ლიგა 1. XXV ტურის წინ: დევიდ ბექჰემის დებიუტის მოლოდინში

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი კვირას, ბორდოში გაიმართება. "ტოტენჰემთან" დაღლილი და დამარცხებული "ლიონი", ხასიათის გამოსწორებას "შაბან დალმაზე" ეცდება.

რემი გარდის გუნდს ლიგა 1-ში ზედიზედ ორი მატჩი აქვს წაგებული ("აიაჩოსთან" და "ლილთან"), რის გამოც "ოლიმპიკი" პსჟ-ს უკვე 6 ქულით ჩამორჩა. მორიგი მარცხი და "ლიონს" შეუძლია ჩემპიონობაზე ოცნებას გამოეთხოვოს.

სტუმრებს ამ შეხვედრაში "ბორდოს" ყოფილი ფეხბურთელი იოან გურკუფი არ ეყოლებათ, რომელმაც ტრავმა მიიღო და დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს. სამაგიეროდ, ბრუნდება დეიან ლოვრენი, ვინც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

"აიაჩომ" "ლიონის" შემდეგ "ბორდოსაც" მოუგო, რის
გამოც ეს უკანასკნელი ახლა მეშვიდე ადგილზეა. შუა კვირაში ფრანსის ჟიოს გუნდმაც ითამაშა, თუმცა "ლიონისგან" განსხვავებით არ წააგო და კიევიდან სასურველი შედეგი წამოიღო (1:1).

ამ ტურში, შესაძლოა ურუგვაელი დიეგო როლანის სრულფასოვანი დებიუტი შედგეს - 20-წლამდელთა კოპა ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, კიევის "დინამოსთან" ცვლილებაზე გამოვიდა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.

მარსელის "ოლიმპიკი", რომელსაც აშკარად ჩავარდნის პერიოდი აქვს, "ვალანსიენს" უმასპინძლებს. ამ გუნდების დაპირისპირებისას, შეუძლებელია 1993 წლის შეხვედრა არ გავიხსენოთ, რომელსაც საბოლოოდ დიდი სკანდალი და "მარსელის" ლიგა 2-ში გაძევება მოჰყვა.

იმ შეხვედრამდე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ იმართებოდა ("მარსელმა" საბოლოოდ "მილანს" 1:0 მოუგო), "ოლიმპიკის" ფეხბურთელი ჟან-ჟაკ ეიდელი, "ვალანსიენის" სამ მოთამაშეს დაუკავშირდა, რომელთა შორის, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ფინალში გამარჯვების მომტანი გოლის გამტანი, ხორხე ბურუჩაგა იყო და მათ მატჩის დათმობა მოსთხოვა.

ის მატჩი "ოლიმპიკმა" 3:2 მოიგო, მაგრამ ეს მოგება ძალიან ძვირად დაუჯდა (1993 წლის ჩემპიონის ტიტულის ჩამორთმევა, ლიგა 2-ში დაქვეითება, ჩემპიონთა ლიგის საგზურის ჩამორთმევა).

ამჯერად, ასეთ სკანდალს არ უნდა ველოდოთ, თუმცა "მარსელი" კრიტიკულ მდგომარეობაშია და მოგება ახლაც არანაკლებ ესაჭიროება - ერთი ფეხის დაცდენა და გუნდი შესაძლოა სამეულიდან გავარდეს.

ბოლო პერიოდში არც "ვალანსიენი" ბრწყინავს, მაგრამ ამ გუნდს "მარსელთან" უკვე ხუთი შეხვედრაა არ წაუგია, პირველ წრეში კი ელი ბოპის გუნდს 4:1 მოუგო.

"მარსელს" ჯოი ბარტონი უბრუნდება, სამაგიეროდ არ იქნებიან წინა შეხვედრაში გაძევებული კასიმ აბდალა და ჯორდან აიუ. ტრავმირებულია ბენუა შეირუ, ხოლო ანდრე აიუს და რონ ფანის თამაში საეჭვოა. აფრიკის თასიდან დაბრუნებული შარლ კაბორე კი მზად არის, მაგრამ გადაღლილია და შესაძლოა თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყოს. როგორც ხედავთ, მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლმები აქვთ.

საკადრო პრობლემები არ ემუქრება "პარი სენ ჟერმენს". კარლო ანჩელოტის გუნდი ჩემპიონატში 6-ქულიანი ფორით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგაში კი სტუმრად "ვალენსიას" მოუგო (2:1) და 1/4 ფინალში გასვლის შესანიშნავი შანსიც მიიღო.

ამ ტურში, პარიზელები "სოშოს" ხვდებიან, რომელთანაც როგორც წესი არ უჭირთ (ბოლო 11 მატჩიდან პსჟ-მ 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო). სტუმრებს არ ეყოლებათ ტიაგო სილვა, ვისაც ტრავმა გაუმიზეზდა, დისკვალიფიკაცი მოიხადა ტიაგო მოტამ, მაგრამ ისიც ტრავმირებულია.

შესაძლოა ამ შეხვედრაში დევიდ ბექჰემის დებიუტი შედგეს, რომელმაც ახალ თანაგუნდელებთან ვარჯიში უკვე დაიწყო.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტური
15 თებერვალი
ლილი-რენი 2:0
გოლები: 1:0 მავინგა (26 ს.კ.), 2:0 პაიე (61)

16 თებერვალი
მარსელი-ვალანსიენი 20:00
ლორიანი-ევიანი 23:00
მონპელიე-ნანსი 23:00
ბასტია-ნიცა 23:00
ბრესტი-აიაჩო 23:00
ტულუზი-ტრუა 23:00

17 თებერვალი
ბორდო-ლიონი 17:00
რეიმსი-სტ. ეტიენი 20:00
სოშო-პსჟ 00:00

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 21 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 10 - ალესანდრინი (რენი); 9 - ალიადიერი (ლორიანი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია), ერდინჩი (რენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. პარასკევის მატჩის წინ: ტური საინტერესო მატჩით იხსნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული