"ჩელსის" ფორვარდმა ნიკოლა ანელკამ კიდევ ერთხელ, საგანგებოდ და ხაზგასმით დაადასტურა საერთაშორისო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება. ყველას ახსოვს, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ფრანგი ფორვარდი ნაკრების მაშინდელ დამრიგებელ რაიმონ დომენეკს ეჩხუბა, რასაც ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა გაფიცვა და დიდი სკანდალი მოყვა.
"საფრანგეთის ნაკრებში კარიერა ოფიციალურად დავასრულე. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ არ დავბრუნდები. 19 ივნისს ნაკრების ბანაკში ისეთი ამბები მოხდა, რომ ჩემი დაბრუნების შანსი აღარ არსებობს", - უთხრა ნიკოლამ France Soir-ს.
სავსებით ბუნებრივი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა – ანელკა 31 წლისაა, ფრანგულმა
ფედერაციამ კი ქვეყნის ალბათ უძლიერესი ფორვარდი ნაკრებიდან 18 მატჩით მოკვეთა, რაც, სულ ცოტა, ორწლიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს...