"რეიმსს" საკუთარ მოედანზე ოქტომბრის შემდეგ არ ემარჯვა და საერთოდ, ბოლო 18 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება (!) ჰქონდა, ისიც სტუმრად "ნანსისთან". ოქტომბრის შემდეგ 1 მოგება, 7 ფრე და 10 წაგება – აი, ასეთ გუნდთან დამარცხდა პსჟ, რომელსაც ვერც ცვლილებაზე შემოსულმა დევიდ ბექჰემმა უშველა.
"მატჩის მოგების საკმაოდ კარგი შანსები გვქონდა. ლავეცის ეპიზოდის გარდა, იბრამ გოლიც გაიტანა, მაგრამ არბიტრებმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირეს. ეს მატჩი "სოშოსთან" გამართულ შეხვედრას ნამდვილად არ ჰგავდა, რადგან დღეს ჩვენ კონცენტრაციის ან მეტოქის დაუფასებლობის მხრივ პრობლემები არ გვქონია, უბრალოდ მოედნის საფარი იმდენაც ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ განსხვავებული სტილით, გრძელი პასებით მოგვიწია თამაშმა, რაც გახდა კიდევ ცუდი ასპარეზობის მიზეზი. საბოლოო ჯამში, ფეხბურთელებს ნამდვილად ვერ გავუბრაზდები, რადგან დღეს ჩვენ, ასე ვთქვათ, ტექნიკური სახის პრობლემა გვქონდა," – განაცხადა მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ.
კონკურენტის წაბორძიკებით ვერ ისარგებლა "ლიონმა", ვინც სტუმრად "ბრესტს" ვერ მოუგო. ანგარიში მასპინძლებმა ძალიან სწრაფად, მე-8 წუთზე გახსნეს – თავი კამელ შაფნიმ გამოიჩინა. მასპინძლები ცუდად არც ამის შემდეგ გამოიყურებოდნენ, მაგრამ "ლიონმა" ნელ-ნელა მოუმატა და უპირატესობს დაეუფლა. მეორე ნახევრის დასაწყისში, ლისანდრო ლოპესის აქტიურობის შემდეგ, ბურთი ტრიპი მაკონდას მოხვდა და მასპინძლეთა კარში აღმოჩნდა. შეხვედრის ბოლო 10 წუთში ჯერ მალბრანკს, შემდეგ კი გომისს გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ მასპინძლები გადარჩნენ. მოკლედ, რემი გარდის გუნდმა პსჟ-ს დაწევის შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან და ახლა პარიზელებს ორი ქულით ჩამორჩება.
ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს "ჟოფრუა გიშარზე". "სენტ ეტიენმა" ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა და "ნიცა" მიწასთან გაასწორა. მართალია, ბოლო დროს კლოდ პუელის გუნდიც კარგად ასპარეზობდა, მაგრამ სტუმრებს ამ შეხვედრაში სამი ლიდერი: დარიო ცვიტანიჩი, ჟერემი პიე (ტრამვების გამო) და ფაბრის აბრიელი (დისკვალიფიკაცია) არ ჰყავდათ. გასაკვირი სულაც არ არის, რომ მასპინძლებმა ანგარიში ძალიან მალე, მე-7 წუთზე გახსნეს – გოლი პენალტით პიერ-ემერიკ ობამეიანმა გაიტანა, რომელიც მოედანს უგოლოდ უკვე 7 მატჩია (ყველა ტურნირზე) არ ტოვებს.
შეხვედრის ბედის გადამწყვეტი მომენტი 24-ე წუთზე დადგა: ვალენტინ ეისერიკმა ჟერემი კლემანის წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო, კლემანმა კი ფეხი მოიტეხა, რის გამოც გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. მასპინძელთა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ერჩივნა ეს მატჩი წაეგო, ოღონდ კლემანს ასეთი სიმძიმის ტრავმა არ მიეღო. მეორე ტაიმში, მასპინძლებმა 10-კაციან "ნიცას" კიდევ სამი გოლი გაუტანეს – ერთი ბურთი იოან მოლომ გაიტანა, დუბლი კი ბრანდაომ შეასრულა. საბოლოოდ, 4:0 და "სენტ ეტიენი" დროებით მესამე ადგილზე გადავიდა. "მწვანეებმა" ბოლო 7 შეხვედრაში 19 ქულა მოაგროვეს, რაც ლიგა 1-ში საუკეთესო შედეგია.
საოცარი მატჩი მოიგო "მარსელმა", რომელიც ბოლოადგილოსან "ტრუას" მასპინძლობდა და 81-ე წუთამდე მარცხდებოდა. ფავორიტმა მატჩი სათავისოდ 2-წუთიან მონაკვეთში შემოაბრუნა - ჯერ ნკულუმ, შემდეგ კი ჟინიაკმა იოან ტურამის კარი აიღეს და "ოლიმპიკი"კვლავ მესამე ადგილზე დააბრუნეს.
რამდენიმე სიტყვა კორსიკულ დერბიზეც უნდა ვთქვათ. მასპინძლებმა ტეოფილი მაულიდას გოლის წყალობით 1:0 მოიგეს და თანაკუნძულელთან დაუმარცხებელი სერია 6-მდე გაზარდეს. მატჩის მთავარი მოვლენები კი არბიტრის მიერ დამატებულ დროში განვითარდა. იქამდე, მე-80 წუთზე, წითელი ბარათი მატიო შალმემ მიიღო, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი ("ბორდოში") ანტონი მოდესტი წააქცია და მეორე ყვითელი დაიმსახურა. 93-ე წუთზე დენის ოლიეჩმა, რომელიც ბურთს მისდევდა, გაჩერება არ ინება და კარიდან გამოსულ მიკელ ლანდროს გაშლილი ფეხი ჩაარტყა. კენიელმა, რა თქმა უნდა, წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ამ ეპიზოდს ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოჰყვა, რაც კიდევ 3 წითელ ბარათში გადაიზარდა (ჟერომ როტენი და ფლორიან ტოვენი "ბასტიადან", ბენჟამინ ანდრე "აიაჩოდან"). მოკლედ, თამაში ისეთი გამოდგა, როგორიც დერბის ეკადრება.
საფრანგეთი. ლიგა 1. XXVII ტური.
მონპელიე-რენი 2:0
გოლები: 1:0 ილტონი (75), 2:0 ს. კამარა (86).
რეიმსი-პსჟ 1:0
გოლი: 1:0 კრიხოვიაკი (64).
გაძევება: გლომბარი (60. რეიმსი).
სტ. ეტიენი-ნიცა 4:0
გოლები: 1:0 ობამეიანი (7-პენ), 2:0 ბრანდაო (60), 3:0 მოლო (70), 4:0 ბრანდაო (75).
გაძევება: ეისერიკი (24. ნიცა).
ლორიანი-ვალანსიენი 1:1
გოლები: 1:0 მონე-პაკე (4), 1:1 დანიკი (80-პენ).
სოშო-ნანსი 1:2
გოლები: 0:1 მუკანჯო (7-პენ), 0:2 ზიტე (40), 1:2 პრივატი (90).
ბასტია-აიაჩო 1:0
გოლი: 1:0 ტ. მაულიდა (47).
გაძევება: შალმე (80. აიაჩო), ოლიეჩი (90. აიაჩო), როტენი (90. ბასტია), ტოვენი (90. ბასტია), ანდრე (90. აიაჩო).
ტულუზი-ევიანი 0:0
ბრესტი-ლიონი 1:1
გოლები: 1:0 შაფნი (8), 1:1 მაკონდა (53-საკ. კარში).
მარსელი-ტრუა 2:1
გოლი: 0:1 მარკოსი (71), 1:1 ნკულუ (81), 2:1 ჟინიაკი (82).
ლილი-ბორდო 2:1
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: "აიაჩოს" – 2 ქულა
ბომბარდირები: 22 – იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 15 – ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 – ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 – ალიადიერი (ლორიანი); 10 – ალესანდრინი (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), პაიე (ლილი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXVI ტურის წინ: ყოფილი გრანდი ახლანდელის წინააღმდეგ