მჩ 2018. შესარჩევი ციკლი. ევროპა. E ჯგუფი: პოლონეთი კონკურენტებს გაექცა

AutoSharing Option
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჯგუფში პირველ ადგილს პოლონეთის ნაკრები დაიკავებს, რომელმაც უკვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა კონკურენტებზე. ამჯერად, სლავები ჩერნოგორიაში ჩავიდნენ და იქ აიღეს მეტად მნიშვნელოვანი სამი ქულა.

პოლონელები აქამდეც ლიდერობდნენ ჯგუფს, მეორე ადგილზე მყოფი გუნდის გასვლაზე დამარცხებით კი დიდი ნაბიჯი გადადგეს მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად. მართალია, შესარჩევმა ეტაპმა ჯერ მხოლოდ ეკვატორს უწია და წინ კიდევ 5 ტურია, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, საეჭვოა, რომ პოლონელებმა უახლოეს მდევრებთან მოპოვებული 6-ქულიანი უპირატესობა გაანიავონ.

ჩერნოგორიაში გამართული მატჩი თანაბარი გამოდგა და თამაშის მიხედვით, შესაძლოა, მასპინძლები ქულას
მაინც იმსახურებდნენ, მაგრამ როგორც ასეთ დროს ამბობენ, კლასმა თავისი გაიტანა.

პოლონელთაგან ლევანდოვსკი და პიშჩეკი გამოირჩნენ, ჩერნოგორიელებმა კი მხოლოდ ერთი ბურთით უპასუხეს - მასპინძლებს სიზუსტე აკლდათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, რაც როგორც ჩანს, შეტევაში არსებული საკადრო პრობლემების ბრალია - ჩერნოგორიას მთავარი ვარსკვლავი სტევან იოვეტიჩი აკლდა, მირკო ვუჩინიჩი კი უკვე ასაკშია და ამად იყო, რომ მწვრთნელმა მხოლოდ ბოლო წუთებზე შეიყვანა მინდორზე. მოკლედ, მასპინძლებმა სცადეს მატჩის გადარჩენა და ვა-ბანკზეც წავიდნენ, მაგრამ პოლონეთის გეგმებში მეორე გოლის გაშვება და ორი ქულის დაკარგვა ნამდვილად არ შედიოდა.

დიდი ინტრიგაა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში და თუ სატურნირო ცხრილით ვიმსჯელებთ, ამ ბრძოლას გამოთიშული მხოლოდ ერთადერთი გუნდია: ყაზახეთის ეროვნული ნაკრები.

გაევროპელებულმა შუააზიელებმა ერევანში ითამაშეს და ორი ბურთის სხვაობით წააგეს, რამაც სომხეთის ნაკრებიც მუნდიალის საგზურისთვის მებრძოლ გუნდად აქცია - შესაძლოა, ეს შანსი უფრო თეორიულია, ვიდრე პრაქტიკული, მაგრამ ფაქტია, რომ სომხეთის ნაკრებს მეორე ადგილზე მყოფი ჩერნოგორიისგან მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან მოსაწყენი მატჩი გაიმართა რუმინეთში, სადაც დანია ჩავიდა და გუნდები უგოლოდ გაიყარნენ.

ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ მთლიანობაში, მატჩი მეტად მძიმე გამოდგა და ფრეც ლოგიკური შედეგი გახლავთ. გვახსოვს უკეთესი რუმინეთიც და უკეთესი დანიაც და თანაც, ახლო წარსულიდან, ეს გუნდები კი, ალბათ, მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებენ მუნდიალზე მოხვედრის შანსს, რომ ვერც ჩერნოგორია ბრწყინავს - და საერთოდ, ჩნდება ლოგიკური კითხვა: ხომ არ არის ეს ჯგუფი ყველაზე სუსტი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ევროპულ ზონაში?

სომხეთი-ყაზახეთი 2:0
გოლები: 1:0 მხითარიანი (73), 2:0 ოზბილისი (75)
სომხეთი (4-3-3): ბეგლარიანი - ვოსკანიანი, ჰაროიანი, ანდონიანი, ჰაირაპეტიანი - მხითარიანი, მალაქიანი, პიცელი (65. მანუჩარიანი) - ჰოვჰანისიანი, გაზარიანი (5. ბარსაგიანი), სარქისოვი (70. ოზბილისი)
ყაზახეთი (3-5-2): ლორია - ბეისებეკოვი, მაილი, შომკო - ტუნგიშბაევი (79. მუჟიკოვი), კუატი (82. დმიტრენკო), ტაგიბერგენი, ისლამხანი (87. ბაიჟანოვი), სუიმბაევი - ნურგალიევი, სუსერბაევი
გაძევება: მაილი (64. ყაზახეთი)
მაყურებელი: 15 000

ჩერნოგორია-პოლონეთი 1:2
გოლები: 0:0 ლევანდოვსკი (40), 1:1 მოგუსა (63), 1:2 პიშჩეკი (82)
ჩერნოგორია (4-4-2): ბოჟოვიჩი - მარუშიჩი (90. ვუჩინიჩი), სავიჩი, სოფრანაცი, სტოიკოვიჩი - ვესოვიჩი, ვუკშევიჩი, შეკიჩი (86. ჯორჯევიჩი), კოაშევიჩი (81. ივანიჩი) - ბეჩირა, მუგოშა
პოლონეთი (4-2-3-1): ფაბიანსკი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, იედრეიჩუკი - მაჟინსკი (90. ციონეკი), ლინეტი (78. ტეოდორჩიკი) - ბლაშჩიკოვსკი, ზელინსკი, გროსიცკი (90. პეშკო) - ლევანდოვსკი
მაყურებელი: 10 000

რუმინეთი-დანია 0:0
რუმინეთი (3-4-1-2): ტატარუშანუ - კირიკეში, საპინარუ, ტოსკა - ბენზარი, მარინი, პინტილი, ლატოვლევიჩი (76. როტარიუ) - სტანჩუ - ჩიპჩუ (86. ივანი), კეშერუ (63. ალიბეგი)
დანია (3-5-2): შმეიხელი - კიაერი (46. იორგენსენი), კრისტენსენი, ვერსტერგაარდი - ანკერსენი, კვისტი, შონე (88. ბრაიტვაიტი), დელანი, დურმისი - ერიკსენი, კორნელიუსი
მაყურებელი: 30 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 5 4 1 0 12-6 13
2. ჩერნოგორია 5 2 1 2 10-6 7
3. დანია 5 2 1 2 7-5 7
4. რუმინეთი 5 1 3 1 6-4 6
5. სომხეთი 5 2 0 3 6-10 6
6. ყაზახეთი 5 0 2 3 3-13 2

მომდევნო ტური
10 ივნისი:
ყაზახეთი-დანია, ჩერნოგორია-სომხეთი, პოლონეთი-რუმინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული