"პარი სენ-ჟერმენი" რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" სატრანსფერო სეზონის დახურვამდე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას შეეცდება. ამის თაობაზე ფრანგული პრესა წერს.

უპირველესი სამიზნე მაღალი კლასის თავდამსხმელია. მაგალითად ისეთი, "ფიორენტინას" ლიდერი ალბერტო ჯილარდინო რომ არის. 29 წლის იტალიელი ფლორენციაში ცხოვრებით ბედნიერია, მაგრამ ლეონარდო ფიქრობს, რომ ის პარიზში უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, მით უფრო, თუკი ფრანგები მას ორმაგ ხელფასს გადაუხდიან.

ამჟამად ჯილას ანაზღაურება წელიწადში 2,5 მილიონია, პსჟ მას 3-წლიან ხელშეკრულებაში ზუსტად 15 მილიონს სთავაზობს. 15 მილიონ ევროს მიიღებს "ფიორენტინაც". წესით, ტრანსფერის საკითხი მალე უნდა მოგვარდეს, რადგან მოლაპარაკებები უკვე
დიდი ხანია, დაწყებულია.

გარდა თავდასხმისა, ლეონარდო ნახევარდაცვის გაძლიერებაზეც ზრუნავს. ის "რეალიდან" ლასანა დიარას შეძენას გეგმავს. გაზეთები წერენ, რომ სამეფო კლუბი ფეხბურთელში 20 მილიონს ითხოვს, მაგრამ ეს თანხა ლასანას მსურველებს ეძვირებათო. ვნახოთ, გაიმეტებს თუ არა ამხელა ფულს პსჟ.

"მარკა" ამტკიცებს, რომ მადრიდელებმა დიარას სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების უფლება დართეს, მან კი პარიზელებთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმაო. ესპანური ვებგვერდები აქამდე დიარათი "გალათასარაის", "იუვენტუსისა" და "ტოტენჰემის" დაინტერესების თაობაზე წერდნენ.

გუშინ "პარიზიენმა" მკითხველს პსჟ-ს თაობაზე ორი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. კლუბმა 32 წლის მცველ ზუმანა კამარას კონტრაქტი 2013 წლამდე გაუგრძელა, 18 წლის გოლკიპერ ალფონს არეოლას - 2016-მდე. იგივე "პარიზიენი" იმასაც წერს, რომ თუკი ჯილარდინოს ტრანსფერი შედგა, პარიზელები საფრანგეთის ნაკრების ფორვარდ გიიომ ოაროს "სენტ-ეტიენში" იჯარით გაუშვებენ.

ლაპარაკია იმაზეც, რომ კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის თანახმადაც "მწვანეებს" სეზონის ბოლოს ფეხბურთელის უპირატესი შესყიდვის უფლება მიენიჭებათ. სამი სეზონის განმავლობაში ოაროს პარიზელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 100-ზე ცოტა მეტი თამაში აქვს ჩატარებული, სადაც მან 30-მდე გოლი შეაგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული