მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა. IX ტური არგენტინა და ჩილე მოიკოჭლებენ [VIDEO]

AutoSharing Option
მართალია ედგარდო ბაუსას ლიონელ მესი არ ჰყავდა, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც იმის ფუფუნება გაქვს, რომ მინდორზე სერხიო აგუერო, პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი, ანხელ დი მარია… გაიყვანო, ცხადია, ფავორიტად იგულისხმევი.

ბაუსას ბიჭები იგებდნენ კიდეც, თან ორჯერ, მაგრამ თან დაცვაში შეცდომებს უშვებდნენ და პერუს კი ხოსე პაოლო გერერო ჰყავს....

რამირო ფუნეს მორიმ პერუს საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მერე ნახსენები გერერო გაექცა მცველებს და გაათანაბრა. როდესაც პაბლო საბალეტას პასით გონსალო იგუაინმა შეაგდო, ბევრმა ჩათვალა, რომ "პიპიტას" გოლი გამარჯვებისა
იქნებოდა. თუმცა გერერომ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც კუევამ აუღებლად დაარტყა. არგენტინა მე-5 ადგილზეა, რაც ვერ არის სახარბიელო შედეგი.

"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ გაცილებით მეტი შეგვიძლია. უბრალოდ, შეცდომები დავუშვით, რომლებიც მომავალ შეხვედრებში არ უნდა გავიმეოროთ. შემდგომი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია და ამ თამაშებისთვის მზად ვართ" - თქვა ბაუსამ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველ პოზიციას ინარჩუნებს ურუგვაი. გამოცდილი ოსტატის, ოსკარ ტაბარესის ბიჭებმა მასტერკლასი ჩაუტარეს ვენესუელას. სამი გოლიდან არც ერთი არ გაუტანია ლუის სუარესს, მაგრამ ბარსელონელმა პირველ და მესამე შემთხვევაში ბოლო პასი გააკეთა და მონაწილეობა მიიღო მეორე გოლშიც. განსაკუთრებით ლამაზი მისი ქუსლური პასი გახლდათ, რომლითაც სუარესმა ედინსონ კავანის დუბლი გააფორმებინა.

"გუნდმა ფაქტობრივად სრულყოფილად ითამაშა და მეტის გატანაც შეგვეძლო. შედეგითა და თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ახლა მომავალ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ" - აღნიშნა ტაბარესმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასეთივე ანგარიში (3:0) დაფიქსირდა ეკვადორისა და ჩილეს შეხვედრაში. კიტოში ხუან ანტონიო პიცის გუნდმა ვერაფერი დაუპირისპირა მასპინძლებს, რომელთა რიგებშიც ვალენსიებმა გაიბრწყინეს, განსაკუთრებით კი ანტონიომ. ამ წაგების მერე, კოპა ამერიკის ზედიზედ ორჯერ მომგები ჩილე მე-7 ადგილზეა და სასურველ ხუთეულს 5 ქულით ჩამორჩება, რაც პიცის გუნდისთვის საშინელი შედეგია.

"ეს იყო კოშმარული შეხვედრა, რომლის მსგავსიც აღარ უნდა განმეორდეს. უკვე საკმარისი რაოდენობის ქულები დავკარგეთ და დროა, ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია" - განაცხადა გაბრაზებულმა პიციმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პარაგვაისა და კოლუმბიას შორის, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც ბაკასა და შეცვლაზე შემოსული კარდონას ეფექტურ კომბინაციას ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმა მოჰყვა და ხოსე პეკერმანმა საჭირო 3 ქულა აიღო.

"ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ეს დაუფასდათ, ვფიქრობ გამარჯვება გვეკუთვნოდა, რადგან მომენტები საკმარისად შევქმენით, მაგრამ ბოლო წუთამდე რეალიზაცია არ გამოგვდიოდა" - თქვა პეკერმანმა.

სამაგიეროდ, არანაირი დრამა არ ყოფილა ბრაზილია-ბოლივიას მატჩში. "სელესაო" კარგ ხასიათზე იყო, და თამაში მისდიოდა, ასეთ დროს კი ბრაზილია შეუჩერებელია.

მთავარი კაცი ნეიმარი გახლდათ, რომელმაც ნაკრებში 42-ე გოლი გაიტანა. ის 24 წლის ასაკში უკვე ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-5 ადგილზეა.

ნეიმარს ზიკო (48), რომარიო (55), რონალდო (62) და პელე (77) უსწრებენ. "ბარსას" ვარსკვლავმა გოლის გარდა ორი საგოლე პასიც გააკეთა და ერთხელ მეტოქსთვის ბურთის ფეხებშუა გაძვრენას რომ აპირებდა, ისე მოხვდა, რომ სახე სისხლით შეეღება, მაგრამ საბედნიეროდ, სერიოზულ დაზიანებას გადარჩა.

გაამართლა ტიტეს გადაწყვეტილებამაც, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ვილიანი ცოტა გადაღლილია და მის ნაცვლად ძირითადში ფილიპე კოუტინიომ უნდა ითამაშოსო. ლივერპულელი კარგი იყო, და გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ისევე, როგორც 19 წლის ვუნდერკინდმა გაბრიელ ჟესუსმა, რომელსაც იანრვიდან "სიტიში" ვიხილავთ.

თითო გოლიც ფილიპე ლუიშმა და შეცვლაზე გამოსულმა რობერტო ფირმინომ შეაგდეს. ძირითადში იყო ექსგრემიოელი, ამჟამად კი "ზენიტის" ფეხბურთელი ჟულიანო, რომელმაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

"როგორც აღვნიშნე, არის იმის მიზეზი რატომაც ფილიპე კოუტინიოს "ლივერპულის" ფანები ჯადოქარს ეძახიან. ცხადია, ადვილი გადაწყვეტილება არ გახლდათ მისი ძირითადში დაყენება და ვილიანის სათადარიგოთა სკამზე დასმა, მაგრამ ვფიქრობ, კოუტინიოს მომენტი ახლაა და მან კარგად ითამაშა.

თუმცა მინდა მთლიანად გუნდი შევაქო, რადგან ლაღად ვითამაშეთ და ყველამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე უნდა გავაგრძელოთ" - ამბობს ტიტე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეკვადორი-ჩილე 3:0
გოლები: 1:0 ა. ვალენსია (19). 2:0 კ. რამირესი (23), 3:0 კაისედო (46)

ურუგვაი-ვენესუელა 3:0
გოლები: 1:0 ლოდეირო (29), 2:0 კავანი (46), 3:0 კავანი (79)
გაძევება: ვისკარონდო (65. ჩილე)

პარაგვაი-კოლუმბია 0:1
გოლი: 0:1 კარდონა (90)

ბრაზილია-ბოლივია 5:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (11), 2:0 კოუტინიო (26), 3:0 ფილიპე ლუიში (39), 4:0 გაბრიელ ჟესუსი (44), 5:0 ფირმინო (75)

პერუ-არგენტინა 2:2
გოლები: 0:1 რამირო ფუნეს მორი (15), 1:1 გერერო (58), 1:2 იგუაინი (77), 2:2 კუევა (84-პენ.)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ურუგვაი 9 6 1 2 19-5 19
2. ბრაზილია 9 5 3 1 21-9 18
3. ეკვადორი 9 5 1 3 16-12 16
4. კოლუმბია 9 5 1 3 13-10 16
5. არგენტინა 9 4 4 1 11-8 16
6. პარაგვაი 9 3 3 3 9-12 12
7. ჩილე 9 3 2 4 13-15 11
8. პერუ 9 2 2 5 10-17 8
9. ბოლივია 9 2 1 6 9-18 7
10. ვენესუელა 9 0 2 7 9-24 2

მომდევნო ტური
12 ოქტომბერი:
ბოლივია-ეკვადორი, კოლუმბია-ურუგვაი, ჩილე-პერუ, არგენტინა-პარაგვაი, ვენესუელა-ბრაზილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული