ლიგა 1. არც ბარტეზს სჯერა

AutoSharing Option
დღეს
ოსერი-კაენი 21:00
ლიონი-ვალანსიენი 21:00
მონპელიე-ნანსი 21:00
პსჟ-არლი 21:00
რენი-სოშო 21:00
ტულუზი-სენტ-ეტიენი 21:00
ლანსი-ლილი 23:00
ხვალ
ბრესტი-ლორიანი 19:00
ნიცა-ბორდო 19:00
მარსელი-მონაკო 23:00

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩად, წესითა და რიგით, მოქმედი ჩემპიონი "მარსელისა" და "მონაკოს" დაპირისპირება უნდა დაგვესახელებინა. ყოველ შემთხვევაში, ლიგის ხელმძღვანელობა სწორედ "ველოდრომზე" გასამართ შეხვედრას მიიჩნევს ტურის ეპიცენტრად, რაკი ეს თამაში, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, კვირას გვიან იწყება, ანუ ტურს აგვირგვინებს. მარსელურ-მონეგასკური დუელი ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს ფეხბურთის ქომაგებში, თანაც ამ ტურში სახელგანთქმული ჩრდილოფრანგული დერბიცაა –
"ლანსი"-"ლილი", მაგრამ ფრანგულ ფეხბურთში ძალთა დღევანდელი განლაგებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ტურის მთავარი ინტრიგა ტულუზის "ალე გაბრიელ ბიენეზე" იმალება...

მკითხველიც დაგვეთანხმება, რომ ტულუზელთა მიერ სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგები მოულოდნელზე მოულოდნელია. ალენ კასანოვას საფრანგეთის ჩემპიონობის გემო ფეხბურთელობისას გასინჯული აქვს – "მარსელში" გატარებულ თავის ერთადერთ სეზონში ამ კაცმა ოქროს მედალი მიიღო. ახლა კი, ეტყობა, იგივე მიზანი სამწვრთნელო კარიერაშიც დაისახა. კასანოვას მიერ გაწვრთნილმა "ტულუზმა" მიმდინარე ჩემპიონატში თავისი ოთხივე მატჩი მოიგო და პირველ ადგილზე უახლოეს მდევარ "რენსა" და "მონპელიესთან" ოთხქულიანი ჰანდიკაპით იმყოფება.

თუმცა, საფრანგეთში ამ გუნდს პირველობის ფავორიტად მაინც ცოტა ვინმე თუ მიიჩნევს. აი მაგალითიც. "ტულუზი" ჩემი მშობლიური გუნდია, სწორედ იქ გადავდგი ჩემი პირველი საფეხბურთო ნაბიჯები. ამდენად, ძალიან მსიამოვნებს ამ გუნდის ცხრილის სათავეში ხილვა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ტულუზელებს ადრე თუ გვიან დაქვეითება ელის, რაკი ჩემპიონატის აღიარებული ლიდერები ტემპს აუცილებლად მოუმატებენ. თუკი სასეზონო პროგნოზს მკითხავთ, ფსონს "მარსელის" ჩემპიონობაზე ჩამოვიდოდი". ეს მოსაზრება სახელგანთქმულ ფრანგ მეკარე ფაბიენ ბარტეზს ეკუთვნის და მის სიტყვებში დიდი დოზითაა რეალობა, თუმცა დღეს პირველ ადგილზე ასპროცენტიანი მაჩვენებლით სწორედ "ტულუზია", ხოლო "მარსელი" 4 მატჩში მოპოვებული 4 ქულით ცხრილის მე-10 საფეხურზეა.

დღევანდელი ლიდერის მეტოქე "სენტ-ეტიენი" იქნება, საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. "მწვანეთა" ბოლო ორი ტულუზური სტუმრობა მათთვის სავალალო შედეგით დასრულდა, ორივეჯერ მასპინძლებმა მოიგეს და საერთოდაც, სამი წელი სრულდება, რაც "სენტ-ეტიენი" თავისი დღევანდელი მეტოქის დამარცხებას ვერ ახერხებს, შინ იქნება ეს თუ გასვლაზე.

საინტერესო მომენტი: "ტულუზს" გოლკიპერი იოან პელე გამოუკეთდა და საინტერესოა, ვის ანდობს თავისი გუნდის კარს კასანოვა – პელეს თუ მატიე ვალვერდეს, რომელმაც საწყის ოთხ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. "სენტ-ეტიენის" თავკაც კრისტოფ გალტიეს კი ნაკლებად სასიამოვნო პრობლემის მოგვარება უწევს: გასულ ტურში ჰეთ-თრიქის შემსრულებელი დიმიტრი პეიე ჯანზე კი არის, მაგრამ მისი არგენტინელი მეწყვილე გონსალო ბერხესიო ტრავმირებულია და ამ უკანასკნელის მაგივრობის გაწევა ალბათ ახალგაზრდა ემანუელ რივიერს მოუწევს.

ზემოთ მარსელურ მატჩზე ვსაუბრობდით და "ველოდრომზე" მართლაც კლასიკური ფრანგული დაპირისპირება გაგრძელდება. "მარსელისა" და "მონაკოს" მეტოქეობა ნახევარ საუკენეზე და 80 მატჩზე მეტს ითვლის, ხოლო გასულ სეზონში, მიუხედავად მარსელელთა გაჩემპიონებისა, "ველოდრომზე" მონეგასკებმა იმარჯვეს. ახალი სეზონი კი დიდიე დეშანის ბიჭებმა საზიზღრად დაიწყეს – 4 ტურში უკვე ორჯერ მოასწრეს წაგება. "მონაკო" პირიქით, ჯერჯერობით დაუმარცხებელია, თუმც ვერც მოგებების სიუხვით დაიტრაბახებს. ხვალინდელი მატჩის მასპინძლებს დისკვალიფიკაციების ძალით ედუარ სისე და აბედი პელეს ვაჟი ანდრე აიეუ მოაკლდებათ, ხოლო ლეიტი ნ"დიაი, სულეიმან დიარა და ახალწვეული ფორვარდი ლოიკ რემი ტრავმირებულნი არიან. გი ლაკომბის მონეგასკურ გუნდშიც სამი ფეხბურთელია ტრავმიანი – ალონსო, ჰარუნა და ედუარდუ.

ამ პრევიუს თავში ჩრდილოური დერბი ვახსენეთ და "ლანსი"-"ლილი" საფრანგეთში მართლაც დიდ ინტერესს იწვევს. გუნდებმა სეზონი უფერულად დაიწყეს და თავს 4-4 ქულით იწონებენ. საინტერესოა, რომ ლილელებმა ჩემპიონატის ოთხივე მატჩი ფრედ დაასრულეს. ინტრიგა ისიცაა, რომ ლანსის "ფელიქს ბოლარზე" მასპინძლებს 4,5 წელია ჩრდილოური დერბი არ მოუგიათ. რაც შეეხება საკადრო სიტუაციას, ლანსელებს გრეგორი სერტიჩი ვერ დაეხმარებათ, რომელიც გუნდში "ბორდომ" ერთი წლით მიავლინა, "ლილის" ცენტრალური მცველი ორელიან შეჯუ დისკვალიფიცირებულია და მის პოზიციაზე ლანსური დებიუტი გამოცდილ ჩეხ დავიდ როზეჰნალს ელის.

უკვე გითხარით და ცხრილიდანაც ჩანს, რომ ლიდერთან ყველაზე ახლოს "მონპელიე" და "რენი" არიან. პირველი მათგანი მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით იმითაა გამორჩეული, რომ გოლი არ გაუშვია. დიახ, მონპელიელთა ახალგაზრდა კიპერმა ჟოფრეი ჟურდრანმა საკუთარი კარის მშრალად შენახვა უკვე 360 წუთის განმავლობაში მოახერხა და ამ ბრწყინვალე შედეგის გაუმჯობესებაზეც არ იტყოდა უარს. "მონპელიეს" დღევანდელი მოწინააღმდეგე "ნანსია", რომელსაც თავისი ოთხივე ქულა გასვლით მატჩებში აქვს დაგროვილი. საინტერესოა, რომ "მონპელიეს" "ნანსისთან" 2000 წლის მერე არ მოუგია.

"რენისა" და "სოშოს" მატჩი მასპინძელთა დამრიგებლისთვის საიუბილეოა – ფრედერიკ ანტონეტი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში მწვრთნელის ამპლუაში თავის მე-400 შეხვედრას ჩაატარებს. მისი გუნდი კი ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, მაგრამ ზაფხულის ბოლოს ბრეტონულმა კლუბმა თავისი წამყვანი ფორვარდები, ასამოა გიანი და ისმაელ ბანგურა გაყიდა და ჯერ კიდევ საკითხავია, რას გახდება ამ გუნდის ერთადერთი ხეირიანი შემტევი – უგო მონტანიო...

საფრანგეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი "ლიონი" "ვალანსიენს" უმასპინძლებს და სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეცდება, თუმცა გუნდში ტრავმების ეპიდემია მძვინვარებს და კლოდ პიუელს დიდ თავისტკივილად ექცა ფიქრი იმაზე, თუ ვინ გაიყვანოს სათამაშოდ დამტვრეული ედერსონის, კრისის, სისოკოს და დელგადოს ნაცვლად. ლიონელთა საბედნიეროდ, ლისანდრო ლოპესი და მიშელ ბაშტუში გამოჯანმრთელდნენ და დღეს აუცილებლად ითამაშებენ.

აი, ბოლო პირველობის მესამეადგილოსან "ოსერს" კი ძვირად დაუჯდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა – ევროტურნირებით გართული გუნდი შიდა სარბიელზე ჯერჯერობით მოგების გარეშე გამოდის და ნავსის გატეხვას დღეს შეეცდება, თანაც მშობლიურ "აბე დეშანზე" ოსერელები დღევანდელ მეტოქე "კაენთან" ფანტასტიკურ ბალანსს ინარჩუნებენ – 10 გამარჯვება, ერთი ფრე და არცერთი მარცხი!

და კიდევ "არლზეც" ვთქვათ, რომელიც ჯერჯერობით ამაოდ ცდილობს საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ ლიგაში პირველი, ისტორიული ქულის მოპოვებას. საეჭვოა, არლელებმა სატურნირო ცხრილში თავისი რომელიმე "0" სხვა ციფრით დღეს შეცვალონ – "პარკ დე პრენსზე" მოგება კი არა, ფრის მიღწევაც კი ყველას უჭირს...

1. ტულუზი     4 4 0 0 8:2 12
2. რენი            4 2 2 0 5:1 8
3. მონპელიე     4 2 2 0 2:0 8
4. სოშო            4 2 1 1 7:5 7
5. სენტ-ეტიენი 4 2 1 1 7:6 7
6. კაენი            4 2 1 1 5:5 7
7. მონაკო         4 1 3 0 4:2 6
8. ნიცა             4 1 3 0 4:3 6
9. ვალანსიენი   4 1 2 1 4:4 5
10. მარსელი     4 1 1 2 6:6 4
11. ლილი         4 0 4 0 2:2 4
12. ლორიანი    4 1 1 2 5:6 4
13. პსჟ             4 1 1 2 5:6 4
14. ბორდო       4 1 1 2 4:5 4
15. ბრესტი       4 1 1 2 3:4 4
16. ლანსი         4 1 1 2 5:7 4
17. ლიონი       4 1 1 2 3:5 4
18. ნანსი          4 1 1 2 3:7 4
19. ოსერი        4 0 3 1 4:6 3
20. არლი         4 0 0 4 2:6 0

ლელო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული