო და ბევრი საფიქრალია. ამიტომ ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული