საიმედო მარცხი... ვითომ?

AutoSharing Option

სხვა საფრანგეთი ულევაალზე

"საიმედო მარცხი" - ასე მონათლეს მოკლედ საფრანგეთის ნაკრების წაგება ოსლოში ნორვეგიის გუნდთან - 1:2. ლორან ბლანის დებიუტი "სამფეროვანთა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარცხიანი იყო, მაგრამ თავად მწვრთნელი, ფეხბურთელები, ფედერაციის ხელმძღვანელობა და პრესის ნაწილიც წაგების მიუხედავად იმედიანადაა. რამდენადაა მათი ოპტიმიზმი საფუძვლიანი, მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ კი, ცოტა არ იყოს, ეჭვი გვეპარება...

აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ოსლოში არ უთამაშია მუნდიალის მონაწილე 23 კაცს, რომელთაც ფედერაციამ აფრიკაში სამარცხვინო გამოსვლის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. მოკლედ, ნირვეგიაში სხვა საფრანგეთი ვიხილეთ, მწვრთნელიან-ფეხბურთელიანად, "ლე ბლეს" სანაკრებო ფორმაც

კი ახალთახალი ჰქონდა.

ფრანგები მიიჩნევენ, რომ მათმა ნაკრებმა ძალიან კარგი, შემტევი ფეხბურთი ითამაშა, ხოლო მოედნის შუახაზში ბადალი არ ჰყავდა იან მვილას. "რენის" 20 წლის ნახევარმცველმა მართლაც დაუღალავად და უშეცდომოდ ითამაშა და მომავალ სანაკრებო კარიერაზეც სერიოზული განაცხადი გააკეთა. ლორან ბლანმა გუნდი 87-იანების თაობის ბირთვით დააკომპლექტა (ოარო, სისოკო, რემი, ბენ არფა, მენეზი), რომელთაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში ჰატემ ბენ არფამ ძლიერი დარტყმით გახსნა, მაგრამ შემდეგ დაცვაში ორი შეცდომის გამო საფრანგეთის ნაკრებმა მარცხი იგემა. ჯერ ოარომ ითამაშა დაბნეულად და კონტრშეტევაზე ერიკ ჰუსეკლეპმა გაიტანა. 72-ე წუთზე კი "რეალის" ნახევარმცველმა ლასანა დიარამ უაზროდ დაკარგა ბურთი მოედნის
შუაში და კვლავ ჰუსეკლეპმა შეძლო "მონაკოს" მეკარე სტეფან რუფიეს დამწუხრება.

ლორან ბლანი: "ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. მხოლოდ შედეგია სამწუხარო. მომეწონა, თუ როგორ აკონტროლებდნენ ბიჭები ბურთს, როგორ ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს. მათ ვუთხარი კიდეც, რომ ასეთი თამაშით უკეთესი შედეგისთვის უნდა მიეღწიათ. კარგად გამოჩნდა სხვაობა ფიზიკურ მზადებაში, ვისთვისაც სეზონი უკვე დაიწყო, ისინი უკეთ არიან მზად თამაშისთვის. ევრო-2012-ის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე სამი კვირა კიდევ დარჩა და ბევრი თამაშის ნახვას მოვასწრებ და ბევრს დავაკვირდები. გეტყვით, რომ 3 სექტემბერს დღევანდელი მატჩის რამდენიმე მონაწილე იქნება ნაკრებში".

იან მვილა: "სამწუხაროა, რომ მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონდა. ხეირიანად ერთმანეთიც კი არ გაგვიცნია. მე მცველების წინ თამაში მევალებოდა და არ გამჭირვებია, რაც ლასანა დიარა გამოვიდა მოედანზე, კიდევ უფრო გამიადვილდა თამაში. როცა ბენ არფამ გაიტანა, გვეგონა, რომ საქმის მთავარი ნაწილი გავაკეთეთ, მოვეშვით და აკი დავისაჯეთ კიდეც. მწვრთნელმა თამაშის შემდეგ შეგვაქო".

ნორვეგია-საფრანგეთი 2:1
ნორვეგია (4-1-4-1):
კნუდსენი - ჰოგლი, ვაელერი (46. დემიდოვი), ჰანგელანდი, ი. რიისე - ჰაუგერი (90. იენსენი) - ჰუსეკლეპი, ბ. რიისე (67. სკიელბრედი), გრინდჰეიმი (62. სოლი), პედერსენი - აბდელაუე (46. რუუდი).
საფრანგეთი (4-3-1-2): რუფიე - ფანი, რამი, მექსე, სისოხო - სისოკო (46. ლ. დიარა), მვილა (74. კაბაიე), ნზოგბია (46. ბენ არფა) - ნასრი (79. ბრიანი) - რემი (46. მენეზი), ოარო (61. ბენზემა).
გოლები: 0:1 ბენ არფა (48), 1:1 ჰუსეკლეპი (50), 2:1 ჰუსეკლეპი (72)
მაყურებელი: 15 000

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული