დიდიე დეშამი: სეზონი უკვე დაიწყო

AutoSharing Option
“მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა. მან, რა თქმა უნდა, ძირითადად იმაზე ილაპარაკა, თუ როგორ ფორმაშია მისი გუნდი სეზონის დაწყებამდე, თუმცა მას უკვე მიაჩნია, რომ “სეზონი დაიწყო”...

- რა კონდიციებში ხვდება გუნდი პირველ შეკრებას?
- სეზონი ჩვენთვის უკვე დაიწყო. პირადად მე მშვენიერ ხასიათზე ვარ, იმედია, მთელი გუნდი ჩემსავით არის. მშვენივრად დავისვენეთ და ახლა როგორც წესია, ისე უნდა ვიმუშაოთ.

- როგორ შეხვდით კლუბის სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებებს?
- თქვენ კარგად მოგეხსენებათ ყველაფერი, რაც “მარსელის” თავს დატრიალდა (ივნისის
დასაწყისში პოსტებს დაემშვიდობნენ კლუბის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დასიე და აღმასრულებელი დირექტორი ანტუან ვეირა. რედ). რამდენიმე თანამდებობაზე ახალი ხალხი დაინიშნა, კლუბს სათავეში მარგარიტა ლუი დრეიფუსი და ვენსან ლაბრუინი ჩაუდგნენ, მაგრამ ამას ჩემზე გავლენა არ მოუხდენია. მე ახლაც ვალდებული ვარ გუნდთან ერთად მაქსიმალური შედეგებისთვის ვიბრძოლო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შვებულების შემდეგ გამართულ პირველ ვარჯიშს ქალბატონი პრეზიდენტი დაესწრო. ჩვენ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები ერთმანეთს გავუზიარეთ. ამას გარდა განისაზღვრა თანამდებობრივი უფლებამოსილებები ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს სტრუქტურებშია დასაქმებული. ამიერიდან ყველას ეცოდინება, თუ რა უნდა აკეთოს.

- როგორია ახლა თქვენი მოვალეობები?
- პირველ გუნდს რაც უკავშირდება, ეს ყველაფერი მეხება და პასუხისმგებლობასაც მთლიანად მე ვკისრულობ.

- თუ გრძნობთ ცვლილებებს, რაც ახალი ხალხის მოსვლამ გამოიწვია?
- თუკი შევადარებთ იმ მდგომარეობას, როგორ ვიწყებდით შარშანდელ შეკრებას, მაშინ ჩემი პასუხი იქნება “დიახ”. მწვრთნელს შეკრების დაწყების დღიდან სჭირდება ყველა ფეხბურთელი. რაც მალე, მით უკეთესი. ჩვენი ახალწვეულები უკვე ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ, ნაკრებების ფეხბურთელები კი ორშაბათს შემოგვიერთდებიან. ამის შემდეგ წვრთნა ბევრად უფრო ეფექტური იქნება და ფეხბურთელები სეზონს ერთნაირ კონდიციებში შეხვდებიან. თუკი ვინმე მზადებას მოგვიანებით დაიწყებს, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ საპატიო მიზეზის გამო მოხდება, ლაპარაკია ტრავმებზე და ასე შემდეგ. მოსამზადებელი შეკრება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

- რა შეგიძლიათ თქვათ ტრანსფერებზე?
- მე ზუსტად ვიცი, რა მიმართულებითაც უნდა განვითარდეს გუნდი. უკვე სამი ახალწვეული გვყავს, მეოთხეც დღე-დღეზე შემოგვიერთდე¬ბა. კლუბის გარშემო შექმნილი ფინანსური ვითარების შესახებ ყველაფერი ვიცი. რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ზოგიერთთან განშორება მოგვიწევს, რადგან სახელფასო ფონდი უნდა შემცირდეს. საერთო ჯამში გუნდის დაკომპლექტება გრძელდება.

- თანახმა ხართ, რომ პიერ-ანდრე ჟინიაკმა გუნდი დატოვოს?
- არა! მან რთული პირველი სეზონი გაატარა ჩვენთან, განსაკუთრებულად გაუჭირდა მას პირველი ექვსი თვის განმავლობაში. შემდეგ ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. სწორედ ამის გამო ის პირველ შეკრებას გამოტოვებს, შემდეგ კი სხვებთან ერთად მოემზადება. მას, ისევე როგორც ყველა დანარჩენს, ძირითადში მოსახვედრად კონკურენციის დაძლევა მოუწევს. თამაშის გასაუმჯობესებლად პიერ-ანდრეს დიდი შრომა მართებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული